„საქართველოში მოღვაწე ელჩებს არ სურთ, საქართველო გახლიჩონ შუაზე რუსეთმა და თურქეთმა, ისინი ხედავენ ოპოზიციის მისწრაფებას, დესტრუქცია მოაწყონ, ელჩებმა კარგად იციან, საიდან მოდის ეს დირექტივა, ცდილობენ, ოპოზიციაზე ზეგავლენა მოახდინონ, მაგრამ ოპოზიცია მათ ლანძღვაზეა გადასული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.
იქნებ, ოპოზიციურ პარტიათა უმეტესობას სურს კიდეც პარლამენტში შესვლა, უბრალოდ, ამას ვერ ამჟღავნებენ ნაცების შიშით. ზუსტად ეს იცის ხელისუფლებამ და ამითაცაა განპირობებული, რომ არც ერთი მხარე უკან არ იხევს. თქვენი აზრით, ნაცები ბლოკავენ მთლიანი ოპოზიციური სპექტრის პარლამენტში შესვლას, თუ მთლიანი ოპოზიციური სპექტრისთვის უკვე ძნელია უკან დახევა, რადგან ერთხელ უკვე ჰონორით თქვეს უარი პარლამენტში შესვლაზე?
- ოპოზიციის მიზანია, საქართველოში სიტუაცია აირიოს. ეს დირექტივა აქვთ მიღებული ძალის ცენტრიდან, საიდანაც ფული აქვთ მიღებული და უფლებაც არ აქვთ, კომპრომისზე წავიდნენ.
ეს დირექტივა კიევიდან მოდის?
- კიევი, ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი გამტარია. ფაქტობრივად, ისინი ითხოვენ, ხელისუფლებამ სუიციდი, ჰარაკირი ჩაიტაროს. ხელისუფლებას კომპრომისის საშუალებას არ აძლევენ. როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებასაც არ აქვს ბერკეტები.
ოპოზიცია ცდილობს, ჩიხში შეიყვანოს ხელისუფლება, მაგრამ საბოლოოდ თვითონვე ხომ არ აღმოჩნდებიან ჩიხში, თუკი ხელისუფლება უარს ეტყვის დაფინანსებაზე? პოლიტიკური ასპარეზი მათ აღარ ექნებათ, ქუჩის აქციების გზაც ჩაკეტილი იქნება მათთვის კორონაპანდემიის გამო.
- პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით, თუკი ხელისუფლება თავის პოზიციას დაიკავებს, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ჩიხში იქნება შესული. მეორე მხრივ, არც ხელისუფლებაა კარგ დღეში, თავისივე ნარატივიდან გამომდინარე, მას არ აწყობს ერთპარტიული პარლამენტი, ანუ ორმხრივი ჩიხია. ახლა შევეცადოთ ამ ჩიხის რაციონალიზაციას. ოპოზიცია იძახის, რომ გაყალბდა არჩევნები, თავისი მედიაიარაღებით ხალხს ტვინში უჭედავენ, თითქოს გაყალბდა არჩევნები, ამ დროს არჩევნების შედეგები არ გაუპროტესტებიათ, ვერ ვხედავთ ვერანაირ ნაბიჯებს, რეალურად დაესაბუთებინათ არჩევნების გაყალბება. რაზეა საერთოდ ლაპარაკი, როდესაც საარჩევნო კომისიებში თითოეულ ოპოზიციურ პარტიას ჰყავს თავისი წევრი, ჰყავთ თავიანთი დამკვირვებლები და წარმომადგენლები. გაყალბება შეუძლებელია, თუკი კომისიის 12-ვე წევრი ერთმანეთთან მოლაპარაკებული არ არის. ანუ გვიხატავენ ასეთ სურათს, რომ 3800 უბანზე შეითქმნენ ყველანი, კომისიის წევრები, ოპოზიცია და ხელისუფლება და კიდევ ის 6 წევრი, რომელსაც საოლქო კომისიები ნიშნავენ კონკურსის წესით. სადღაც 45 ათასი, თუ 46 ათასი ადამიანი, ყველა ესენი თურმე არიან დანაშაულებრივ შეთქმულებაში, თან ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდა მათმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, არც ნაცების, არც „პატრიოტთა ალიანსის“, არც „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელობამ. ასეთ სურათს ხატავენ. ასევე, ამბობენ, რომ მათი დამკვირვებლებიც, წარმომადგენლებიც, მედიაც შესულნი ყოფილან შეთქმულებაში, ანუ ყველა ის, ვინც მონაწილეობდა საარჩევნო პროცესში.
