„ამ არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღეთ ტექნოკრატიული პარლამენტი რომელსაც ფუნქციონირების შანსი არ აქვს“

„ამ არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღეთ ტექნოკრატიული პარლამენტი რომელსაც ფუნქციონირების შანსი არ აქვს“

„ამ არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღეთ ტექნოკრატიული პარლამენტი რომელსაც ფუნქციონირების შანსი არ აქვს“,-აცხადებს for.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.

არა მარტო ხელისუფლება, არამედ ცალკეული ანალიტიკოსებიც თვითდაჯერებას არ კარგავენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს და სხვა გამოსავალი მხოლოდ რევოლუციაა. სადამდე გაგრძელდება ნერვების ომი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის?

- მე ცოტა განსხვავებული ხედვა მაქვს და ვფიქრობ, სიხისტეს და ჯიუტობას ავლენს მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობა მართებს ასეთ მძიმე გეოსტრატეგიულ ფონზე. დღემდე გრძელდება კრიმინალური სიტუაცია, მძევლების აყვანა თუნდაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, უკვე ტრაგიკომიკური სიტუაციაა, თანაც, რატომღაც ეს ყველაფერი ხდება პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოვლენების წინ, ბადრი ესებუას ტერაქტი დაემთხვა პირველი არჩევნების წინა პერიოდს, შემდეგ კი მეორე ტურის წინ ხდება ასეთი რამ. არ ვიცი, ეს დამთხვევაა თუ არა, ვერ გაარკვევ, ასეთი ქმედებები ვის ინტერესშია. ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა“ და ახლანდელი „ქართული ოცნება“ უკვე ერთი და იგივეა. ჩვენ გვაქვს ორთავიანი მინოტავრი, ურჩხული, რომელსაც უკვე ორი თავი აქვს - „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. ასე ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და პარლამენტის ფარგლებში გააგრძელონ მუშაობა, რათა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ფაქტობრივად, ვადამდელი არჩევნების საკითხი უკვე რეალურია. ეს არჩევნები უკვე ჩაფლავდა, ამას აღიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, აირაი-მ დადო დასკვნა, რომ კონსტიტუციასა და დემოკრატიას არ შეესაბამებოდა ეს არჩევნები. პომპეომაც გარკვეული მესიჯები დააფიქსირა.

თუმცა ამერიკელებს არ ესმით, რატომ უნდა მოეწყოს ქუჩის აქციები და რატომ არ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში.

- გასაგებია, ამერიკაში სულ სხვა პოლიტიკური სიტუაციაა, ამერიკელებმა უკვე თვითონვე შეიგრძნეს, რას ნიშნავს ქუჩური პოლიტიკა, ის ძალადობა, რაც მოჰყვა ფლოიდის მკვლელობას, როცა ამერიკის ქუჩები ანარქიზმმა მოიცვა, ეს კრიზისი ამერიკელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს და ახლა ჩვენ, როგორც სტრატეგიულ მეგობრებს, გვაფრთხილებენ, რომ ის სიტუაცია, რაც ამერიკის ქუჩებში იყო, არ განმეორდეს საქართველოში. ვეთანხმები ბოიკოტს, ვიზიარებ, რომ არჩევნები გაყალბდა, ასე არჩევნების ჩატარება არ შეიძლება, ჩვენ რომ ვებრძოდით მიხეილ სააკაშვილის ტირანიას და ავტორიტარული რეჟიმს, არ უნდა გაემეორებინა ეს ამ ხელისუფლებას, თორემ მეორე ტირანიის წინაშე ვდგავართ, ჰიბრიდული ავტორიტარიზმი გვიახლოვდება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ტირანი - სააკაშვილის გუნდი, თუ დღევანდელი მმართველი პარტია. იმედია, მმართველი პოლიტიკური ლიდერშიპი მოეგება გონს. ელემენტარულად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის კეთილგონიერების იმედი მაქვს, რომელიც, როგორც ჩანს, ამ პროცესებში არ ერევა. ბიძინა ივანიშვილი სულ სხვა გაქანების პოლიტიკოსია, მან კრიტიკულ სიტუაციაში მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთო ბრძოლაში და მისი დიდი დამსახურება იყო სააკაშვილის ტირანიის დამხობა. კი ბატონო, ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა საჭირო დროს დაამარცხა სააკაშვილის ტირანია, რომელიც კიდევ რჩება აჩრდილად ჩვენს პოლიტიკურ არენაზე. ამიტომ ბატონი ბიძინა უნდა ჩაერიოს ამ არჩევნების საქმეში და ის კლანი, რომელიც მმართველ პოლიტიკურ პარტიას დაეპატრონა, უკან გასწიოს.

