საენციკლოპედიო ლექსიკონი განმარტავს, რომ რევოლუცია არის რაიმე სფეროში დროის შედარებით მოკლე პერიოდში მომხდარი შესამჩნევი ცვლილებები.
ძალადობრივი ან მშვიდობიანი გზით ხელისუფლების ან პოლიტიკური რეჟიმის სწრაფი მოშორება, რომელსაც არ მოაქვს შესაბამისი ცვლილებები სოციალურ სფეროში, ასევე დემოკრატიისა და სამართლიანობის დამყარების მიმართულებით, რევოლუციის სახელს არ იმსახურებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბოლშევიკების მიერ რუსეთის დროებითი მთავრობის დამხობას უფრო შეიძლება ეწოდოს რევოლუცია, ვიდრე ვარდების რევოლუციის სახელით მონათლულ შევარდნაძის მოფანფალებული ხელისუფლების სახლში გაშვებას წინასწარ მოსყიდული მისი ჩინოვნიკების გამო სრულიად დაუცველი პარლამენტის შენობაში შეჭრით.
ბოლშევიკებმა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში დიდი სისხლისღვრითა და რეპრესიებით მართლაც მანამდე არნახული სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარეს და წარმოების საშუალებების მქონე საზოგადოებრივი ფენების სრული მოსპობით აბსოლუტურად ახალი სოციალური ფორმაცია შექმნეს თავისი იდეოლოგიითა და სახელმწიფოებრივი სისტემით, რომელმაც მათი წარმონაქმნი საბჭოთა კავშირი მთელი 70 წლის მანძილზე თავისი სიძლიერით მთელი დასავლეთის საპირწონე გახადა და რომ არა მის ბოლოდროინდელ მმართველთა უნიათოდ ჩატარებული რეფორმები და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისათვის მათი ერთმანეთთან დაპირისპირება, მას კიდევ გააჩნდა საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომ რეალურად სუვერენული ქვეყნების ცივილიზებულ კავშირად ჩამოყალიბებულიყო, რაც პოსტსაბჭოური სივრცის მშვიდობიანი და ოპტიმალური განვითარების პერსპექტივებს დასახავდა. ამ გეოპოლიტიკურმა კატასტროფულმა ნგრევამ კი ყველაზე დიდი დარტყმა კავკასიის რეგიონს და განსაკუთრებით საქართველოს მიაყენა თავისი შიდა ეთნოკონფლიქტებით, სამოქალაქო ომით, ეკონომიკური გაპარტახებითა და ყოველივე ამისგან გამოწვეული საშინელი სოციალურ-დემოგრაფიული ცვლილებებით.
რა გააკეთეს ვარდების რევოლუციად მონათლული სახელმწიფო გადატრიალებით ხელისუფლებაში მოსულმა ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორებმა, რომლებმაც დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლოზუნგებით თავისი დროზე ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება შეძლეს? ფაქტია, რომ შექმნეს რეჟიმი, რომელიც რევოლუციური დანაპირებების საწინააღმდეგოდ ანტიეროვნულ, კაცთმოძულე, უსამართლო და ელიტური კორუფციის სისტემად ჩამოყალიბდა, რამაც შევარდნაძის დაჭაობებული მმართველობაც კი სანატრელი გახადა.
ასე რომ, ნაცპარტიის ხელისუფლებაში მოსვლა იყო თაღლითებისა და ავაზაკების ბანდიტური დაჯგუფების აღზევება, რასაც დიდწილად მოჰყვა ეროვნული მასშტაბის ტრაგიკული შედეგები. ამიტომ ის რევოლუციის სახელს ნამდვილად არ იმსახურებს
არადა, რევოლუცია, ანუ სწრაფი სასიკეთო სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები ნამდვილად სჭირდება ამ ქვეყანას, რომელიც აგერ უკვე 20 წელია ერთ ადგილას ბუქსაობს და თავის ბორბლებში სრესს და ქელავს საკუთარი ხალხის მომავლის იმედსა და რწმენას.
