„ჩინოვნიკს არ გააჩნია იმდენი ცოდნა, მართოს ქვეყნის ეკონომიკა, ამ საქმეში მეცნიერები უნდა ჩაერთონ“

„ჩინოვნიკს არ გააჩნია იმდენი ცოდნა, მართოს ქვეყნის ეკონომიკა, ამ საქმეში მეცნიერები უნდა ჩაერთონ“

კორონავირუსი ქვეყნის ეკონომიკას გადაეჯაჭვა და ამის გამო 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაც გაიწირა. რისი გამოსწორება შეიძლება მეორე ლოკდაუნის მოხსნის შემდეგ, ამის შესახებ for.ge-ს საბანკო სფეროს ექსპერტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა ესაუბრა.

რა შედეგს მოიტანს მეორე ლოკდაუნი და ხომ არ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა დაუცველი იქნება მანამ, სანამ ვირუსი არ დაგვანებებს თავს?

- არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის კოვიდ-19-ის გავრცელებამ სერიოზული ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. ეკონომიკური ვარდნა განსაკუთრებით საგრძნობია ჩვენისთანა დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც ისედაც არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა იყო. საგულისხმოა ის გარემოება, რომ უკვე მთავრობამაც აღიარა და ეს აღიარება ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. თუ თვალებში არ ჩავხედეთ ფაქტებს, მათ ვერ გავუმკლავდებით. ჯერჯერობით მთავრობას არ გააჩნია არანაირი გეგმა იმისთვის, როგორ შეძლებს ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის ამოყვანას. ყველა ის ზომა, რომელიც მიღებულ იქნა როგორც გაზაფხულზე, ასევე, დღეს პანდემიის შესაჩერებლად, ნაკარნახევია საზღვარგარეთიდან. მანამ, სანამ ქვეყანაში ვირუსის გამო ასეთი მძიმე სიტუაცია იქნება, უკეთესი შედეგის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. საქართველოში ეს განპირობებულია მხოლოდ ერთი ფაქტორით, რომ ქვეყნის მთავრობა ვერ ერევა გაზრდილი პაციენტების მოვლას. ერთი მხრივ, პრობლემები გააჩნიათ სამედიცინო მომსახურების სფეროსთან, მეორე მხრივ, ეს პრობლემები იწვევს ეკონომიკური პრობლემების გაჩენას. დღეს რაც ხდება, ეს ყველაფერი ქვეყნის მთავრობის წინდაუხედაობის შედეგია.

მედიკოსები ამბობენ, რომ ლოკდაუნის მოხსნის შემდეგ ისევ კორონა დაგვხვდება, მაგრამ აღარც ჯანდაცვა გვექნება, აღარც ეკონომიკა. რა პერსპექტივა გველის სამომავლოდ?

- რა თქმა უნდა, მძიმე პერიოდი გაივლის. თუ ამ მძიმე პერიოდს არ გადაყვა ჩვენი მოსახლეობის ხანშიშესული კატეგორია და ასეთია მთელი მოსახლეობის დაახლოებით 25%, ჩვენ ამ სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგით გამოვალთ. ის ციფრები, რომლებსაც ახლა სტატისტიკის სამსახური დაითვლის და შემზარავი იქნება, სინამდვილეში, არც ისე კატასტროფულია ჩვენი ეკონომიკის გადმოსახედიდან, რადგან ჩვენი ეკონომიკა ყოველთვის სუსტი და არაეფექტური იყო. შესაბამისად, ჩვენში არსებული პრობლემების დაძლევა შესაძლებელია, თანაც სწრაფად არის ეს შესაძლებელი და ამის ერთადერთი რეცეპტია მთავრობის მიერ იმის შეგნება, რომ ჩინოვნიკს არ გააჩნია იმდენი ცოდნა, მართოს ქვეყნის ეკონომიკა და აუცილებელია ეკონომიკური სფეროს მეცნიერთა, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთა მოზიდვა, მათგან სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ანაზღაურებადი იქნება, ანუ მეცნიერებს ექნებათ სტიმული, რომ იმუშაონ. სწორედ მათი რეკომენდაციების საფუძველზე უნდა გაატაროს მთავრობამ სწორი, მიზანდასახული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს. ვიმეორებ, ეს შეიძლება სწრაფად გაკეთდეს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ძალიან პატარაა და მისი მოვლა ძალიან ადვილია, თუკი იცი, რა უნდა გააკეთო.

წინა ლოკდაუნმა, პირველ რიგში, საშუალო და მცირე ბიზნესს დაარტყა. ახლა რომ გამოვალთ მეორე ლოკდაუნიდან, პირველ რიგში, რას უნდა მიხედონ?

- როდესაც შემოგაქვს შეზღუდვები, აუცილებლად უნდა გქონდეს გააზრებული, რა მოჰყვება ამ შეზღუდვებს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო მოხმარების ვარდნა. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული შემოსავლის მქონე ადამიანები ამცირებენ მოხმარებას და, ვისაც შემოსავალი არ აქვს, ისედაც ნულზე რჩება. ანუ, როდესაც მოხმარება მცირდება ქვეყნის ეკონომიკაში, ამისთვის საგანგებო ზომებია გასატარებელი და, პირველ რიგში, ეს უნდა გაატაროს ფინანსური სფეროს მარეგულირებელმა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. ეროვნულმა ბანკმა უნდა დასწიოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ახლანდელი 8%-იანი მძიმე განაკვეთი უნდა შეამციროს 3%-მდე მაინც. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ეროვნულმა ბანკმა ხელი შეუწყოს კომერციულ ბანკებს, იმუშაონ დაბალ საპროცენტო განაკვეთზე, ეს არის აუცილებელი პირობა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. მესამე და მნიშვნელოვანი, აუცილებლად გადასახედია საგადასახადო პოლიტიკა, შემსუბუქება უნდა მიეცეს არა მარტო მეწარმე პირებს, როგორც ეს წინა წლებში მოხდა, არამედ ფიზიკურ პირებსაც კი. ისეთი დრაკონული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ახლა გააჩნია ფიზიკურ პირებს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენთან მხოლოდ ფულს იხდი და არავითარი შეღავათი არ გაგაჩნია გადასახადების თვალსაზრისით, არადა, სხვა ქვეყნებში შეღავათების რაოდენობა ძალიან დიდია.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა შეზღუდვების „ფასს“ აკონტროლებს, კრიტიკულ ციფრებზე საუბარი არ არის და ეს იქნება 0,7-0,8%, თუმცა ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი ეკონომიკა 6-7%-ით იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. როგორი იქნება ეკონომიკის ვარდნა?

