„საზოგაოებას კოაბიტაცია ვერ უპატიებია „ოცნებისთვის“ და უკანონო უკან დახევას აპატიებს?!“

„საზოგაოებას კოაბიტაცია ვერ უპატიებია „ოცნებისთვის“ და უკანონო უკან დახევას აპატიებს?!“

5-საათიანი მოლაპარაკების ერთადერთი კონკრეტული შედეგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის კიდევ ერთი რაუნდის გამართვაზე შეთანხმებაა. ამერიკის ელჩის რეზიდენციიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა საიდუმლოდ დატოვეს ის დეტალები, რაც დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკების თემა იყო. თუმცა ყველა მათგანი ერთხმად ამბობს, რომ პოზიციების მიახლოვება ნაწილ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა და ნაწილთან შემდეგ მოლაპარაკებაზე შეეცდებიან.

რის დათმობას აპირებს ხელისუფლება? - დიდი ალბათობით, ოპოზიციის ლიდერების საუბრიდან გამომდინარე ჩანს, რომ „ოცნება“ საარჩევნო სისტემის რეფორმასა და ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით მზადაა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას. დიდი ალბათობითმ თამარ ჟვანიასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება. თუმცა ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებთან და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირბით კვლავ პრინციპული რჩება. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი კი იმაზე ალაპარაკდა, რომ თუკი გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო, ისინი ამ გადაწყვეტილებას უკვე დამოუკიდებლად მიიღებენ.

პოზიტიური, საქმიანი და წინ გადადგმული ნაბიჯი - ასე აფასებენ ოპოზიციის და ხელისუფლების ლიდერები დახურულ მოლაპარაკებას. თუმცა, პარალელურად, სულ უფრო ნაკლები დრო რჩება მე-10 მოწვევის პარალამენტის სხდომამდე და რომელიმე მათგანს კომპრომისზე წასვლა მოუწევს.

პარტია „მოაქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ნაწილ საკითხებზე ორივე მხარე შეთანხმდა და ერთი ნაბიჯი წინ გადადგეს. ელისაშვილი ამბობს, რომ არის საკითხები, რაზეც ვერ თანხმდებიან - ხელისუფლება რაღაცეებს თმობს და რაღაცეებს ვერა.

„ჯერჯერობით ის მოცემულობა გავქვს, რომ ხელისუფლება რაღაცა საკითხებზე დათმობაზე მოდის, რაღაცა საკითხებზე არა. ფაქტორბივად, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯებია და თითქმის ბევრ საკითხზე შევთანხმდით კიდე. ვერ ვიტყვი, რომ არ იყო ნაყოფიერი საუბარი, მაგრამ შეხვედრა კიდევ იქნება. კონკრეტულად ბევრს ვერაფერზე ვისაუბრებ, მაგრამ პოზიტიურ შეხვედრად შევაფასებ“, - აცახდებს ელისაშვილი for.ge-სთან.

„პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, მოხდა თუ არა შეთანხმება. მისი თქმით, მთავარ საკითხზე ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ამაზე შეთანხმება არ არის მიღწეული.

„ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით დათმობა არ ხდება. იყო რიგი საკითხები, რის დათმობასაც „ოცნება“ აპირებს, მაგრამ მთავარ საკითხზე კვლავ პრინციპულია. ვნახოთ, მეოთხე რაუნდიც იქნება და იქაც მოხდება პოზიციების შეჯერება. მეტის თქმის უფლება ფორმატიდან გამომდინარე არ გვაქვს და ამიტომაც სხვას ვერაფერს ვიტყვი“, - აცხადებს თევდორაძე for.ge-სთან.

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნება“ შეხევდრაზე კონკრეტული წინადადებით მივიდა და გარკვეულ პუნქტებად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოზიციაზე შეჯერება მოხდა. ჯაფარიძე ამბობს, რომ 5 საათი დრო იმიტომ დასჭირდათ, რომ ყველა პუნქტი დეტალურად გაიარეს. მისი თქმით, არის რაღაცა საკითხები, რაზეც შეთანხმდნენ, თუმცა არის პუნქტები, რომელზეც ორივე მხარეს პრინციპული პოზიციები აქვს.

