აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების გაკეთების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აქციის ჩატარების შესაძლებლობას სწავლობს, რომელზეც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ერთ-ერთ ვარიანტად აქციის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ჩატარება განიხილება.
10 ნოემბერს საინფორმაციო პორტალმა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს. როგორც Axios-ი აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგის მიუხედავად, დონალდ ტრამპს „რესპუბლიკური პარტიის“ შიგნით დიდი გავლენა ექნება.
ბოლო მონაცემებით, ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა 80 033 996 ხმა მიიღეს, ხოლო დონალდ ტრამპმა და მაიკ პენსმა - 73 878 907 ხმა.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება. აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება.