„შეუსრულებადი მოთხოვნები სპეციალურადაა წამოყენებული, მაქვს განცდა, რომ ვიღაცას ჩიხი უნდა“

„შეუსრულებადი მოთხოვნები სპეციალურადაა წამოყენებული, მაქვს განცდა, რომ ვიღაცას ჩიხი უნდა“

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელებს შორის მორიგი შეხვედრა უნდა ჩატარდეს, თუმცა, ჯერ უცნობია, როდის გაიმართება მხარეებს შორის მესამე რაუნდი. ამჯერად, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეხვდნენ. შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა, რომლის შემდეგაც ოპოზიციონერმა ლიდერებმა გარკვეული განმარტება გააკეთეს, თუმცა, საუბრის დეტალები არ გაუხმაურებიათ.

ოპოზიციისთვის უცნობია, ხელისუფლებასთან მორიგი შეხვედრა საერთოდ გაიმართება თუ არა. ოპოზიციის მოთხოვნები იგივე რჩება და როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, გარკვეულ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ For.ge-სთან აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა წინამოსამზადებელი იყო. მისივე თქმით, ოპოზიცია მესამე რაუნდს ელოდება, თუმცა, გოცირიძისთვის უცნობია, როდის ჩატარდება მორიგი შეხვედრა.

„ეს იყო მესამე რაუნდის წინა მოსამზადებელი შეხვედრა. კიდევ ერთხელ იქნა განხილული მხარეების პოზიციები. „ნაციონალური მოძრაობის“ პრინციპები უცვლელია: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, საარჩევნო სისტემის რეფორმა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ჯერ საჯაროდ რაიმე შემოთავაზება „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ყოფილა. მესამე რაუნდზე გამოჩნდება, თუ რამდენად არიან მზად კომპრომისებისათვის და აქვთ თუ არა უნარი და პასუხისმგებლობა შექმნილი მძიმე კრიზისიდან გამოსვლისა“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხოლოდ მცირე კომენტარებით შემოიფარგლნენ. როგორც კობა ნაყოფიამ განაცხადა, არ იცის, გაიმართება თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.

„კონსულტაციისთვის მოვედით. დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. მესამე რაუნდი არ ვიცი, გაიმართება თუ არა“, - განაცხადა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მათ თავიანთი მოსაზრებების გაცნობა სთხოვეს.

„არ იცით, რატომ მოვედით? გვთხოვეს მოსვლა და გავაჟღერეთ ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა გავაკეთოთ?“, – განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება აშშ-ის ელჩს, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები ვერ შესრულდება, რადგან ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. იგი ფიქრობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ისეთ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება რეალურად შეუძლებელია, განგებ აჟღერებენ, რომ მიზეზი ჰქონდეს დესტრუქციული ნაბიჯების გადასადგემალად.

„ოპოზიციას შეეძლო სხვა მოთხოვნები ჩამოეყალიბებინა, უფრო რეალისტური. ვამდელი არჩევნების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს აქვს გარკვეულ პირობებში. ანალოგიური საკანონდებლო მოტივაციური ბაზა არ აქვს სხვა მოთხოვნებსაც. შესაბამისად, ამ მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია.

არ არის გამორიცხული, რომ სპეციალურადაა შეუსრულებადი მოთხოვნები წამოყენებული, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდეს. თუ ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ პარლამენტის ფორმატში გააგრძელოს მოღვაწეობა, ალბათ, ეს სირთულეები გაქრება. მაქვს განცდა, რომ ვიღაცას უნდა ჩიხი. არსებობს შესაძლებლობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ იმ საკითხების დამუშავებაზე, რომელიც ოპოზიციისთვის აქტუალურია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი დარჩება, თუმცა, საჭიროა კომპრომისის გამონახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მორიგი შეხვედრაც შეთანხმების გარეშე დასრულდება.

„ნაცმოძრაობა“ ალბათ, დარჩება თავისი პრინციპების ერთგული და უარს განაცხადებს პარლამენტში შესვლაზე. ელჩები ცდილობენ ოპიზიციონერი ლიდერები დაარწმუნონ, რომ შევიდნენ პარლამენტში. შესაბამისად, მოთხოვნებიც იგივეა - ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რადგან გაყალბდა და შეიცვალოს ადმინისტრაცია.

რატომღაც მოსალოდნელი არაა, რომ რაიმე რადიკალურ გარღვევებს ჰქონდეს ადგილი. ამ შემთხვევაში კონკრეტული წინადადება რომ იყოს, რა პირობებში უნდა შევიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში და რა უნდა დათმოს ხელისუფლებამ, უკეთესი იქნებოდა.

რომელიმე მხარემ უნდა დათმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა იქნება. აგებს ხელისუფლება, რადგან მას პრობლემა ექმნება განახორციელოს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება. ძალიან ბევრი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ხასიათის კაზუსს აქვს ადგილი და საერთო ჯამში, სირთულე წარმოიშვება ქვეყნის წინაშე. ან ერთმა უნდა დათმოს ან მეორემ. დაველოდოთ ვის უფრო უმტყუნებს ნერვები. ვნახოთ ვინ იქნება კონსტრუქციული. დათმობა სისუსტეს არ ნიშნავს, ეს კონსტრუქციულობაა“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

 

mamago ეს კიდევ შენიღბული ჩიტია!
3 წლის უკან