რეალურად, უბნის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოქმი არის საჯარო, ის ეძლევა ყველა მონაწილე პარტიას, ანუ საჯარო ხდება და იდება, როგორც საიტზე, ისე ფიზიკურად შეგიძლია გადააკოპირო, გადაიღო, ამოწერო და ა.შ. ამ 3800 უბნის ოქმი საჯაროა. ახლა ისმის კითხვა, მაშინ რა მოხდა, როგორ გაყალბდა არჩევნები? კომისიის ყველა წევრი ვალდებულია, ხელი მოაწეროს ოქმს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც დარღვევას ხედავს, განსხვავებული აზრი შეუძლია დააფიქსიროს. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ საერთოდ მთლიანად მთელ საარჩევნო პროცესში მიზერული საჩივრებია, თითქმის არ გვაქვს ეს საჩივრები. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? როგორ შეიძლება ეს აიხსნას? როგორ გაყალბდა ტოტალურად, როდესაც მათივე კომისიის წევრებმაც არ გააპროტესტეს? რა მექანიზმით გაყალბდა, იქნებ, თქვან. მე სულ იმ პოზიციაზე ვარ, როგორც მოქალაქე, რომელიც შეურაცხყოფილია ამ იდიოტიზმით, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, გადათვალონ ბიულეტენები, ხელისუფლებამ ეს საკუთარ თავზე უნდა აიღოს, მე მოვითხოვ ამას, როგორც მოქალაქე და ყველამ უნდა მოვითხოვოთ, საჯაროდ ტელევიზიით გადათვალონ ბიულეტენები, ნებისმიერი 200 უბანი აირჩიონ, ამოიღონ ბიულეტენები, ხომ არის ეს შენახული და გადათვალონ.
რატომ არ აწყობს ბიულეტენების გადათვლა ოპოზიციას?
- არ აწყობთ, გიგი უგულავამ განაცხადა, ეს იგივეა, მკვდრის გაკვეთით მკვდარი გაცოცხლდესო.
ნათელაშვილი ამბობს, რომ ვიღაცები ცელქობენ და სურთ პარლამენტში შესვლა, თუმცა არის ვერსია, რომ თავად ნათელაშვილსაც შეიძლება ჰქონდეს ეს სურვილი. ლოგიკურად, გარდა ბიზნესმენებისა, ვის უნდა აწყობდეს პარლამენტში შესვლა? თვით „ნაცმოძრაობასაც“ ხომ არ აქვს ეს სურვილი, რომელსაც 4 წლის მანძილზე შეუწყდება 13- მილიონიანი დაფინანსება?
- ნაცებისთვის 13-მილიონიანი დაფინანსება გადამწყვეტ როლს არ ასრულებს. როგორც ითქვა, მათ აქვთ თავიანთი დაფინანსების წყაროები, ნაძარცვი ფული, სამი ტელევიზიის შენახვა, იცით, რა ღირს? რამდენი სააგენტო და ახალგაზრდული მოძრაობა აქვთ კიდევ? ეს ფული ოფშორებიდან მოდის და ეს ხელისუფლება კიდევ არაფერს არ აკეთებს ამის აღსაკვეთად. თან, თვითონვე იძახიან, ნაძარცვი ფულიაო და ნაძარცვი ფულით მუშაობს ტელევიზიაო- „მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“. მარტო ნიკა გვარამიას აქვს 50 ათასი დოლარი ხელფასი.
თქვენ ძალის ოფისი ახსენეთ, რომელიც მართავს ამ პროცესებს საქართველოში. რომელი ძალები იგულისხმეთ და რა არის ამ ძალის საბოლოო მიზანი?
- ის ძალები, რომლებსაც უნდათ აქ სიტუაციის თავის სასარგებლოდ გარდატეხა. არიან ძალები მსოფლიოში, რომლებსაც მუდმივი დესტაბილიზაციის სურვილი აქვთ. ამით ისინი რაიმე კონკრეტულ გეოპოლიტიკურ მიზანს კი არ აღწევენ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, მათი გეოპოლიტიკური მიზანი ზუსტადაც არის ყველგან არეულობა, ყველგან ეროვნული სახელმწიფოს საფუძვლების მოშლა.
