სომხეთის პრეზიდენტი ქვეყნის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

სომხეთის პრეზიდენტი ქვეყნის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე ქვეყნის მთავრობა უნდა გადადგეს. განცხადება არმენ სარგსიანმა მოსკოვში რუსულ დიასპორასთან შეხვედრისას გააკეთა.

„ასეთი რყევების შემდეგ ნებისმიერმა მთავრობამ მანდატი ხელახლა უნდა მოიპოვოს. საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2 წლის წინ გვქონდა. მაშინ სომხეთი სხვა ქვეყანა იყო, დღეს კი სრულებით სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას. სირთულეები გვაქვს ეკონომიკაში, ჯანდაცვაში. ქვეყანამ დიდი დანაკარგი და ზარალი განიცადა ყარაბაღის ომის შედეგად. დაზარალებულ ოჯახებს სჭირდებათ დახმარება“, - აღნიშნა სარგსიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას 10 ნოემბერს დათანხმდა, რის გამოც მას აზერბაიჯანთან კაპიტულაციაში სდებენ ბრალს და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.