პირველი ნაბიჯი გადადგმულია – ოპოზიციურმა პარტიებმა დაფინანსება მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგები სცნეს. ამის მიუხედავად ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. თუმცა ჩნდება კითხვა – თუ არჩევნებს არ ცნობ, რატომ ითხოვ არჩევნების შედეგად მოპოვებულ დაფინანსებას?
დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.
დაფინანსების მიღებაზე შესაბამისი წერილით თანხმობა განაცხადეს ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია “ გაერთიანებულმა პარტიებმა: „ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“.
ასევე, დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკო–ში შესაბამისი თანხმობა წარადგინა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ: „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“. შესაბამისი თანხმობის წერილი დაფინანსების მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინა „ევროპულმა საქართველომაც“. ამ დროის მონაცემებით, ცესკო–სთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“. დაფინანსების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანხმობის წერილის წარდგენის ვადა პოლიტიკურ პარტიებს სწორედ 25 ნოემბრამდე ჰქონდათ.
უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ მიიღო დაფინანსება. კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ პარტია, რომელიც გადალახავს შესაბამის ბარიერს, აქვს უფლება დაფინანსებაზე შეიტანოს განაცხადი. მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია მიხვდა, რომ მათ დაფინანსება უნდა მიიღონ, ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიულობის თვალსაზრისით, შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს მათი მხარდამჭერების ინტერესების შესაბამისად მოქმედება და პარლამენტში შესვლა.
„ვიმედოვნებ, რომ დანარჩენი პარტიებიც ასევე პატივს სცემენ იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს. ვიმედოვნებ პარტიულ დაფინანსებაზე განაცხადს ისინიც გააკეთებენ, რათა შემდგომ უკვე მეორე ნაბიჯი პარლამენტში შესვლისკენ გადადგან. ეს დემოკრატიულობის და პოლიტიკური მოცემულობის გამოხატულებაა. პირველი ნაბიჯი გადადგმულია იმისკენ, რომ მიიღეს რა დაფინანსება, ანუ მათ არჩევნები ცნეს. ეს პოლიტიკური ჯგუფები არჩევნებს აღიარებენ. მეორე საკითხია ისინი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას როდის მიიღებენ. თუ პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს კიდევ ერთხელ საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობას ნიშნავს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს აცხადებს „ლელო“. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით განისაზღვრება და აღნიშნული თანხა პარტიებს საქმიანობის გასაგრძელებად გამოეყოფათ. ხაზარაძის თქმით, ეს არ არის საპარლამენტო დაფინანსება, რაზეც უარს ამბობენ.
„ეს არის ხელფასები, თუ სხვა, უარას ვაცხადებთ იმიტომ, რომ არ შევდივართ პარლამენტში. შესაბამისად, ლაპარაკი არის პარტიების მომავალზე, თუ ეს დაფინანსება პარტიებს არ ექნებათ, რაზეც „ოცნებამაც“ თანხმობა განაცხადა და სხვა პარტიებმაც, მაშინ ისინი დემოკრატიულ პროცესში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ისინი ვერ გააგრძელებენ რეგიონებში თავიანთ საქმიანობას და ქვეყანაში ისედაც ძალიან დაბალი დემოკრატიული პროცესი კიდევ უფრო ჩიხში მოექცევა.
ჩვენ ცალსახად უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ამ დღეებში მიდის მსჯელობა პოლიტსაბჭოში და უახლოეს დღეებში გვექნება პოზიცია. არაფერს ვაღიარებთ, ეს არის კანონმდებლობით დადგენილი, ეს არის შედეგი იმ ადამიანების, რომლებმაც პარტიას მისცეს ხმა, შესაბამისად, დაფინანსება უფრო მეტი უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ბიუჯეტიდან თანხის მოთხოვნას კანონი ავალდებულებთ. მისი თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის.
„არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება. მე შეგახსენებთ, რომ დაფინანსება არა მხოლოდ კეთილი ნება, ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულება, ჩვენ კანონი გვავალდებულებს, მივმართოთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნას გარკვეული თანხები პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული, ვინ შედის პარლამენტში და ზოგადად, პარლამენტში შესვლა–არშესვლასთან. ეს პირდაპირ დაკავშირებულია მიღებული ხმების რაოდენობაზე“, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განმარტებით, პარტიამ ცესკო–ს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით მიმართა, რათა ოფისების შენარჩუნება და ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზება შეძლოს. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას.
