ოპოზიციის თითქმის ყველა პარტიაში ბზარები გაჩნდა - პოლიტიკოსები პარლამენტში შესასვლელად ემზადებიან

ოპოზიციის თითქმის ყველა პარტიაში ბზარები გაჩნდა - პოლიტიკოსები პარლამენტში შესასვლელად ემზადებიან

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ პასუხის მოლოდინშია, ამის პარალელურად ყველა პარტიაში თითქმის შიდა დაპირისპირება დაიწყო და ბზარი გაჩნდა. რაც უფრო მცირდება დრო მე-10 მოწვევის პარალემნტის შეკრებისა, რომელიც, დიდი ალბათობით, 11 დეკემბერს ჩაინიშნება, ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება მით უფრო ღრმავდება.

საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მისსავე თანაგუნდელებთან იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო მარაქაშვილთან თანამშრომლობას აღარ აპირებს და მათი გზები გაიყო. ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიის დატოვებას არ აპირებს, თუმცა პარტიის დატოვებას არც ხვიჩია, მეგრელიშვილი და მარაქაშვილი აპირებენ. გუნდში განხეთქილების მიზეზი, ერთ-ერთი ვერსიით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხია, თუმცა ამას გირჩელები არ ადასტურებენ.

ელჩებთან შეხევდრაზე ასევე არ იმყოფებოდა ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ შეხვედრაზე არმისვლის რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა. მისი თქმით, „ლეიბორისტულ პარტიაში“ ჰქონდათ ინფორმაცია ელჩებთან შეხვედრის შესახებ, თუმცა დღეს ამ შეხვედრაზე ვერ მივიდნენ. კონკრეტულ მიზეზებს კი, რის გამო არ დაესწრო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას, გუგავა არ ასახელებს.

შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები ცალკე შეხვედრას დიპლომატებთან, გუგავა ამბობს, რომ „შესაძლებელია, ასეც მოხდეს“.

შეხვედრაზე არ მივიდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პარტიას გაცხადებული პოზიცია აქვთ და ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებენ. ინაშვილის განცხადებით, ამ დღეებში პარტიის წარმომადგენლებს ინდივიდუალური შეხვედრები ჰქონდათ როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ელჩებთან და მათ თავიანთი მოთხოვნების პაკეტი გააცნეს, სადაც გაწერილია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვს ახალ არჩევნებს და ცესკოს რეფორმირებას.

ინაშვილი ამბობს, რომ დღეს შეხვედრაზე მისულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ელჩებს მათი საერთო ხედვების პაკეტი გააცნეს, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ ძირითად ნაწილში (ცესკო-ს რეფორმირება და ახალი არჩევნების დანიშვნა) ეთანხმება. თუმცა, როგორც ინაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე პარტია დიპლომატებთან შეხვედრას ინდივიდუალურ რეჟიმში ამჯობინებს.

ასევე არავის გამორჩენია ის ფაქტი, რომ ელჩებთან გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე „ნაციოანლური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე არ იმყოფებოდა. ის ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზეც არ მისულა. კობა ნაყოფია ამბობს, რომ ვაშაძესა და პარტიის წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს და ის შეხვედრაზე იმიტომ არ იყო, რომ სხვა ელჩებს ხვდებოდა. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ელჩებზე საუბრობდა.