სოროსის ხაზს გულისხმობთ?
- რა თქმა უნდა, ეს არის არდაშვება რაიმე ტიპის დიდი წესრიგის, არდაშვება ადგილებზე რაიმე ტიპის ძალის ფორმირების წარმოქმნის, ეს არის მათი მიზანი ყველგან და ყველა ეროვნულ სახელმწიფოში. მათ კონცეფციაშია, რომ ერის, სახელმწიფოს ცნება გააქრონ, როგორც სივრცის მოწესრიგების საშუალება.
ისე, მსოფლიოშიც რაღაცები იცვლება. არავინ არ ელოდა, რომ ცნობილი „ევროპის სახალხო პარტია“ ნაცების უპირობო მხარდაჭერაზე დაფიქრდებოდა. ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაა?
- ამ ხელისუფლების სასარგებლოდ დასავლეთში სიტუაცია შეცვლილია, ჩვენ ამას ვხედავთ დასავლეთის გარკვეულ წრეებში, იმავე პომპეოს ვიზიტი ავიღოთ, ეუთო-ოდირმა, საელჩოებმა, ყველამ აღიარა არჩევნების შედეგები, მაგრამ ეს დასავლეთის ერთი სფეროა, მეორე სფეროა, რაზეც მე ვლაპარაკობ, ეს ის ძალებია, რომლებიც შეერთებულ შტატებშიც კი იმავეს აკეთებენ, რასაც საქართველოში. რაც ხდება ამერიკაში ტრამპის წინააღმდეგ, დაახლოებით იგივე ხდება აქაც, ოღონდ ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე. რა აერთიანებთ ამერიკელ დემოკრატებს და ნაცმოძრაობას? აერთიანებთ ერთიანი იდეოლოგიური გენეზისი და ერთიანი განწყობა. შევხედოთ, როგორ ჰგვანან ჩვენი მედია და თუნდაც „სიენენი“ და ამერიკის მეინსტრიმული მედიასაშუალებები. სხვათა შორის, დიდი სკანდალია იქ ატეხილი, „ვერიტასი“ ასეთი საიტია, ისინი ორი თვის განმავლობაში ჩაერთვნენ „სიენენის“ ონლაინკონფერენციებში, თუ როგორ იგეგმებოდა „სიენენის“ სარედაქციო პოლიტიკა და საოცრება მოხდა, დადასტურდა, რომ ეს არავითარი საინფორმაციო არხი არ არის და პირდაპირ ემსახურება დემოკრატებს, პირდაპირ გეგმავდნენ, ვინ ჩაეხშოთ, ვინ დაესაჯათ. ეს საოცრებაა და ზუსტად იგივეა ჩვენთანაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან არც არავინ არ მალავს ამას. ერთმანეთს ჰგვანან ტყუპის ცალებივით. ახლა ჩვენი ოპოზიციის დაშლაზე ლაპარაკობენ. ოპოზიციური ერთობა არ იშლება იქიდან გამომდინარე, რომ უფრო ძლიერ ძალას დირექტივა აქვს გაცემული. გაყალბებაზე ლაპარაკს რომ დაიწყებდნენ, ეს ყველამ წინასწარ ვიცოდით. პეპინო ბანკის გასაძარცვავად მიდისო, ანეკდოტი რომ არის, ან კიდევ, „ოპერაცია წმინდა იანუარი“. წინასწარ აცხადებდნენ, რომ დაიწყებდნენ ზუსტად ისე, როგორც დააანონსეს, იმდენად იყვნენ ამისთვის მზად და იმდენად არ იყვნენ მზად სამუშაოდ, რომ არაფერი არ გააკეთეს, მარტო იძახიან, გაყალბდა - გაყალბდაო. მედიაც მაგათია, მათ არ აინტერესებთ რეალობა, არ აინტერესებთ სიმართლე, მათთვის ეს დრომოჭმული კატეგორიებია, მათ აინტერესებთ მხოლოდ ცირკი.
