„საშობაო და საახალწლო პერიოდი პანდემიისას ყველაზე სახიფათოა“, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კრომ.
„ჩვენს ქვეყანაში ათასობით ოჯახს სახლში მაგიდასთან ერთი სკამი მაინც აქვს თავისუფალი. ეს ცარიელი სკამი ეკუთვნით მათ, ვინც პანდემიის დროს კორონავირუსმა იმსხვერპლა.
პირდაპირ გეტყვით, მე არ მინდა მომავალ შობას უფრო მეტი ცარიელი სკამი იყოს ჩვენს მაგიდასთან და ეს მოხდეს იმის გამო, რომ დღეს არ გავაკეთეთ ის, რაც საჭიროა და ვერ შევაფასეთ სათანადოდ რისკები თუ საფრთხეები.
საშობაო და საახალწლო პერიოდი პანდემიისას ყველაზე სახიფათოა და ძალიან არ მინდა, რომ მეტი ტკივილი მიაყენოს ჩვენს თანამოქალაქეებს”, - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
ბელგიის მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით სააკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის წინ გამოვიდა. 27 ნოემბერს პრემიერი ეპიდემიოლოგებთან და რეგიონალური ხელისუფლების წარმოადგენლებთან ერთად ქვეყანაში ეპიდვითარებას განიხილავს და მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს თუ არა ლოკდაუნი და კომენდანტის საათი.
„მე არ მინდა 4 დღეში დავემშვიდობოთ იმ პროგრესს, რომელსაც 4 კვირაში შეზღუდვების დახმარებით მივაღწიეთ. ჩვენ დღეს თუ მივიღებთ არასწორ გადაწყვეტილებებს, ამის შედეგი უახლოეს მომავალში გვექნება და ის ადამიანებიც დაგვეღუპებიან, ვის სიცოცხლესაც შეზღუდვებით გადავარჩენდით“, - აღნიშნა დე კრომ.
ბელგიაში გუშინ COVID19 -ის 3164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 139 ადამიანი. 11 მილიონიან ქვეყანაში აქტიურია 512 321 შემთხვევა.
ვირუსს ემსხვერპლა 16 077 ადამიანი. ბელგიაში მოქმედებს ლოკდაუნი და კომენდანტის საათი. დედაქალაქში - 22:00 დან 06:00 საათამდე. დაკეტილია კაფე-ბარები, რესტორნები, საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზები, სილამაზის სალონები, მუზეუმები და მაღაზიები, რომლებიც ტანსაცმლით ვაჭრობენ.
დღეიდან შეხვედრაზე შეზღუდვების ეტაპობრივად მოხნის რამდენიმე გეგმაა წარდგენილი. როგორც ექსპერტები ამბობენ, იმსჯელებენ რამდენიმე ვარიანტზე და მათ შორის მაღაზიების დისტანციების მკაცრად დაცვის პირობით გახსნაზე ან განიხილება მხოლოდ წინასწარ ონალაინ რეგისტრაციით ჩაწერილი კლიენტების მიღება.
ლოკდაუნი ბელგიაში 13 დეკემბრამდე მოქმედებს. ქვეყანას გარე საზღვრები ტურისტებისთვის დაკეტილი აქვს. მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ბელგიის საზღვის გადაკვეთის უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აქვთ.