დონალდ ტრამპი: „დემოკრატები“ ისე მოქმედებდნენ, თითქოს უკვე იცოდნენ არჩევნების შედეგები

დონალდ ტრამპი: „დემოკრატები“ ისე მოქმედებდნენ, თითქოს უკვე იცოდნენ არჩევნების შედეგები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა კანონიერი ხმა უნდა დაითვალონ.

„საკონსტიტუციო პროცესი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ დავიცავთ არჩევნების პატიოსნებას, ვუზრუნველვყოფთ, რომ ყველა კანონიერი ბიულეტენი დაითვალონ, ხოლო არაკანონიერი ბიულეტენები კი გათვალისწინებული არ იყოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევნების სისტემის დაცვას აპირებს. მისივე თქმით, ის არჩევნებში დაფიქსირებული მაქინაციებისა და თაღლითობის გამოაშკარავებას აპირებს.

„დემოკრატები“ ისე მოქმედებდნენ, თითქოს უკვე იცოდნენ არჩევნების შედეგები. როგორც ჩანს, ყველაფერი უზრუნველყოფილი ჰქონდათ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

2 დეკემბერს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში ისეთი მასშტაბის ფალსიფიცირება ვერ გამოავლინა, რაც ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა.

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნერბში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.