ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესების განახლებას პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ოპოზიციის განცხადებით, ეს ფაქტი უშუალოდ იმას უკავშირდება, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. ხელისუფლება ცდილობს, შური სწორედ ამ გზით იძიოს და დაიწყოს დაჭერების სერია. შესაბამისად, ოპოზიცია აიძულოს საკანონდებლო ორგანოში შევიდეს.
გარკვეული პროტესტის შემდეგ, დაახლოებით 24 საათში, საქალაქო სასამართლომ პოზიცია შეცვალა და პროცესი გადადო. მიზეზად კორონავირუსის პანდემია დასახელდა, თუმცა, გაჩნდა მოსაზრება, რომ სწორედ ამ აჟიოტაჟის ჩასახშობად მოხდა სასამართლო პროცესების გადადება.
საქმე ეხება რამდენიმე საქმეს, კერძოდ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლო 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავება. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების საკითხზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
კიდევ ერთი საქმე „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას ეხება, რომელსაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
მათი სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით იყო დანიშნული. თუმცა, ოთხივე მათგანის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მათ სასამართლოდან დაუკავშირდნენ და განუმარტეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ახალი რეგულაციების გამო, სხდომები გაურკვეველი ვადით გადაიდო.
იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია For.ge-სთან არ გამორიცხავს დაჭერების სერია დაიწყოს. მისი თქმით, ქართული სასამართლო იმიჯი შელახულია და საზოგადოების ნდობა ამ ორგანოს მიმართ, პრაქტიკულად არ არსებობს.
„გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნებისგან,“ რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ყოველგვარი სიავე, - ტარიფების მომატება, ცხოვრების გაძვირება და დაჭერებიც. ისინი შეეცდებიან ანგარიში გაუსწორონ მოწინააღმდეგებს ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფით.
რაც უფრო მეტი იქნება პროტესტი, მით მეტი იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი რეპრესიული პოლიტიკა არ გაუვიდეს „ქართულ ოცნებას.“ ყველაფერი შესაძლებელია, რადგან ეს არის ცოცხალი პროცესი. ვინ როგორ მოიქცევა იმის მიხედვით მოხდება მოვლენების განვითარება. წინასწარ რაიმეს განსაზღრა რთულია, რადგან საქმე გვაქვს სრულიად არაპროგნოზირებად, განუჭვრეტელ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ მოქმედებს კანონზომიერებების მიხედვით.
ჩვენი გამოძიების და პროკურატურის პირობებში, არანაირი სამართლიანი საფუძვლით არ შეიძლება რაიმე ვივარაუდოთ. პირიქით - სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მათ შორის საქმეთა აღძვრა-გამოძიება და პირების პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად, არაფერს გამოვრიცხავ“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ For.ge-სთან.
კიდევ ერთი იურისტის, ლევან ალაფიშვილის თქმით, სასამართლოს მიმართ უნდობლობა არსებობს. თუმცა, For.ge-სთან აღნიშნავს, სასამართლო პროცესის დანიშვნა არ ნიშნავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, რადგან ეს პროცესი ერთ სხდომაში ვერ დასრულდება.
„არსებული პოლიტიკური, სოციალური და გნებავთ ეკონომიკური მძიმე ფონის კვალობაზე, ნებისმიერი ასეთი მგრძნობიარე საკითხი, რაც ასევე დაკავშირებულია სასამართლოსთან, რომლის ნდობაც საკმაოდ შერყეულია, ბუნებრივია, წარმოშობს გარკვეულ შიშებს სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს განცხადებები გასაგებია.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასამართლო განხილვა არ დამთვარდება ერთ თვეში და ერთ სხდომაში. სასამართლო სხდომის ჩანიშვნა არ ნიშნავს, რომ ერთ სხდომაში დამთავრდება ან გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს ვიღაცა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩაინიშნა სხდომები, გასაგებია შიშები, მაგრამ არ არის საფუძვლიანი“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მოსალოდნელია და მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დაჭერებიც. როგორც მან For.ge-სთან აღნიშნა, მოსალოდნელია არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.
„სავსებით შესაძლებელია, რომ ეს პროცესები გაიმართოს. პრობლემა ის გახლავთ, რომ დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში სერიოზული ეჭვი არსებობს. მთელი რიგი გადაწყვეტილებების საფუძველი მეტწილად პოლიტიკური იქნება, ვიდრე სამართლებრივი.
არ არის გამორიცხული, რომ ამ სასამართლო პროცესების განახლება იმასთანაც იყოს დაკავშირებული, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ For.ge-სთან.