სწორედ ამგვარი რევოლუციის სურვილით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის მაღალი ავტორიტეტის გარშემო ქართველმა ხალხმა დიდი ორგანიზებულობა და მობილიზება შეძლო და ბეჭებზე დასცა მოძალადე საძულველი სახელმწიფო სისტემა.
სადავო არ არის, რომ არსებული ნაცური კონსტიტუცია ორხელისუფლებიანობის საშიშროების მომცველია, რასაც ხელს უწყობს ხელისუფლების სრული დაკარგვის რეალური საფრთხის გამო ფსიქიკურ გაუწონასწორობამდე მისული ერთმმართველ პრეზიდენტ ყოფილის არაადეკვატური ქმედებები, რაც სწორად შეფასდა უკვე, როგორც მავნებლობა და ქვეყნის მტრობა. ამისგან თავის ასარიდებლად “ქართული ოცნება” კონსტიტუციური ცვლილებების გატარებას აპირებს, მაგრამ ნაცელიტის ეფექტური განეიტრალების განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა მის ოლიგარქიულ წარმომადგენელთა მიმართ უფრო აქტიური სამართლებრივი ღონისძიებების გატარებით. სამწუხაროდ, ამ მრივ საზოგადოებას საფუძვლიანი უკმაყოფილების გრძნობა გააჩნია. .
სკანდალური უმძიმესი დანაშაულებების შესახებ არგუმენტირებულად საჯაროდ მსჯელობენ ჟურნალისტები თავიანთ ჟურნალიტურ გამოძიებებში, ადამიანთა უფლებების დამცველები, ადვოკატები და ამ ბოლო დროს ამ დანაშაულთა უშუალო დაზარალებულები პოლიტიკური პატიმრების სახით. ის რაც აქტიური საგამოძიებო ქმედებების დაწყებას სჭირდება, თითქოს, ყველაფერი ხელის გულზეა. არსებობენ დანაშაულებრივი საქმიანობის მონაწილეები, მოწმეები, დაზარალებულები, პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებები, დანაშაულის მოტივი, მაგრამ ყოფილი რეჟიმის ჩინოვნიკთა მიმართ გარდა ერთი-ორი მსუბუქი ბრალდებისა, რეალურად სახეზეა საგამოძიებო ორგანოების გამაღიზიანებელი პასიურობა. სამაგიეროდ, ამის ფონზე ნაცელიტა შეტევაზე აქეთ გადმოდის და ახალ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნისა და რეპრესიების საპირისპირო ბრალდებებს უყენებს.
ეს ყველაფერი მართლაც ჰგავს გარკვეულ საბოტაჟს და “ქართული ოცნების” ხელისუფლების განზრახ დისკრედიტაციას. ამიტომაც არის, რომ საქმეში ჩახედული ადამიანები ყოველივე ამის მიზეზად მიიჩნევენ სამართლადამცველ ორგანოებში, პროკურატურასა და სასამართლოებში ძველი, ნაცრეჟიმის კადრების მასიურად შემორჩენას, რომლებიც, თავისთავად, საკუთარი უკანონო გადაწყეტილებების დაგმობასა და საწინააღმდეგოს მტკიცებას ვერ დაიწყებენ. სასამართლოდან კუბლაშვილის დანაშაულებრივი კლანის მოშორებას რომ საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, ეს გასაგებია და იმედია, რომ ეს მალე განხორციელდება, მაგრამ კბილაშვილის პროკურატურის სისტემის ზედმეტად შენელებული მუშაობა მართლაც რომ გაკვირვებას იწვევს. განა რა ისეთ სირთულეს წარმოადგენს შარაძის, ჟვანიას, ვაზაგაშვილის, 26 მაისის მომიტინგეთა, ციხის ბუნტის მკვლელობების გამოძიება, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირებამ ბოლო-ბოლო რეალური სახე მიიღოს?
