ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა და ამერიკასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.
„იენს სტოლტენბერგმა და ჯო ბაიდენმა ალიანსის, როგორც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედის მნიშვნელობა განიხილეს. გენერალურმა მდივანმა არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უთხრა, რომ მჭიდრო თანამშრომლობის იმედი აქვს, რათა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის კავშირები შემდგომში კიდევ უფრო განმტკიცდეს. იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა ნატოს მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ნატოს განცხადებაში.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.