„ვერ მოგიყვებით კონკრეტულად რა წერია იმ პუნქტებში. მე არ მაქვს პრობლემა ღიად ვისაუბრო, მაგრამ ეს არის ელჩების სურვილი, რომ დახურული იყოს. ჩემი აზრით, დასამალი არაფერია და საზოგადოება საქმის კურსში აუცილებლად უნდა იყოს ჩაყენებული. შეთანხმებული ვართ, რომ მეოთხე რაუნდი კიდევ გაიმართოს. ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილება. 5 საათი იმიტომ დაგვჭირდა, რომ ყველაფერი პუნქტობრივად გავიარეთ. ხელისუფლება რაღაცა ნაწილზე მოდის და რაღაცა ნაწილზე პრინციპულად უარს ამბობს“, - აცხადებს ჯაფარიძე for.ge-სთან.

„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ მათმა ბოიკოტმა შედეგი გამოიღო და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზა გამოჩნდა. ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან კომპრომისული ნაბიჯი იყო გადადგმული. ეს იყო პლებისციტის თემაც. თუმცა მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.

„შემდგომ შეხვედრამდე დრო არის და ადამიანებს ტვინი იმისთვის გვაქვს, რომ ვიფიქროთ და ამ ჩიხიდან გამოსავალი ვიპოვოთ. ალბათ, ასეთი პრეცედენტი არავის ახსოვს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ხელისუფლება და ოპოზიცია დახურულ კარს მიღმა ამდენი საათი საუბრობდეს. ეს იყო საქმიანი საუბარი სხვადასხვა საკითხებზე, ხოლო ორივე მხარე ზედმეტ რიტორიკასაც კი ვერიდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ბევრი პარტია ვართ, ვაჩვენეთ, რომ ძლიერი საქართველო გვინდა. ამისთვის კი ყველა მზად ვართ. არ გვინდა, რომ ქვეყანა მუდმივად ჩიხში იყოს“, - აცხადებს ვაშაძე for.ge-სთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ დღევანდელი შეხვედრა წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება მოხდა.

არჩილ თალაკვაძის თქმითვე, ხელახალი არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება და ამასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიო პოზიცია საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირა.

„პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. ნამდვილად, ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ, გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება.

მე მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ ამ მნიშვნელოვან დიალოგს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ შევძლებთ პოზიციების უკვე ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება.

განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირეთ არაერთხელ და რასაკვირველია, ეს არ შეიცვლება, განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ გააკეთა თავისი არჩევანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვქეშ დავაყენოთ მათი არჩევანი.

შემდეგი შეხვედრის შესახებ შეთანხმება ვერ მოხდებოდა, დღევანდელი შეხვედრა რომ არ ყოფილიყო წინგადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ მოლაპარაკებაზე რამდენიმე ფაქტორი ზურგს უმყარებს, ამიტომაც დიდი ალბათობით ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება. მისი თქმით, არჩევნები ახალი ჩატარებულია და ხელახალი არჩევნების ჩატარებას საფუძველი სჭირდება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ კონსტიტუციით გაწერილია რიგგარეშე არჩევნები რა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს.

„ოპოზიციას რომ ხმების გადათვლა გაეკეთებინა და დათანხმებულიყო ხელისუფლების შეთავაზებას, ალბათ, სჯობდა. ამით თუ დაადასტურებდნენ, რომ ხმების 50%-ზე მეტი გაყალბებულია, მაშინ ხელისუფლება ვალდებული იქნებოდა ამ დათმობაზე წასულიყო. ოპოზიცია კი ამას არ დათანხმდა. „ოცნების“ ქმედება კი ახლა კანონით არის გამყარებული. ოპოზიციის მდგომარეობა კი არაფრით არ არის გამყარებული გარდა იმისა, რომ მათ ეს უნდათ. ამას ძირითადად ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ითხოვენ. არც საერთაშორისო დამკვირვებლებს და არც მთლიანად საზოგადოებას ეს არ სურს.