ანალოგიურად, საეჭვოდ იწელება ნაცდამყაჩაღებელთა მიერ კანონიერი მფლობელებისათვის ბიზნესისა და ქონების წართმევების სკანდალური საქმეების გამოძიება. ბავშვმაც კი იცის საქართველოში ქიბარ ხალვაშის ბიზნესსტრუქტურის დიღმის შენობების დაწვისა და ავტომანქანების ოფიციალური დაყაჩაღების, ქოქოლაძისთვის „ელიტ ელექტრონიქსის" ჩამორთმევის, მამია სანადირაძისთვის “კავკასუს ონლაინის” ტერორისტული მეთოდებით წართმევის, ზაალ იაკობიძის “სენტა პეტროლიუმის” იძულებით “გალფის” მიერ ათვისების და სხვა მრავალი გახმაურებული საქმის შესახებ, მაგრამ ძიებას ჯერ-ჯერობით პირში წყალი აქვს ჩაგუბებული.
თუ ე.წ. კოაბიტაცია ნაცრეჟიმის დანაშაულთა გამოუძიებლობას და ნაცჩინოვნიკების ჩახუტებას გულისხმობს, ამგვარი პოლიტიკა მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის. ხოლო თუ ამ პოლიტიკის მიზეზი არის “დასავლეთელი მეგობრების” ინსტრუქციები, რომ სასამართლოს გზით არ გამოვლინდეს ნაცრეჟიმის რეალური სახე, ხოლო მათ ლიდერებს ხელშეუხებლობის გარანტია მიეცეთ, მაშინ ამგვარ “მეგობრებსაც” სჭირდებათ სწორი დიპლომატიური ძალისხმევით კუთვნილი ადგილის მიჩენა.
სამართლიანობის აღდგენის გარეშე, რაც მხოლოდ ნაცრეჟიმის ყველა დანაშაულის გამოძიებითა და გასამართლებით შეიძლება მიღწეული იქნას, ამ ქვეყანას ნორმალური განვითარების პერსპექტივა საეჭვოა რომ ჰქონდეს, რადგან არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობის პრინციპს მისი შესრულების შემთხვევაში ქვეყნის გამაერთიანებელი და დიდი აღმშენებლური ძალა გააჩნია, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში დამანგრეველ იმპულსებს ატარებს.
ამ ერთი თვის წინ საინფორმაციო საშუალებებმა გვამცნო, რომ თბილისის რიყის პარკის ტერიტორიის გაყიდვისა და გამოსყიდვის საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი დაიბარეს. ტერიტორიის გასხვისების დროს, 2006 წელს, იგი თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის თავმჯდომარე იყო. კიდევ რამდენიმე ჩინოვნიკი იქნა დაკითხული აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ შემდგომ ისევ მიჩუმათდა დიდი ხმაურით დაწყებული გამოძიება.
რიყის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის გაყიდვისა და შემდეგ გამოსყიდვის საქმე ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში მოექცა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოაქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2006 წლის ივნისში რიყის ტერიტორიის დიდ ნაწილი, ფართით 43 350 კვ.მ, თბილისის მერიის მიერ 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა კერძო კომპანიაზე. 2008 წლის ბოლოს თბილისის მერიამ მიწის ნაკვეთი იმავე კომპანიისგან 17 მილიონ დოლარად გამოისყიდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშის თანახმად, ამ ოპერაციით თბილისის ბიუჯეტს 10 მილიონი ამერიკული დოლარის ფინანსური ზიანი მიადგა.
მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ: ” აბსოლუტურად კანონიერად მოხდა რიყის ტერიტორიის გასხვისება. მიწის ნორმატიული ფასი იმ დროისათვის გახლდათ 36 ლარი, ანუ მითითებული მიწის ტერიტორიის ღირებულება გამოდიოდა საშუალო ფასი მილიონ-ნახევარი ლარი. იგი გასხვისებულ იქნა 7 მილიონ ამერიკულ დოლარად, რაც 900 პროცენტით უფრო ძვირია, ვიდრე დღევანდელი ფასი”, რაშიც მან იგულისხმა მერიისთვის გადახდილი ღირებულება.