სხვათა შორის, ჩვენს ხელისუფლებასაც აქვს რეალობის პიარით ჩანაცვლების ვნება და ცხვირს იმტვრევენ ხშირად ამის გამო, რადგან ხელისუფლებას ეს ყოველთვის ცუდად უტრიალდება. ეს მაგონებს გოეთეს „ფაუსტს“, მეფისტოფელი რომ ამბობს, რად გინდა, რეალურად რაღაცის მიღწევა, როცა ამის გათამაშებაც შეიძლება. საერთოდ, ეშმაკის დამახასიათებელი თვისებაა, მას სიმართლე კი არ უნდა, არამედ იმიტაცია. მე ამას ვხედავ თანამედროვე სამყაროში. ყველაფრის გაპიარება ეს უკვე მეფისტოფელის სცენარია.
ამ პოლიტიკურ- პანდემიური კრიზისის ეპოქაში ოპოზიციური სპექტრიდან რამდენიმე კაცის გადაბირება რატომ ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ მიზნის მისაღწევად?
- ბრძოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ამდენს იხდიან, იმდენს იხდიან... როგორც ჩანს, გარედან ანგარიშგასაწევი ძალისგან აქვთ მიღებული ინსტრუქცია ოპოზიციონრებს და ისინიც უყურებენ პერსპექტივას. თუ დაინახა ოპოზიციამ, რომ მათებურად ვერ ლაგდება სიტუაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ასე სწრაფად რევოლუციას ვერ მოახდენენ და შეიძლება მერე დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში, შეიძლება სხვა გზას დაადგნენ. ძალის ცენტრიდან მიღებული დირექტივის არსი რაში მდგომარეობს, რომ ეს ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, არ აქვს რესურსი, ნდობის რესურსიც ამოეწურა, ეკონომიკური პრობლემები დიდია, პანდემია ფინალური დარტყმა იქნება, ტურიზმმა და მაკროეკონომიკურმა პროექტებმა კრახი განიცადეს პანდემიის გამო. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ხელისუფლება ჩამოიშორონ, შემდეგ მოვიდნენ რევოლუციური გზით და უფრო მეტი მიიღონ, მაგრამ ამ ფიქრებში ეჭვებიც აქვთ და ამის ინდიკატორია „გირჩის“ დაშლა. „გირჩის“ დაშლით რამე მიემატა ხელისუფლებას?
ელჩების როლი როგორია? თქვენ ახსენეთ, რომ ძალის ცენტრი მართავს ამ პროცესებს, საქართველოში მოქმედი ელჩებიც ემორჩილებიან ძალის ცენტრს?
- ეჭვი გეპარებათ, რომ ელჩებს არ აქვთ ინფორმაცია ძალის ცენტრის შესახებ? ელჩები მოუწოდებენ ჩვენს ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში, რადგან ელჩები სხვა ძალას წარმოადგენენ. ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის ელჩები ისეთ ძალებს წარმოადგენენ დასავლეთში, რომელთაც არ უნდათ საქართველოში დესტაბილიზაცია. ისინი გეოპოლიტიკურად უყურებენ ამ ყველაფერს, ვერანაირ გარანტიებს ვერ გვაძლევენ ნატოს ან რაიმე სხვა ფორმით ქოლგა რომ გადაგვაფარონ, მაგრამ არც ის უნდათ, საქართველო გახლიჩონ შუაზე რუსეთმა და თურქეთმა. ეს საფრთხე არსებობს. ელჩები ხედავენ ოპოზიციის მისწრაფებას, დესტრუქცია მოაწყონ, იციან, საიდან მოდის ეს დირექტივა, ცდილობენ, ოპოზიციაზე ზეგავლენა მოახდინონ, მაგრამ ვერ ახდენენ. ოპოზიცია პირდაპირ ელჩებისა და ყველა იმ ადამიანის ლანძღვა-გინებაზე გადადის, ვინც მათ მოუწოდებს, არ არიონ სიტუაცია. ე.წ. ოპოზიციისთვის პარლამენტში შესვლა მეათეხარისხოვანია, მათ სიტუაციის არევა უნდათ. დაწყებული ჯარედ კუშნერიდან, ტრამპიდან, საფრანგეთის, გერმანიის ელჩებიდან ყველას ლანძღავენ.