არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, თუმცა, ოპოზიცია ჯერ ისევ ვაჭრობს შევიდეს თუ არა პარლამენტში და რის ფასად. როგორც ჩანს, ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს და ოპოზიციას მხოლოდ საპარლამენტო მანდატებს სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდობა გაერთიანებული ოპოზიციის გარეშე გაიხსნება, თუმცა ასეც ვერ ვიტყვით, უკვე აშკარაა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა და ფასადური ერთიანობის შენარჩუნება ოპოზიციას საკმაოდ დიდი ნერვების ფასად უჯდება. საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი განელდა, სამაგიეროდ ოპოზიციას არ განელებია ხელისუფლების ხელში აღების სურვილი და ჯიუტად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის, რაც დღეს პოლიტიკურ ველზე ხდება, ხელისუფლების შეცდომებით არის გამოწვეული - „ქართულმა ოცნებამ“ წლების მანძილზე აცოცხლა „ნაციონალური მოძრაობა“ და შედეგიც სახეზეა:
დემურ გიორხელიძე: ხელისუფლების რვაწლიანი შეცდომების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური კრიზისი. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტი შეიკრიბება, შეძლებს თუ არა „ოცნება“ ქვორუმის მოგროვებას, უკვე დადგა ლეგიტიმაციის პრობლემა. ოპოზიციური პარტიები კარგები არიან თუ ცუდები ამას არანაირი მნიშვნელობა უკვე არ აქვს, ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ პარტიები არ ცნობენ შედეგებს. ხელისუფლებას შეუძლია მთავრობა დააკომპლექტოს, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება უდიდესი მინუსი, რადგან პოლიტიკა არის ის, სადაც დაცულია თამაშის წესები, სადაც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ეგუება სიტუაციას. არსებობს თამაშის წესი, რომლითაც სახელმწიფო გადაცემას უზრუნველყოფს. 30 წელი გავიდა და ხელისუფლების გადაცემა ფაქტობრივად ვერ უზრუნველვყავით. „ოცნებამ“ დაუშვა უდიდესი შეცდომა, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო 2016 წელს და დროზე ვერ მიხვდა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩაეტარებინა, ვიდრე უფრო ძლიერად იყო უფრო მეტი გადანაწილების საშუალებაც ჰქონდა. აბსოლუტურად მცდარმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რაც წმინდა პროფესიული თვალსაზრისით არის უცოდინარობით გამოწვეული შეცდომა.
„ოცნება“ რვა წლის განმავლობაში, ინტენსიურად უკეთებდა რეკლამას „ნაციონალურ მოძრაობას“. ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა ერთი პოლიტ-ტექნოლოგი, ერთი ჭკვიანი პოლიტიკოსი, რომელიც იტყოდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. „ოცნებას“ ჰქონდა პატარ-პატარა შედეგები, რამაც გამოიწვია მისი რეიტინგის დაკარგვა, რადგანაც ადამიანები სხვა რამეს მოელოდნენ და სულ სხვა რამ მიიღეს. დღეს უკვე მივიღეთ პოლიტიკური კრიზისი, რასაც ხელისუფლება ვერ შენიღბავს. მე ვერ ვხედავ „ოცნება“-ში პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც გადაჭრიან პოლიტიკურ პრობლემებს პოლიტიკური გზით. მე მესმის აბსოლუტურად ბავშვური, არაპოლიტიკური კონტექსტის შემცველი არაპოლიტიკური ლექსიკა, არაპოლიტიკური ფიგურებისგან, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის.
პოლიტიკური კრიზისი ახსენეთ, ჩვენ ვილაპარაკეთ ხელისუფლების შეცდომებზე, რამაც ეს კრიზისი გამოიწვია, სად არის ოპოზიციის წილი ამ კრიზისში?