თითქოს, სადაო არაფერი არ უნდა იყოს და მერიის ჩინოვნიკებს, პირიქით, მადლობა ეკუთვნით, რომ ქალაქის ბიუჯეტში 900%-ით მეტი თანხის შეტანა შეძლეს, ვიდრე კანონით ევალებოდათ, მაგრამ სწორედ კანონის მანიპულირებაშია ძაღლის თავი დამარხული, რომლის ამოთხრა და ახვლედიანისა და მის უკან მდგომი გვამების ცხვირპირის წინ დადება არც ისე რთულია, თუ უფრო დაკვირვებით შევისწავლით ამ მაქინაციას, რომლის შედეგადაც მერიის ბიუჯეტს 10 მილიონი დოლარის ზარალი სწორედ იმიტომ მიადგა, რომ ნაცელიტის გაუმაძღარი კუჭი ამ მსუყე ლუკმით შევსებულიყო.
2005 წლის 16 დეკემბრის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ერთმანეთისაგან გაიმიჯნა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწები. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლება გახდა. ამავე დროს, იმ პერიოდში მოქმედებდა საქართველოს კანონი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ”, რომლის მე-2 პუნქტში ჩაწერილია, რომ რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, წარმომადგენლობითი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა. ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საქართველოს მიწის ნორმატიულ ფასს ან ქირას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, ადგენს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით.
მაშასადამე, მიწის ის ნორმატიული ფასი, რომელზე აპელირებითაც ახვლედიანს სურს ადგილობრივი თითმართველობის ორგანოების ჩინოვნიკებს თავიდან ააცილოს ყოველგვარი პასუხისმგებლობა, არის სრული სიცრუე და გამოძიების შეცდომაში შეყვანა, რაც მისთვის დამატებითი ბრალდების წაყენების საფუძველს წარმოადგენს.
2006 წლის ივნისში, როცა მოხდა რიყის ტერიტორიის გასხვისება, აღნიშნულ ზონაში უძრავი ქონების ფასები საოცრად მაღალი იყო, რასაც განაპირობებდა იმავე უბანში სამების საკათედრო ტაძრის ფუნქციონირების დაწყება და პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა, რამაც ძველი თბილისის ეს მონაკვეთი ბევრად პრესტიჟული გახადა და უძრავი ქონების სააგენტოების მაშინდელი მონაცემებით 1 კვ.მ მიწას ღირებულება იმ ადგილას, მითუმეტეს, კომერციული მიზნებისათვის 500 დოლარზე ნაკლები არ იყო. ანუ 43 350 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება მაშინდელი ფასებით ციფრების დამრგვალებით 21 მილიონ დოლარს შეადგენდა, ანუ სამჯერ მეტს, ვიდრე თავად მერიამ იგი კერძო კომპანიას შეასყიდა. ასეთ შემთხვევაში ქალაქის ბიუჯეტის თავდაპირველი ზარალი პირველი მაქინაციური კომბინაციით 14 მილიონ დოლარს უდრის.
ამ აფიორისათვის პასუხი უნდა მოეთხოვოს პირველ ყოვლისა მაშინდელი საკრებულოს ნაციონალურ უმრავლესობას და მის თავმჯდომარეს ზაზა ბეგაშვილს, რომლის უშუალო ვალდებულება იყო ქალაქ თბილისის მიწის ნორმატიული ფასები საბაზრო ფასების შესადარისი ყოფილიყო. ეს ის ზაზა ბეგაშვილია, რომლის ცინიკურმა დამოკიდებულებამ 2007 წლის ნოემბრის აქციებზე დარბეული მოსახლეობის მიმართ დიდი ზიზღი გამოიწვია. ანალოგიურად პასუხისმგებლობას იზიარებენ მერიის ის ხელმძღვანელები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ კანონის მიხედვით მიწა საბაზრო ფასით უნდა გაყიდულიყო და აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთი კვ. მეტრი 36 ლარი კი არა, დაახლოებით 700-800 ლარი ღირდა.