„გადასახადის გადამხდელთა ეს თანხა გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად, საზოგადოებასთან ერთად. არჩევნების აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებზე დაფინანსების მიღება, რასაც „ევროპული საქართველო“ სხვა პარტიებთან ერთად არ აკეთებს და არც გააკეთებს“, – აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
დაფინანსების მიღების თაობაზე ტრადიციულად საინტერესო განმარტებას აკეთებს თაკო ჩარკვიანი, რომლის განცხადებით, ითხოვენ ახალ არჩევნებს და ამ არჩევნებამდე, პრაქტიკულად, საკუთარი პარტიების ლიკვიდირებას ახდენენ, ამიტომ წარმოიშვა კუთვნილი დაფინანსების აღების აზრი.
„ვფიქრობ ბევრს და ვიფიქრე, რომ იქნებ არ ვარ სწორი, რომ ვეთანხმები ამ პარტიების კუთვნილი დაფინანსების მოთხოვნას, საქმე შემდეგშია: ჩვენ უარს ვამბობთ დეპუტატის მანდატზე, ხოლო გარე დაფინანსებაზე პარტიისა, დიდი ხნის ბჭობის, ყოყმანის, პოლემიკის შემდეგ გადავწყვიტეთ განცხადების გაკეთება დაფინანსების მოთხოვნაზე, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენმა ამომრჩეველმა ხმა მოგვცა, ხელისუფლებამ კი გააყალბა ხმები მიიტაცა და ჩვენ ვაცხადებთ ბოიკოტს და ცხადია, არ შევალთ პარლამენტში.
ეს, რა თქმა უნდა, სწორია და უცვლელია, მაგრამ არის ერთი სხვა საკითხი: ახლა ისმის კითხვა, რა დააშავა იმ ჩვენმა ამომრჩეველმა, პრაქტიკულად ვუუქმებთ პარტიას და პარტიის პრაქტიკული ლიკვიდაცია ხდება არდაფინანსებით, რითი შეიძლება ან ახალი არჩევნებისთვის მოემზადო მომავალში, ჩვენ რა შემოწირულობებიც გვქონდა, ყველაფერი გახარჯულია ამ არჩევნების დროს“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ხალხის ფულს ხელს არ მოკიდებენ, რადგან ბოიკოტის რეჟიმში არიან. მისივე თქმით, არ არის მართებული, პოლიტიკურმა სუბიექტმა საპარლამენტო საქმიანობისთვის განკუთვნილი ფული აიღოს, თუკი პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
„გამორიცხულია, ჩვენ რაიმე თანხმობის წერილი შევიტანოთ. ჩვენ გუშინვე დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ამ თანხას არ ავიღებთ, ხალხის ფულს არ მოვკიდებთ ხელს, რადგან ბოიკოტის რეჟიმში ვართ. სწორად არ მიგვაჩნია, რომ დაფინანსება აიღო, თუ პარლამენტში არ შედიხარ. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არ გადაიხედება.
კამპანია დავასრულეთ ვალებით. პარტიას ინკასო გვადევს ანგარიშზე და მიუხედავად ძალიან რთული ფინანსური მდგომარეობისა, ჩვენ ამ ფულის აღებას არ ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არ გვაქვს უფლება, ფული, რომელიც ეკუთვნის ხალხს და რომელიც გათვალისწინებულია შენი საპარლამენტო საქმიანობისთვის, აიღო იმ პირობებში, როცა აცხადებ ბოიკოტს. ვინ გაკოტრდება და ვის რა პრობლემები ექნება, ეს მე არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან როცა პოლიტიკაში ხარ, მზად უნდა იყო გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც ფინანსურად დაგაზიანებს, თუმცა მორალურად და სახელმწიფოებრივად სწორი და გამართული იქნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, „გირჩის“ ლიდერისთვის, რომლის განცხადებით, ეს ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას.
„გამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა სცნოო და მართალი იქნება. ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და „ოცნების“ ეულად დატოვებას, მათ შორის არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს, არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან საკუთარი წევრების გამოყვანას.
პარლამენტში არ შევდივარ, მაგრამ ჩხოროწყუს საკრებულოში ვმუშაობ, მინიმუმ სასაცილოა. მესმის, რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პოლიტიკის კეთება. ახლა ჰქონდათ შანსი და „ოცნების“ სასარგებლოდ გაისროლეს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.