- დღეს პოლიტიკური სპექტრი ვერ შეიცვლება. ასეთია ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, რადგანაც ასეთია ქართველი ხალხის განწყობა. სხვანაირი მოთხოვნა რომ ჰქონდეს საზოგადოებას, სხვანაირი პოლიტიკური ლიდერები გაჩნდებიან. ეს სპექტრი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე რამდენიმე ნორმალურად მოფიქრალი ჯგუფი არ არის. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებზე დაკვეთა არ არის, დაკვეთა არის ბელადებზე და ამიტომაც გვაქვს დაპირისპირებული საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს ელაპარაკება „ქოც-ნახირი“, „ნაც-ხროვის“ დონეზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია და ჩვენ ეს სიტუაცია რაღაცნაირად უნდა გამოვასწოროთ. ინიციატივა შეთანხმებაზე უნდა წამოვიდეს ხელისუფლებისგან, შეთანხმება კი შეიძლება დაეყრდნოს ერთ რამეს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს და მისი საერთაშორისო ავტორიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმდნენ, რომ ვიწყებთ მუშაობას და ერთი თვის ფარგლებში დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ალბათ, ეს არის იდეალური გამოსავალი. თუ „ოცნება“ იჯიუტებს და კიდევ ოთხ წელს დარჩება, შედეგი რა იქნება? იქნება კიდევ უფრო უარესი. იცით რაშია „ოცნების“ შეცდომა? მათ როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ (ისინი მოვიდნენ ხალხის ნებით და არა ბიძინა ივანიშვილის ნებით, რადგან ხალხს სურდა ცვლილებები. საერთოდ რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, „ნაცმოძრაობა“ სისხლით მაინც იქნებოდა ჩამოგდებული, ჩვენ ამას ავცილდით) იმის ნაცვლად, რომ სხვა მსოფლმხედველობის პოლიტიკური ველი, მეტ-ნაკლებად ძლიერი, გაწონასწორებული პოლიტიკური პროცესების წარმმართველი ჯგუფებისგან დაებალანსებინათ, ჩვენ მივიღეთ საშინელი რამ - არავინ არ არის, ვართ მხოლოდ ჩვენ და ნაცები და ხალხიც გაიყო - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო სოლიდური ხმები, ოპოზიციამაც გარკვეული ხმები აიღო და ბოლოს ყველაფერი გადაიზარდა კრიზისში. რატომ 2012 წელს არ გააკეთა ეს ოპოზიციამ? იმიტომ, რომ „ოცნება“ გაცილებით სუსტია დღეს, ხალხის უკმაყოფილება კი გაცილებით დიდი და მოხდა პარადოქსალური რამ, „ოცნებამ“ შეაშინა ხალხი და კიდევ მიაცემინა ხმა. „ოცნებამ“ გაარეკლამა თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა, ეს იყო სწორედ ტექნოლოგია და შუას გაკრეფა.
ეს არის ორ ძალას შორის შეთანხმებული თამაში თუ ყველაფერი სპონტანურად ხდება?
- ძალიან მარტივი სიტუაციაა - ნაცი არ არსებობს ქოცის გარეშე ის მკვდარია და შესაბამისად, ნაცი ვერ გაცოცხლდებოდა ქოცის გარეშე. ორივე ერთმანეთს მშვენივრად ეთამაშებიან, შეყავთ საზოგადოება შეცდომაში და ამიტომაც არიან დღეს ორი ყველაზე დომინირებული ძალა.
რას მოგვიტანს ჩვენ რიგგარეშე არჩევნები, ეს მისცემს სასურველ შედეგს ოპოზიციას? დაუშვებს „ოცნება“ ხელიდან გაუშვას მმართველობის სადავეები?
- მე არ მაინტერესებს რომელიმე პარტიის ინტერესები, მე გამოვდივარ შექმნილი სიტუაციიდან. ჩემი მთავარი ინტერესია ქართული სახელმწიფო არ დაინგრეს და არ მივიდეს იმ საშინელ მდგომარეობამდე, რომ მის არსებობას მომავალში საფრთხე შეექმნას. მთავარია კრიზისი გაქრეს პოლიტიკური გზით. პოლიტიკური გზით კრიზისის ჩაქრობა შეიძლება არჩევნების გზით. რას მისცემს ეს ხალხს? ეს ხალხს მისცემს ამ მარაზმიდან გამორკვევის საშუალებას, სახელმწიფო შეუდგება ფუნქციონირებას, მაგრამ რაკი კრიზისი გვაქვს, პოლიტიკურად ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს უნდა გამოვასწოროთ, ოღონდ შეთანხმებულ რეჟიმში. გავასწორებთ ყველა საკანონმდებლო ხარვეზს და ქართველ ხალხს მივცემთ საშუალებას დააბალანსოს სიტუაცია, გააკეთოს არჩევანი, სადაც არ იქნება საუბარი თაღლითობაზე და გაყალბებაზე.
ხელისუფლება თუ წავა ამ დათმობაზე, ეს ბევრ რამეს შეცვლის და სავარაუდოდ, ხელისუფლებისთვის არასასურველი შედეგებს მოიტანს...