სამაგიეროდ, იგივე მიწა კერძო კომპანიისგან გამოსყიდული იქნა 17 მილიონ დოლარად. საყურადღებოა, რომ გამოსყიდვის დროს 2008 წლის დეკემბერში მიწის ნორმატიული ღირებულება აღნიშნულ ზონაში უკვე დადგენილი იყო 1 კვ. მ 500 ლარი, მაშინ როცა იმ პერიოდში აგვისტოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო უძრავი ქონების ღირებულება ბევრად იყო შემცირებული.
ახლა თუ იმ მიწის შემსყიდველი კომპანიის შპს “ახალი რიყის” მესაკუთრეთა ვინაობას გადავხედავთ, მოტივი და მიზანი აღნიშნული თაღლითობისა ყველასთვის ცხადი გახდება. იგი შეთანხმების ხელმოწერამდე დაახლოებით ორი თვით ადრე დარეგისტრირდა. კომპანიის თანადამფუძნებელი იყო GMC ჰოლდინგი, რომელსაც სხვადასხვა ბიზნეს ინტერესები აქვს საქართველოში, GMC ჰოლდინგის მფლობელია ოფშორული კომპანია, რომელსაც რიყის ტერიტორიის შესყიდვის დროს ლევან ყარამანიშვილი წარმოადგენდა. ვინ არის ლევან ყარამანიშვილი? ის ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“–ისა და „მზის“ 90%–ანი წილების მფლობელი გახდა? ყარამანიშვილი, იმავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მეგობრის, ბიზნესმენ გია ყარამანიშვილის ნათესავია.
„ჩემს მეგობარს, გია ყარამანიშვილს წინაპრების მიერ აშენებული ოთხი სახლი ჰქონდა გაგრაში, სოხუმში, ბიჭვინთაში და ოჩამჩირეში. გია ყარამანიშვილს როცა დაუბრუნებენ ამ ოთხ სახლს და მისცემენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მაშინ შეიძლება ეს არჩევნები ჩაითვალოს კანონიერად“, – ეს სიტყვები პრეზიდენტი სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან 2005 წელს აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით წარმოთქვა.
ლევან ყარამანიშვილი და ბიზნესმენი რევაზ შარანგია გვევლინებიან რუსული კომპანია „მობიტელის“, იგივე - „ბილაინის“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად.
ძმები შარანგიების სახელს, ისევე, როგორც ყარამანიშვილებისას, საქართველოში ბევრი მსხვილი ბიზნეს–კომპანია უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად „კავკასუს ონლაინი” და სამარშრუტო ტაქსების ბიზნესი, რომელთა ხელში ჩაგდების სკანდალური ისტორიები მკითხველისათვის ცნობილი უნდა იყოს. თუმცა ამ კომპანიების მფლობელები ოფიციალურად თავის მხრივ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებია.
ვფიქრობ, მოცემული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, მინიმუმი, საფუძვლიანი ეჭვი მაინც უნდა წარმოეშვას გამოძიებას, რომ ამ აფიორით იხეირა სახელისუფლო ბიზნესკლანმა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების უკანონო გამოყენებით ახერხებდა სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების ქონების ხელში ჩაგდებას და საკუთარი მაფიოზური ინტერესების დაკმაყოფილებას.
მეტი დასაბუთებული ბრალდება რაღა გინდათ, ღირსების მქონე ბატონო პროკურორებო და მოსამართლენო?! აღნიშნული ბრალდების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანით თქვენ ამ დანაშაულებრივი ნაცკორპორაციის თბილისის მერიის დაჯგუფებას სამართლიან დარტყმას მიაყენებთ, რაც მის სიძლიერეს საგრძნობლად შეასუსტებს.
ასე რომ, ბურთი თქვენს მოედანზეა, ბატონებო!