დონალდ ტრამპის ადვოკატი, რუდი ჯულიანი და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის უფროსი იურიდიული მრჩეველი, ჯენა ელისი აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც უილიამ ბარმა აღნიშნა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება ვერ გამოავლინა.
„გენერალური პროკურორის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, უნდა განვაცხადოთ, რომ იუსტიციის დეპარტამენტს გამოძიების მსგავსი არაფერი ჩაუტარებია. ჩვენ სულ მცირე ექვს შტატში ხმის არაკანონიერად მიცემის უამრავი მტკიცებულება შევაგროვეთ. იუსტიციის დეპარტამენტმა ეს მტკიცებულებები არ შეისწავლა. უამრავი მოწმე გვყავს, რომლებიც ფიცის ქვეშ აცხადებენ, რომ ფალსიფიცირების შემთხვევების მოწმეები გახდნენ. როგორც ვიცით, იუსტიციის დეპარტამენტს არც ერთი მოწმე არ დაუკითხავს“, - განაცხადეს აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატებმა.
რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნერბში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.