- კომპრომისი არის დათმობა და არა მორევა. თუ „ოცნების“ ლიდერები ვერ ხვდებიან იმას, რომ ისინი ამ ჰაერში ჩამოკიდებულ სიტუაციაში ვერ გაძლებენ და თუ გაძლებენ მათთვისაც ცუდი იქნება და ქვეყნისთვისაც, ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნება“ რომელიც არის ხელისუფლებაში არის პოლიტიკური ფიგურების გარეშე. ეს ხალხი ვისაც მე ვხედავ, არანაირი პოლიტიკური თამაშის პარამეტრებით არ ხასითდებიან და შანსიც არ აქვთ, რომ დროში მაინც ჩამოყალიბდნენ პოლიტიკოსებად.
როგორ ფიქრობთ, ამ რთული პანდემიის პირობებში რამდენად გონივრულია კიდევ ერთი არჩევნების ჩატარება?
- იცით რატომაა რთული? საერთაშორისო დიდი პოლიტიკური მოთამაშეების სასტიკი დაპირისპირებებია და ამ ფონზე, საქართველოში ლეგიტიმურობის პრობლემა, ხელისუფლებისთვის უაღრესად საშიშია. ბოლოს არჩევნებმა უნდა დაალაგოს ეს ყველაფერი თუ საერთოდ აზრი აქვს წარმომადგენლობით დემოკრატიაზე ლაპარაკს. მე ვისურვებდი, რომ ეს-30 წლიანი მარაზმი დამთავრებულიყოს. ეს პატარა ქვეყანაა და ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ დემოკრატიულ პროცედურებზე გადასვლა. როგორც ჩანს, ამ ტიპის საარჩევნო სისტემა და წარმომადგენლობითი დემოკრატია, საქართველოში აბსოლუტურად უპერსპექტივოა. უპერსპექტივოა, ვინაიდან 30-მა წელმა აჩვენა, რომ არჩევნების გაყალბება არის თაღლითობა. ჩვენ გვინდა, რომ 30 წელი ხელისუფლებები გაყალბებით მოდიოდეს და თან ქვეყანა ვითარდებოდეს, ასე არ გამოვა. ჩვენ გაცილებით ღრმა პრობლემების წინაშე ვდგავართ ვიდრე ზედაპირზე ჩანს.
საერთაშორისო დონეზე უკვე აღიარებულია ჩატარებული არჩევნები, ჩვენი კეთილისმყოფელი მეგობრები ნუთუ ვერ ხედავენ არსებულ პრობლემებს?
- ყველამ კარგად იცის რაც ხდება. ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი დადგა მსგავსი პრობლემა და რა გასაკვირია ისეთ პატარა ჩამოუყალიბებელ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, ასეთივე პრობლემები იყო. ეს პრობლემები დიდი ხანია ჩანს, ახლა უბრალოდ ზედაპირზე ამოვიდა. მე პირადად სადაც მივეცი ხმა, გარეგნულად ყოველ შემთხვევაში არანაირი დარღვევა არ შემინიშნავს, რაკი არის დარღვევებზე საუბარი, ალბათ, რაღაც პრობლემა მართლაც იყო. გვაქვს კიდევ მეორე პრობლემა, რაკი ყველა შენმა მეგობარმა ქვეყანამ აღიარა, რომ ეს მისაღებია, მაშინ შენ მიდიხარ მთელი შენი მოკავშირე ქვეყნების საწინააღმდეგოდ, მიზანი?
ფასადური დემოკრატია მისაღებია ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის?
- ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს დემოკრატია არ აინტერესებთ, მათ აქვთ გლობალური მასშტაბის ინტერესები. ეს ბავშვური დემოკრატიულ ფასეულობებზე ლაპარაკი არის მხოლოდ პროცედურები, ერთი ძალიდან როგორ გადავიდეს მეორე ძალის ხელში ხელისუფლება. გლობალურ პოლიტიკაში მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოების მთავარი მოთამაშე სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ წესებს და ყველაფერი ამაზე იგება. ფაქტობრივად, ჩვენმა მეგობრებმა, დღევანდელი გლობალური ინტერესებიდან გამომდინარე ჩათვალეს, რომ საქართველოში არეულობა მით უმეტეს ამ ძალიან მძიმე ფონზე, არ არის სასურველი, ამიტომ ამჯობინეს ის, რომ შესულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ეს წმინდა პოლიტიკაა და აქ დემოკრატია არაფერ კავშირში არ არის. დემოკრატია ეს არის ტექნოლოგია, ისაუბრო იმ თემებზე, რომელიც ნიღბავს მთავარ ინტერესებს. ასეთია რეალობა, ჩვენ მივდივართ ყველას წინააღმდეგ და შედეგი რა უნდა იყოს არ მესმის თუ კომპრომისი არ იქნა.