„გირჩში“ რა პროცესებიც მიმდინარეობს, ეს ადასტურებს, რომ პარტიობანას თამაში სერიოზულ რელსებზე ვერ გადავიდა საქართველოში“

„გირჩში“ რა პროცესებიც მიმდინარეობს, ეს ადასტურებს, რომ პარტიობანას თამაში სერიოზულ რელსებზე ვერ გადავიდა საქართველოში“

არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისის ხანა დაუდგათ ცალკეულ პარტიებს. მათ შიგნით დაძაბულობამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ ძნელია განსაზღვრა, რამ გამოიწვია ეს კრიზისი - პოლიტიკურმა, თუ ადამიანურმა ფაქტორმა?

ასე მოხდა „გირჩთან“ მიმართებითაც. მართალია, ზურა გირჩი ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ თანაპარტიელები მასთან მიმართებით არაკორექტულნი იყვნენ და დაემუქრნენ კიდეც, მაგრამ კითხვა მაინც რჩება, „გირჩში“ დაძაბულობა მართლაც სიგარეტის მოწევა-არმოწევამ და ცენზურის დაწესების მცდელობამ შეიტანა, თუ პოლიტიკურმა აზრთა სხვადასხვაობამ, მათ შორის, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხმა?

პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ, ცხადია, „გირჩში“ დაპირისპირების მიზეზად სიგარეტის მოწევის ფაქტორს ვერ განვიხილავთ, აქ სულ სხვა ფაქტორებია, მაგრამ პაატა ზაქარეიშვილი ამ დაპირისპირებაში ცუდს ვერაფერს ხედავს, მისი აზრით, მკვდარ სიტუაციას ყოველთვის ცოცხალი სიტუაცია სჯობს.

„მკვდარ სიტუაციაში არაფერი არ ხდება, მაგალითად, „ქართულ ოცნებაში“ ჩამყაყებული სიტუაცია, სტაგნაციაა, რაც ჩემთვის უფრო მიუღებელია, რადგან ის მმართველი პარტიაა. ოპოზიციაში არსებული დუღილი კი, რის შესახებაც თქვა მდინარაძემ, ძალიან კარგია. კომუნისტური პარტიის პოლიტბიურო რომ იყო, იქ, ერთი მხრივ, შევარდნაძე და გორბაჩოვი იყვნენ და, მეორე მხრივ, ლიხაჩოვი, სუსლოვი და სხვები. ანუ საბჭოთა საშინელ კომუნისტურ პარტიაშიც კი იყო შიდა გარკვეული დინებები, დისკუსიები და კამათი. ის, რომ „ქართული ოცნება“ მკვდარი ორგანოა და ყველა ერთ ადამიანს უყურებს ჯერ პირში, მერე ხელში, ეს სულაც არ არის უკეთესი გამოსავალი, ვიდრე რაც ხდება ოპოზიციაში. თანაც, ოპოზიციაში ბევრი პარტიაა. ამიტომ, რაც ხდება „გირჩში“, ან სხვაგან, შეიძლება სასიამოვნო სანახავი არ იყოს, მაგრამ ეს ცოცხალი ორგანიზმის თვისებაა. ორგანიზმი ხან ავადდება, ხან ჯანმრთელია, ცოცხალი ორგანიზმი რეაგირებს მოვლენებზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ არიან პატარ-პატარა პარტიები, რომელთა დაფინანსებაც ხელისუფლების ხელითაც ხდებოდა. როდესაც ხელისუფლება ვიღაცას აფინანსებს, ბუნებრივია, მისგან გარკვეული პოლიტიკური ამოცანების შესრულებას მოითხოვს. როგორც წესი, ეს ასე ხდება ხოლმე, მაგრამ საქართველოში ისეა არეული სიტუაცია, რომ ვერ გაიგებ, აგენტი მართავს თავის გადამბირებელს, თუ გადამბირებელი აგენტს.

„ვინ არის „გირჩი“, ვინ შექმნა იგი, ვისი კრეატურაა, ვინ აფინანსებდა „გირჩს?“ ვინმეს სჯერა, ისინი ამხელა აქციებს რომ აწყობენ, თავისით იქირავეს ოფისი და მოიპოვეს ფინანსები? ერთმანეთს კიდევ ბევრ რამეს წამოაძახებენ. რომელ მათგანს აქვს ისეთი ბიზნესი, რამე საქმე გაუკეთებიათ ოდესმე, რომ თავისი შემოსავალი ჰქონოდათ? გასაგებია, რომ „ოცნებაში“ არის ლიბერალური ფლანგი, რომელსაც თავისი დღის წესრიგი ჰქონდა იდეოლოგიიდან გამომდინარე და შეიქმნა ეს „გირჩი“. „გირჩი“ აღმოცენდა სოკოსავით, წყევლა-კრულვას არ დავიწყებ, მაგრამ მათ კისერზეა ახალგაზრდების გარყვნა და განარკომანება, ვინც კაპიკი მისცა მაგათ. მავნებლები ყოველთვის მოიძებნებიან, მაგრამ ასეთ ბინძურ მავნებლებს ვინც იყენებს, მათზეა პასუხისმგებლობა“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე for.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, ანალიტიკოსს აინტერესებს, საიდან აქვს „სტრატეგია აღმაშენებელს“ მილიონი ლარი, რომლითაც მარტო „ტვ პირველს“ გაუფორმა ხელშეკრულება? ასეთი წინასაარჩევნო კამპანია იშვიათად თუ ჰქონია ვინმეს, ყველა ტელევიზიაში ეგენი იყვნენ, უამრავი ბანერი ჰქონდათ, ამხელა ხარჯი გაიღეს. რომელი ბიზნესმენი დააფინანსებდა მათ? რა ინტერესით უნდა დააფინანსო, მაგალითად, „გირჩი“, ან „სტრატეგია აღმაშენებელი?“ რას გაგიკეთებენ, მათგან რამის გაკეთება ხომ გამორიცხულია? თანაც, ბიზნესმენები მანდ არც ერთი არ არის, ამიტომ კიდევ გამოჩნდება, ვინ დგას ამის უკან.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის აზრით, „გირჩში“ რა პროცესებიც მიმდინარეობს, ეს ადასტურებს, რომ პარტიობანას თამაში სერიოზულ რელსებზე ვერ გადავიდა საქართველოში.

