(იბეჭდება შემოკლებით)
მიშა მაჭავარიანი აქტიურმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ ბევრ საკითხში ერთობ შეცვალა, მაგრამ ცაში არ ფარფატებს და მიწიერ სიამოვნებებს არ იკლებს...
- ფრთხილი გავხდი. სანამ ნაბიჯს გადავდგამ, 1000-ჯერ ვზომავ. ისეთი იმპულსური აღარ ვარ, როგორც ადრე ვიყავი. მაგალითისთვის თუნდაც ეს ბოლო ინციდენტი შეიძლება დავასახელო. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ყველანაირი ადამიანური შეურაცხყოფა მომაყენეს. ვინც კაცია, ის ჩემს საქციელს გაიგებს.
ვიღაცა რომ ოთხკუთხედს თუ რაღაც ფერს მეძახის, პასუხი არ გავცე? კი, შეიძლება თქვა გიჟია, იძახოს რაც უნდაო, მაგრამ ასე არ არის. რატომ უნდა თქვას ჩემზე ვიღაცამ, რაღაცა უწოდეს და ამას ვერაფერიც ვერ უქნიაო?
ადრინდელთან შედარებით თქვენი მატერიალური მდგომარეობა უნდა შეცვლილიყო. როგორია თქვენი დღევანდელი შემოსავალი?
- ვთვლი, რომ ჩემი შემოსავალი და მთლიანად ოჯახისაც ნორმალურია. ეს თანხა წელიწადში 15 000 ლარამდე შეადგენს. ეს თანხა ოჯახის სარჩენად გვყოფნის და ცოტა დანაზოგიც გვაქვს.
ოჯახში თანხის ძირითადი შემომტანი მე ვარ. ამ თანხიდან 10 000 ლარამდე ჩემი შემოსავალია. მეუღლე „აიეტი-ტივიში“ მუშაობს და წელიწადში 4 000-4 500 ლარი გამოსდის, დანარჩენი დედის შემოსავალია. ის ბიბლიოთეკის გამგეა ენათმეცნიერების ინსტიტუტში.
ჩემი ბინა, რუსთაველზე, დეკლარაციაში 40 000 ლარად შევაფასე. მეუღლის ბინაში საცხოვრებელი პირობები არ არის, რემონტს ვაკეთებთ. ბოლომდე, ალბათ, ვერ დავამთავრებთ, მაგრამ, მირჩევნია ნელა გაკეთდეს და კარგად, ვიდრე სწრაფად და ერთჯერადად.
საბანკო ანგარიშზე რამდენი გაქვთ?
- არანაირი საბანკო ანგარიში, აგარაკი არ მაქვს. მაქვს მიწის ნაკვეთი საჩხერის რაიონში, სოფელ ჭორვილაში და ერთოთახიანი ბინა. დიღმის ტერიტორიაზეც მაქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში მუშაობის დროს ავიღე და დედას აქვს გარდაბნის რაიონში, მსხალდიდში მიწის ნაკვეთი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიიდან მისცეს.
სულ ეს არის ჩემი ავლადიდება. ძალიანაც მინდა, მეტი მქონდეს... თუ ვინმე მაჩუქებს, პირდაპირ ვამბობ, უარს არ ვიტყვი.
ამ პოლიტიკოსებს სულ ჩუქებაზე გიჭირავთ თვალი.
- მჩუქნიან და რა ვქნა? მაგალითად, ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი ნაჩუქარი ტანსაცმელი დამიგროვდა, კომოდის ერთი უჯრა სავსე მაქვს ახალი პერანგებით, ამიტომ ტანსაცმლის ყიდვა თითქმის არ მიწევს. სხვათა შორის, მობილური ტელეფონი არასოდეს მიყიდია, სულ ნაჩუქარი მაქვს.