კობახიძეს გულისხმობთ?

- ვგულისხმობ ყველას, მე იქ ნორმალურ ადამიანს ვეღარ ვხედავ, ერთი, შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილი იყოს ძველი გუნდიდან დარჩენილი, სხვა არავინ ვიცი. ამიტომ ისევ ბიძინა ივანიშვილის ჩარევის იმედი მაქვს, თორემ შეიძლება პასუხისმგებლობა მერე მასზეც გადავიდეს. გინდაც, კობახიძის კლანი დავარქვათ, გინდაც კობახიძის გუნდი, დღეს ეს კაცი ხისტ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. კობახიძემ ერთხელ უკვე მიიყვანა საქართველო სერიოზულ სახელმწიფო კრიზისამდეც კი, გავრილოვის ღამე მის კისერზეა და კიდევ გამოჰყავთ, ბოდიში და, ეს ბურატინოს სინდრომით დაავადებული ადამიანი. დღეს ცერემონიალის დრო დასრულდა, ჩვენ გვაქვს ოთხი უმსხვილესი კრიზისი, ერთი გეოსტრატეგიული, რომელიც უმძიმესია, ჩვენ ალყაშემორტყმული ვართ ჩვენი მტრის მიერ, მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანში მეოთხე სამხედრო ბაზა უკვე გამოჩნდა, თურქეთისა და რუსეთის დღევანდელი ალიანსი პირდაპირ ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოა. მეორე, ეს არის პოლიტიკური ღრმა კრიზისი, რომელიც შეიძლება დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს. მესამე, ამას სოციალური კრიზისი ემატება, ფასები ისე მაღლა მიდის, რომ აღშფოთებულმა ხალხის მასამ შეიძლება ყველაფერი წალეკოს. მეოთხე, ეს არის საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი, საქართველო არის ფინანსური დეფოლტის წინაშე.

ცალკეული ექსპერტები და პოლიტიკოსები ე.წ. შერიგების ფორმულებს გვთავაზობენ. ამ ფორმულებში თუ ხედავთ გამოსავალს?

- უნდა მოხდეს კონსენსუსი, ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა გაძევებულ იქნას და შეიქმნას ახალი საარჩევნო კომისია, რომელიც პარიტეტულ საწყისზე უნდა დაკომპლექტდეს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიღონ ამაში მონაწილეობა, უნდა მოხდეს იმ კანონების მიღება, რომელიც გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღება. სახელმწიფო ბიუჯეტი კიდევ სხვა პრობლემაა, ეს უფრო გაართულებს ლარის კურსს.

ტექნიკური მთავრობის ფორმირებას რაც შეეხება, ვისგან უნდა დაკომპლექტდეს?

- ტექნიკურ მთავრობას არ ექნება პოლიტიკური უფლებამოსილება. ფაქტობრივად, დღეს ისედაც ტექნიკური მთავრობა გვყავს. ტექნიკურმა მთავრობამ აპრილამდე ან მაისამდე უნდა უზრუნველყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც უფრო პატიოსან გარემოში ჩატარდება. შეიძლება, ასევე, შეიქმნას პარლამენტში არსებული ეროვნული თანხმობის კომისია, რომელიც განახორციელებს ტექნიკური მთავრობის ზედამხედველობას, მიღებულ იქნება ის საკანონმდებლო პაკეტები, რომლებიც საჭიროა, რომ საარჩევნო სისტემა მოერგოს დემოკრატიული არჩევნების მოდელს და გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შედგეს.