„იმხელა სტატუსი გამოაქვეყნა გირჩმა ზურაბმა, რომ იქ საუბარია პირად კონფლიქტზე, თვითონვე გაერკვევიან ამაში, უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიობანას თამაში სერიოზულ რელსებზე ვერ იქნა და ვერ გადავიდა. ეს მათ არ გამოსდით. კლასიკური თვალსაზრისით, პარტია რა არის? ეს არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც მონაწილეობს ამომრჩევლის ნების ფორმირებაში და შემდეგ ამ ნებას ატარებს პოლიტიკაში. არა მგონია, „გირჩი“ მაინცდამაინც წარმატებული იყოს ამ თვალსაზრისით. თუმცა საარჩევნო შედეგები საკმაოდ სოლიდური აქვს. ზურა გირჩი ექსტრავაგანტური ადამიანია გამოხატვის ფორმითაც და შინაარსითაც. ეს რადიკალური პარტიაა და, როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების ნაწილს მოსწონს მათი ექსტრავაგანტულობა“,-აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

romani ბატონი სოსოს მიერ დასმული კითხვები სრულიად ლოგიკურია. წესით, აწყობილ სახელმწიფოში, სადაც ყველა სტრუქტურა თავის საქმეს აკეთებს, რათა სოციუმის მდგრადობა უზრუნველყოს, მენტალური მარგინალების პარტიის შექმნის ისტორია და წინაპირობა უკვე შესწავლილი, დასკვნაც დადებული და ამლაგმავი ზომების ნუსხაც შედგენილი იქნებოდა. ბოლო დროს ხშირად იხმარება რბილი ძალა, ჰიბრიდული ომი, ძირითადად, რუსეთთან მიმართებაში, თუმცა ეს მეთოდები ისეთივე ძველია და ისეთივე გავრცელებელი, როგორც პროსტიტუცია და ჟურნალისტიკა. აშშ- ში მიმდინარე პროცესებია ამის საუკეთესო მაგალითი, სადაც, გირჩის ტიპის ულტრალიბერალური, სექტის ტიპის წარმონაქმნები ლამის მეინსტრიმად იქცა. ახალმა ტექნოლოგიებმა შესძინა მათ ახალი ძალა და დატვირთვა. ამ მეთოდების გამოყენებასაც ცოდნა და პროფესიოინალიზმი უნდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენს ქვეყანაში აღნიშნულის დიდი დეფიციტია.
3 წლის უკან
romani იგივე, ოდნავი შესწორებით
ბატონი სოსოს მიერ დასმული კითხვები სრულიად ლოგიკურია. წესით, აწყობილ სახელმწიფოში, სადაც ყველა სტრუქტურა თავის საქმეს აკეთებს, რათა სოციუმის მდგრადობა უზრუნველყოს, მენტალური მარგინალების პარტიის შექმნის ისტორია და წინაპირობა უკვე შესწავლილი, დასკვნაც დადებული და ამლაგმავი ზომების ნუსხაც შედგენილი იქნებოდა. ბოლო დროს ხშირად იხმარება რბილი ძალა, ჰიბრიდული ომი, ძირითადად, რუსეთთან მიმართებაში, თუმცა ეს მეთოდები ისეთივე ძველია და ისეთივე გავრცელებელი, როგორც პროსტიტუცია და ჟურნალისტიკა. ახალმა ტექნოლოგიებმა შესძინა მათ ახალი ძალა და დატვირთვა. ამ მეთოდების გამოყენებასაც ცოდნა და პროფესიონალიზმი უნდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენს ქვეყანაში აღნიშნულის დიდი დეფიციტია.
ხოლო, „გირჩი“- ს ტიპის, ულტრალიბერალური, სექტის ტიპის წარმონაქმნები ლამის მეინსტრიმად იქცა. აშშ- ში მიმდინარე პროცესებია ამის საუკეთესო მაგალითი.
3 წლის უკან