სომხეთი ეუთოს მოუწოდებს, თურქეთზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ანკარამ სამხრეთ კავკასიიდან თავისი სამხედროები და უცხოელი მებრძოლები გაიყვანოს

სომხეთი ეუთოს მოუწოდებს, თურქეთზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ანკარამ სამხრეთ კავკასიიდან თავისი სამხედროები და უცხოელი მებრძოლები გაიყვანოს

სომხეთი ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, თურქეთზე ზეწოლა განახორციელონ, რათა ოფიციალურმა ანკარამ სამხრეთ კავკასიიდან თავისი სამხედროები და უცხოელი მებრძოლები გაიყვანოს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არა აივაზიანმა განაცხადა.

„ეუთოს ყველა წევრ სახელმწიფოს მოვუწოდებთ, განაგრძონ თურქეთზე ზეწოლის განხორციელება, რათა მან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან და სამხრეთ კავკასიიდან თავისი შეიარაღებული ძალები და ტერორისტული დაჯგუფებები გაიყვანოს. კონფლიქტის ზონიდან უცხოელი მებრძოლების გაყვანის ნიშნებს ჯერ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.