ხომ შეიძლება ამის სურვილი საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან იყოს, მაგრამ ასე არაა. უმრავლესობა არ თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციის მდგომარეობა არამყარი და არადამაჯერებელია. ამიტომაც პრაქტიკული შანსი იმისა, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს, არ არის. ამ ყველაფერს კი პოლიტიკური მოტივიც ემატება. „ოცნებას“, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ზურგს საკუთარი ამომრჩეველი შეაქცევს. კოაბიტაცია ვერ უპატიებიათ „ოცნებისთვის“ და უკანონო უკან დახევას არ აპატიებენ“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუ კი „ოცნება“ უკან დაიხევს, შესაძლოა დიდი დანაკარგის წინაშე აღმოჩნდეს. საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიების ლიდერების ნაწილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ოპოზიციური ლიდერების დიდ ნაწილს ამის სურვილი აქვს და ამისთვის ფულიც კარგად დახარჯეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა ლიდერებს პარლამენტში შევლა უნდათ. საკანონმდებლო ორგანო მათი ზრდის პერსპექტივაა. ფული და ენერგია დახარჯეს, ამიტომაც ახლა იქ შესვლა ყველაზე მეტად მათ უნდათ. კარგად იციან, რომ ქუჩა გათელავთ. ასე, რომ ამ პარტიებს ასეთი არჩევანი აქვთ. მათ წინ კარგი სადილი დევს, ხოლო მოიფიქრებენ თუ არა მის შეჭმამდე გრძელი სიტყვა თქვან თუ მოკლე, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ახლა „ოცნება“ იმ დათმობაზე მიდის, რომელიც მას და ქვეყანას ნაკლებად დააზიანებს.

„ოცნება“ ამ ბოლო რაუნდში პრაქტიკულად უშეცდომოდ თამაშობს. დათმობაზე მიდის, საუბრებს მართავს და ამბობს კარი ღია რჩება და შემოდით, უპირატეს მდგომარეობაში ყველას თვალში მას აყენებს. უშეცდომო ნაბიჯებია, ამით ხელისუფლება მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ კარი ოპოზიციას მან კი არ გამოუკეტა, არამედ კარი ღიააა და ოპოზიცია არ შედის. არგუმენტს იგროვებს. აი ამ დახვეწილი პოლიტიკური თამაშის გამო ბოლო დროს სულ მოგებულია. ის წავა იმ დათმობაზე რაც ევროპარლამენტარებმა ჩაუწერეს და უთხრეს, რომ გამოსასწორებელია“,-ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

 

 

romani აბსურდიც არ ერქმის იმას, რაც ხდება. უტრაკო ყარაჩოღელები და ნაგლი ფრაერები არიან სხვატკაში.
3 წლის უკან
ძია მიხო ყველაზე არასასიამოვნო ისა, რომ აღმოსავლეთიც და დასავლეთიც ხედავს თუ რა ინფანტილური აზროვნებისაა ოპოზიცია, რა დესტრუქციულია მისი მოქმედება და როგორ უჭირს არსებულ ხელისუფლებას მათთან გამკლავება ან მათი ელიმინაცია. რომ არა ჩვენი დასავლელი მეურვეები, ისევ ბატონი მიშა გვეჯდებოდა ტახტზე. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს რომ იგივე თურქმენეთისგან განსხვავებით, რომელსაც ოპოზიცია ასე ხშირად ახსენებს, ჩვენ 30 წლის დამუკიდებლობის პირობებში ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ თვითკმარად სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელსაც თავისთავის მოვლა შეუძლია. ჩვენი ინტელიგენცია კი დუმს. რატომ ვერ ვხედავთ პარლამენტში ან ცესკოში მათ გამოჩენილ წარმომადგენლებს, როგორც ეს პირველი მოწვევისას იყო?
3 წლის უკან