- ვარდნა იქნება უფრო მეტი, ჩემი ვარაუდით, არანაკლებ 10%-ისა, მაგრამ გააჩნია, რა ციფრებს დახატავს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მათი ციფრების ნდობა ბოლომდე არ შეიძლება ისევე, როგორც ის ხატავს ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც რეალობაში ბევრად უფრო მაღალია და ჩვენ ამას ვგრძნობთ ფასებით. შესაბამისად, დიდი ვარდნის პირობებში ყოველთვის შესაძლებელია, მოხდეს საქართველოში არსებული ყველა რესურსის მობილიზება იმისთვის, რომ დაიქოქოს ეკონომიკა. ამ პროცესს მარტო მთავრობა ვერ მოერევა. ჩინოვნიკს არ აქვს იმდენი ცოდნა, ეფექტურად მართოს ეკონომიკა, რომელიც კრიზისში იმყოფება. როდესაც ეკონომიკა სტაბილურად ფუნქციონირებს, მისი მართვა არ არის პრობლემა. კრიზისიდან გამოყვანაა პრობლემა. ჩემს მიერ ჩამოთვლილი ღონისძიებები ეს არის დიდ ღონისძიებათა კომპლექსის პატარა ნაწილი. ამითაც კი შეიძლებოდა ზაფხულის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის წინ წაწევა. მაშინ ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, რომელიც დღეს გაგვაჩნია. ეს ლოკდაუნიც იძულებითი ფორმაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა უბრალოდ ამოწყდებოდა. ჩვენი სამედიცინო სფერო ვერ ერევა ამოდენა მოსახლეობის მკურნალობას. გარდა ამისა, ეს ფსიქოლოგიური მომენტიცაა, როდესაც მოსახლეობა ხედავს, რომ მთავრობას არ აინტერესებს მისი ჯანმრთელობა, არ ზრუნავს მასზე, იმატებს სოციალური დაძაბულობის გრადუსი და უკვე მეორე არჩევნებს კი აღარ მოითხოვს ხალხი, არამედ მოითხოვს პირდაპირ მთავრობის გადადგომას.

არ ფიქრობთ, რომ ორი თვის განმავლობაში სახლში ჩაკეტვისა და უმუშევრობის გამო შეიძლება უფრო მეტი აგრესია წამოვიდეს მოსახლეობისგან?

- საქართველოს მოსახლეობა ძალზე სპეციფიკური და ძალიან ბევრის ამტანია, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, მაგრამ ყველაფერს გააჩნია თავისი ზღვარი. ჩვენს მოსახლეობას პატიების უდიდესი უნარი გააჩნია და თავის ცუდ მდგომარეობას, პირველ რიგში, აბრალებს საკუთარ თავს და არა ჩამოყალიბებულ სისტემას.

 

 

Aburjga Tasmanieli ქვეყნის ეკონომიკა რომ მართო ჯერ ქვეყანა უნდა იყოს! ქავეყანა ვერ შედგა თავს მოხვეული დემოკრატიული რეჟიმის დამკვიდრების პროცესისი გამო! და ვერც შედგება, სამწუხაროდ! რაც უფრო ჩქარა ვიტყვით უარს დემოკრატიიის სახელმწიფო იდეოლოგიად დანერგვის მცდელობაზე, მით მეტი შანსი გვექნება საერთოდ საქართველო გადარჩეს!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ქვეყნის ეკონომიკა რომ მართო ჯერ ქვეყანა უნდა იყოს! ქავეყანა ვერ შედგა თავს მოხვეული დემოკრატიული რეჟიმის დამკვიდრების პროცესისი გამო! და ვერც შედგება, სამწუხაროდ! რაც უფრო ჩქარა ვიტყვით უარს დემოკრატიიის სახელმწიფო იდეოლოგიად დანერგვის მცდელობაზე, მით მეტი შანსი გვექნება საქართველო საერთოდ გადარჩეს!
3 წლის უკან
kolxi ჰო, "მეცნიერები" ხომ ვარსკვლავებს წყვიტავთ, თქვენმა მზემ:):)))
3 წლის უკან
kolxi ზუსტად თქვენი ბრალია რაც ხდება ქვეყანაში, ბევრი არა მაგრამ ხომ არის ინსტიტუტები, აკადემიები, უნივერსიტეტები, ინსტიტუტები და ა.შ. გინახიათ რამე ქვეყნისათვის სასარგებლო ინიციატივა წამოსულიყო მათგან?!
ჰოდა ჯერ დაჯექით რაღაც მოიაზრეთ და მიაწოდეთ ერს, მერე ვნახოთ ივარგებს თუ არა თქვენი ნააზრევი, ოღონდ რეალური უნდა იყოს და არა ჰაერიდან მოტანილი და ვიღაცის ინტერესების შესაბამისი...
3 წლის უკან