რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. შეხვედრის შემდეგ, რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც თითქოსდა შეხვედრის მთავარ საკითხებსა და შინაარსის დეტალებს შეიცავდა. მსგავსი რამ კრემლის მხრიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის შემდეგ, მოსკოვი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ცდილობს, აქედან გარკვეული სარგებელი მიიღოს.
როგორც შემდეგ ზურაბ აბაშიძემ განმარტა, შეხვედრაზე გასული წლის მოვლენები ნახსენები არც კი ყოფილა და ეს რუსეთის მხრიდან ინტერპრეტაციაა. მისივე განცხადებით, ორმხრივი მზაობა არ ყოფილა არც „ქართველი ნაციონალისტური ჯგუფების მიერ, ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დაძლევის მიმართულებით“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებზე აზრთა დეტალური გაცვლა მოხდა. მათივე ცნობით, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში ვკითხულობთ:
„უწყება, როგორც წესი, თავს იკავებს გამართული შეხვედრების კომენტირებისაგან, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ ფორმატი თავისი ხასიათით არაფორმალურია და მის ფარგლებში განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემატიკა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების დასაწყისში მხარეები აფიქსირებენ პოზიციებს სხვადასახვა აქტუალურ თემებზე, მათი განხილვა ან მით უმეტეს მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
ზურაბ აბაშიძემ For.ge-სთან დამატებით კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოში რუსოფობიური განწყობა არ არსებობს და მოსკოვის მხრიდან ადგილი აქვს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.
„რუსოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით ჩვენ რუს კოლეგებს ასეთ პასუხს ვაძლევ ხოლმე: მილიონობით რუსი ტურისტი შემოდიოდა საქართველოში, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე მათგანი ყოფილიყო რუსოფობიური გამოხტომების მსხვერპლი. ასე რომ, ეს არასწორია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ For.ge-სთან.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ზურაბ აბაშიძეს კარგად იცნობს, იგი ძალიან ფრთხილი და წინდახედული დიპლომატია. მისივე თქმით, საქართველოში გარკვეული წრეების მხრიდან ადგილი ჰქონდა „ისტერიას,“ რაც მისთვის მიუღებელია. რაც შეეხება რუსეთის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას, ცინცაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ არსებობს და ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულებას კრიტიკას უწოდებს.
„ზურაბ აბაშიძე პროფესიონალი დიპლომატია. იმდენად ფრთხილია, რომ არავითარ შემთხვევაში, ის განცხადება, რაც მას რუსეთმა მიაწერა, არ იტყოდა. თუ ასეთი ფონი დაყვება შეხვედრას და რუსეთის მხრიდან საუბრის გაყალბებას აქვს ადგილი, ჩვენი მხრიდან კი ამაზე ისტერიკას, ასეთ შემთხვევაში ეს შეხვედრა არაფერს მოიტანს. ნუ დავივიწყებთ იმას, რომ არცთუ ისეთი მაგარი ძაფი გვაკავშირებს რუსეთთან საქმიან ურთიერთობაში. აბაშიძე-კარასინის ფორმატი პატარა ხვრელია. თუ ამასაც ასე დაუდევრად მოვეპყრობით, მივიღებთ იმ რეალობას, რომლითაც ჯერ კაცობრიობის ისტორიაში არასდროს უსარგებლია.
რასაკვირველია, რუსეთი აგრესორია, თუმცა, მეორე მხრივ, დიპლომატიის ხელოვნება იმით განსხვავდება დილეტანტიზმისაგან, ასეთ შემთხვევაშიც კი, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ფორმატი საქართველოს სასარგებლოდ. ეს არის ის მინიმალური, რაც შესაძლებელია. წარსულში იმდენი შეცდომა დავუშვით, რომ დღეს გვიწევს ამ შეცდომების შედეგების მომკვა. ხელი უნდა შევუწყოთ ამ ფორმატის ეფექტურობას. ყოფით დონეზე საქართველოში რუსოფობია არ არსებობს. პოლიტიკური რუსოფობია ეს სიტუაციურია, რადგან ამ რეალობაში რუსეთი იქცევა ისე, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ავლენს კრიტიკულ დამოკიდებულებას. რიგით მოსახლეობაში რუსი ხალხისადმი რუსოფობია არ არსებობს. ქართველი ხალხისთვის ეს დამახასიათებელი არაა.
ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება მცდარია, რადგან ოპოზიციამ უნდა ეძებოს სიტუაციის ნორმალიზაციის გზები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთი უფრო ერთგულებდეს სეპარატისტებს, ვიდრე საქართველოსთან ჰქონდეს საქმიანი თანამშრომლობის სურვილი. რუსეთი ბუნებრივად აგრესორია, ეს მისი კოდი და გენია. რუსეთთან ურთიერთობა რთულია, მაგრამ აუცილებელია. ჩვენ რომ უკვე ნატოს წევრი ვიყოთ ან ამერიკასთან გვქონდეს ისეთი ხელშეკრულებები, როგორიც აქვს მაგალითად ისრაელს, სამხრეთ კორეას, იაპონიას, მაშინ სულ სხვა რეალობა იქნებოდა. მაშინ მხოლოდ ის გვექნებოდა სადარდებელი, სად ვნახოთ რუსეთის ბაზრის ალტერნატივა. თუმცა, ჩვენ დღეს სამხედრო მოკავშირე არ გვყავს. აბაშიძე-კარასინის ფორმატი უფრო სერიოზულ მიდგომას საჭიროებს“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს არაკორექტულ მიდგომას. რაც შეეხება რუსეთის უწყების განცხადებას, რუსოფობია საქართველოში არ არსებობს, თუმცა, ოპოზიციური ძალების განცხადებები და მიდგომები უფრო მეტ დაფიქრებას საჭიროებს.
„ეს ღონისძიება ამ წუთში არაფრის მომტანი არ არის, რადგან ეს დასრულდა რაიმე საკითხის გადაწყვეტის გარეშე. თუმცა, თუკი ჩვენ ის გვაინტერესებს, რას ნიშნავს რუსული მიდგომა ამ ღონისძიებისადმი, ეს არის სრულიად არაკორექტული და მორალურად გაუმართლებელი მიდგომა. საქართველოში არავითარი რუსოფობიური განწყობები არ არსებობს. არავინ არავის ერჩის, თუკი, ის ადამიანი, რუსი იქნება თუ სხვა ეროვნების, იცავს საყოველთაოდ მიღებულ წესებს. განცხადების ეს ნაწილი მიმაჩნია რუსული დემაგოგიის გაგრძელებად, რომელიც მისი მხრიდან ხშირად გვესმის.
შესაძლებელია, ვიღაცას სურს, რომ ჩვენ შორის სიტუაცია დაიძაბოს, გართულდეს, უკიდურეს გამწვავდებამდეც კი მივიდეს, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენებით ამის გაკეთება სცილდება ყოველგვარ მორალურ განზომილებას. ეს ის თემაა, რომელსაც სჭირდება სერიოზული დაფიქრება. რატომ აკეთებს ყოველივე ამას ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსი? - მართლაც სჯერა, რომ რაიმე პრობლემა აქვს საქართველოს, თუ მის პოლიტიკურ ინტერესებშია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დაიძაბოს?! - ეს საკითხი საჭიროებს მეტ დაფიქრებას“ - განაცხადა ირაკლი მენაღაშვილმა For.ge-სთან.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ჟენევის მორიგი რაუნდი, არაერთგზის გადადების შემდეგ, დაგეგმილია 10-11 დეკემბერს.