ამ ყველაფრის გათვალსიწინებით for.ge-სთან ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკოსების ნაწილმა, პარტიისგან დამოუკიდებლად პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება მიიღონ. მათი აზრით, სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ელჩებთან მათ დამოუკიდებლად მოლაპარაკებები გადაწყვიტეს. მათი ვარაუდია, რომ რამდენიმე ადამიანი პარლამენტში მაინც შევა და ოპოზიციის ერთობა საბოლოოდ გატყდება.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა შვიდმა პარტიამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობით მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით. კონსულტაციებისთვის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გაიმართა. ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, სადაც დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნები არ შეცვლილა. ისევ რიგგარეშე არჩევნებს, ცესკოს ადმინისტრაციის სრულ ცვლილებას და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. თუმცა ანალიტიკოსები for.ge-სთან აცხადებენ, რომ რაც უფრო შემცირდება დრო პარალამენტის პირველი სხდომის ჩატარებისა, ორივე მხარე პოზიციებს მით უფრო შეარბილებს. ახლა ნერვების ომი მიდის და ვისაც მეტი ნებისყოფა ექნება, ის გაიმარჯვებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიციაში პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და პარლამენტის სხდომა რაც უფრო ახლოვდება, ეს დაპირისპირება მით უფრო მწვავდება. ძაბირაძე აცხადებს, რომ ცალკეული პიროვნებები შესაძლოა, პარლამენტში აღმოჩდნენ და ამის ნიშნები უკვე კარგად გამოჩნდა. მისი აზირთ, ის შიდა პარტიული დაპირისპირებები, რაც უკვე ღიად ჩნდება, სწორედ ამ მიზეზით ხდება.

„არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში შევიდეს „პატრიოტთა ალიანსი“ და ფაქტი უკვე სახეზეა, რომ მან ხელი არ მოაწერა ოპოზიციის საერთო შეთანხმებას, რომელიც ელჩებს გადასცეს. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ შალვა ნათელაშვილიც შევიდეს. ისიც ელჩების შეხვედრას არ ესწრებოდა. როგორც ჩანს, მან გარკვეული ორჭოფობა დაიწყო. შესვლა უნდა „გირჩის“ წევრების ნაწილს და მაინც მგონია, რომ მათი დაპირისპირება ამ თემას ეხება.

ასევე ვხედავთ „ლელოს“, „მოქალაქეებს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, ვხედავთ, რომ ნაციოანლებშიც აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირებაა. გრიგოლ ვაშაძემ და სალომე სამადაშვილმა ამაზე ღია პოზიციებიც დააფიქსირეს. რა თქმა უნდა, ნათელაშვილს და ინაშვილს სხვა მოთხოვნები და პირობები ექნება უკვე პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ. ამიტომაც ბზარები პარტიებში გაჩნდება. ეს გასაკვირი არაა და სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, თუ 11-დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტი ისე შეიკრიბა, რომ არაფერი შეთანხმება არ მოხდა“, - აცახდებს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუ ეს პირობები რიგგაგრეშე არჩევნები არ იყო, „ოცნება“ კონკრეტულ პოლიტიკსოებთან ცალკეულ მოლაპარაკებებს გამართავს. ძაბირაძის აზრით, 7-მდე დეპუტატი მაინც იქნება, რომლებიც პარლამენტში შეიძლება შევიდეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლა ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში აღმოჩდებიან არა პარტიები, არამედ ცალკეული პოლიტიკოსები.

„ასევე გასაკვირი არც ის არის, რომ „ოცნება“ ცაკეულ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებს მართავდეს. ამას მსჯელობა რად უნდა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ასეთ შემთხვევაში გადადგამს ამ ნაბიჯს, რომ პარალელურ რეჟიმში კულუარული მოლაპარაკება ჰქონდეს. ხელისუფლება, ბუნებრივია, ეცდება პარლამენტში პარტიები შეიყვანოს, ხოლო თუ ეს არ გამოუვა, მაშინ მოლაპარაკებებს ცალკეულ პირებთანაც დაიწყებს. ასე გულხელდაკრეფილი არ იჯდება“, - აცხადებს for.ge-სთან ძაბირაძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცახდებს, რომ თუ ოპოზიცია საბოლოო ჯამში ვერ მიიღებს იმას, რასაც „ოცნებისგან“ ითხოვს, მაშინ პარლამენტში არ უნდა შევიდეს. მისი განცხადებით, თუკი ოპოზიცია ყველანაირი წინაპირობის გარეშე ამას იზამს, მაშინ ის სრულიად გაბანკროტდება. იგივე სიტუაცია მოხდება იმ პოლიტიკოსების მიმართაც, რომელთა ნაწილიც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს.

ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ისინი როგორც პოლიტიკოსები გაკოტრდებიან და 2024 წლისთვის მათი ადგილი პოლიტიკაში აღარ იქნება. თუ შესვლა უნდათ, მაშინ ეს ერთნაირად უნდა გააკეთონ და საკუთარ ამომრჩეველს დაუკონკრეტონ და აუხსნან ამას რისთვის აკეთებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე ყოველდღე მათ დაცინვაში იქნება.

„მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს. ისინი პარლამენტში ან ერთად უნდა შევიდნენ ან ერთად არ უნდა შევიდნენ. სხვა მხრივ არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცას შესვლა უნდოდეს. ვინც ცალ-ცალკე შევა, ის როგორც პოლიტიკოსი „დაიწვება“. ეს მოხდა შევარდნაძის და სააკაშვილის დროს. ახლაც იგივე იქნება, ვინც შევა ოპოზიციის გარეშე, ის როგორც პოლიტიკოსი სამომავლოდ პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრება. არ მგონია, რომ თავისი მომავალი ერთ-ორ ადგილს უნდა შესწირონ. ახლა „ოცნება“ ცდილობს, რომ თავისი თავი გადაარჩინოს და როცა ოპოზიციას ეუბნება პარლამენტში შემოდიო, მათი დარდი სულაც არ აქვს. მთავარია, რომ ის პარლამენტში მარტო არ იყოს.

რაც შეეხება ელჩების პოზიციას, რომ ისინი ოპოზიციას სთხოვენ პარლამენტში შესვლას, ეს ლოგიკურია. ელჩი და უცხოელი რომ ვიყო, ოპოზიციის განცხადებებს მეც არ დავიჯერებდი. ელჩების პოზიციაა, რომ პარლამენტი აირჩა, ამიტომ ოპოზიციამ მათი აზრით, ნება უნდა იბოძოს და შევიდეს. ელჩები მათ თამამად ვერ დაელეპარაკებიან. ეს მათი მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მხარდაჭერა იქნება. ელჩებს არა აქვთ უფლება, რომ ოპოზიციას უკარნხონ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, თუმცა მათი სრულიად ესმით“, - აცხადებს for.ge-სთან პაატა ზაქარეიშვილი.

ძია მიხო დასავლეთის ელჩებს უნდათ, რომ სახელმწიფო, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში იცნეს და რომლის ტერიტორიულ მთლიანობასაც ისინი აღირებენ, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდეს და არ დაიშალოს, რაც მათ დამატებით თავსატეხს გაუჩენდა. სწორედ იგივე უნდოდა რუსეთსაც 2007 წლამდე, სანამ რუსეთში არ დარწმუნდნენ, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდა მათთვის მტრულ სახელმწიფოდ, რომ ქვეყნის ნატოში შესვლა გარდაუვალია და ვიდრე ეს მოხდებოდეს საჭიროა მისი დანაწევრება, რასაც მოჰყვა აგვისტოს ომი. მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზა ბატონმა მიშამ პუტინს - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამიბრუნე და ნატოში შესვლაზე უარს ვიტყვიო. მას (და არა მარტო მას) ჰგონია, რომ პუტინს შეუძლია თავის ნებაზე შეიყვანოს ან გამოიყვანოს აფხაზეთი ან ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში. ეხლა რუსეთიც და დასავლეთიც უყურებენ შედგება თუ არა საქართველო როგორც სახელმწიფო ახალ საზღვრებში, მოახერხებს თუ არა ის ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციას და თავის დიდ და პატარა ჩრდილოელ მეზობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას, რაც იგივე დასავლეთის წარმომადგენლების განცხადებით, მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სასიკეთო ცვლილებები ამ მხრივ მაინცდამაინც არ შეიმჩნევა.
3 წლის უკან