ეროვნული თანხმობის კომიტეტში ნაცების როლი როგორ გესახებათ, რადგან მათ მიჰყავთ „პარადი“.

- ვერ ვიტყვი, რომ ნაცებს მიჰყავთ „პარადი“, იქ არიან ჩვენი ღირსეული თანამებრძოლები. ავიღოთ თუნდაც „პატრიოტთა ალიანსი“, ალეკო ელისაშვილი, „ლელო“, „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები, რომლებიც ებრძოდნენ იმ ტირანიას. ეს ადამიანები უფრო მესიმპათიურებიან, ვიდრე ნაცები და ევრონაცები. თვითონ ევრონაცებსაც აქვთ გარკვეული კითხვები სააკაშვილთან და ნაცისტებთან, მით უმეტეს, ევრონაცებმა ყველაზე დაბალი შედეგი მიიღეს ამ არჩევნებზე. ეს არის მათი პოლიტიკური გაერთიანების კრახი.

თქვენ საკუთარ თანამებრძოლად თვლით ლევან გოგიჩაიშვილს, ის გაემიჯნა იმ საპროტესტო აქციას, სადაც ნაცები იდგნენ.

- ბუნებრივია, ლევანის სულისკვეთებას სრულად ვემხრობი. ამ არჩევნებზეც პროტესტის ნიშნად არ მივდივარ და ვაკრიტიკებ.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის შეიძლება შედეგი დადგეს.

- ახლა მთავარია, პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს. როგორ დაიძლევა, არ აქვს ამას კონკრეტული მნიშვნელობა. ჯერ კიდევ მაისში ვამბობდი, რომ ეს არჩევნები დასრულდებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით. სამწუხაროდ, ეს პროგნოზი გამართლდა. პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს, რომ მოხდება ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია. ეს პარლამენტი უკვე ტექნიკურია. თუკი ოპოზიცია გააგრძელებს ბოიკოტს და არ შევა პარლამენტში, უკვე ამ პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს ჩახსნილი. მალე სამართლებრივი პრობლემაც დადგება, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში. ხოლო, თუ შევა ოპოზიცია პარლამენტში, ამ პარლამენტს მაინც ექნება ტექნიკური ფუნქციები, ვიდრე პოლიტიკური მოვალეობები. ანუ არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღეთ ტექნოკრატიული პარლამენტი, რომელსაც ფუნქციონირების შანსი არ აქვს. ამიტომ უნდა ავირჩიოთ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი, რომელსაც მეტი პოლიტიკური ბერკეტი ექნება, ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. ტექნიკური მთავრობა შეიძლება კარგი არ არის, მაგრამ ოპტიმალური ვარიანტია.

თუკი ახალმა ცენტრალურმა კომისიამ ისევ ვერ შეძლო არჩევნების სამართლიანად წარმართვა?

- მაშინ მასაც დაეკარგება ლეგიტიმაცია. „ნაცმოძრაობა“ რომ დასაშლელი პარტიაა, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომაც არ მივდივარ და არ ვდგავარ იმ საპროტესტო აქციაზე, სადაც ნაციონალები არიან. „ნაცმოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ მე რა მინდა. ჩემი პოლიტიკური პატიმრის სტატუსი გავანიავო და გავაცამტვერო ნაცებთან დგომით? ეს ჩემს პირად და პოლიტიკურ ღირსებას შეურაცხყოფს. ჩემს პოლიტიკურ სტატუსს არ მივაყენებ შეურაცხყოფას. ლევან გოგიჩაიშვილის პოზიციაც ამიტომ მომწონს. ირმა ინაშვილის პოზიციაც მოსაწონია, ის მკაცრად აკრიტიკებდა „ოცნებას“, მაგრამ იმ საპროტესტო აქციაზე არ დგას, სადაც ნაციონალები არიან.

Maverick აი ამ კუთხით საკითხის დასმაში ვეთანხმები ვახტანგ მაისაიას!
3 წლის უკან
maia dadia "თურმე ამ კარგსაც ქვეყანა,ზოგჯერ ფეხებზე ჰკიდია" სამწუხაროა!
3 წლის უკან