ოპოზიციური პარტიების ერთობას ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ თუკი ამ გაერთიანებაში რაიმე ბზარი გაჩნდება, ამაში მთავარი წვლილი მხოლოდ ხელისუფლების იქნება და არა ოპოზიციის. „ქართული ოცნება“ ყველა ბერკეტის გამოყენებით ეცდება, ოპოზიციის ერთობა დაშალოს და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი საკანონდებლო ორგანოში შეიყვანოს, რადგან ის, რომ პარლამენტში დანარჩენი 8 პარტია არა არის წარმოდგენილი, ხელისუფლებისთვისაც დიდი დისკომფორტია.
თუმცა, ამ ერთობის ფონზე, გვახსოვს დაშლილი გაერთიანებაც და ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც ოპოზიციური პარტიები საბოლოოდ ვერ შეთანხმდებიან და მათი ერთად დგომაც წარსულს ჩაბარდება. ამ ეტაპზე, ყველა ოპოზიციური პარტია ინარჩუნებს სიმშვიდეს და ცდილობს პირველი არ მიუჯდეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდას.
ამის მიუხედავად, არდსებობს მოლოდინები, რომ ზოგიერთი პარტია გამოეყოს ოპოზიციას და გარკვეულ კომპრომისზეც წავიდეს. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ მსგავს სცენარზე, რაც ამა თუ იმ პარტიის შერბილებული განცხადებებიდან ჩანს, რომელიც ბოლო პერიოდში გვესმის. რამდენიმე პარტია უკვე „რაციონალურ კომპრომისზე“ საუბრობს და ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდისკენ უთითებს, სადაც შესაძლებელია მოვლენების სხვაგვარი შემოტრიალება.
ზოგიერთი განცხადებიდან იკვეთება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებისთან კომპრომისზე წასვლას არ გეგმავს, თუმცა არც რადიკალური პროცესების მომხრეა. გამოდის, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია არც „ხიდებს წვავს“ და „კარსაც ღიად“ ტოვებს.
შაბათს, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა. ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში, მეორე ტური „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა. ოპოზიციას მსგავსი ბერკეტის გამოყენების უფლება აქვს, თუკი მათი პოლიტიკური ნება არ იქნება, სამართლებრივად მათ ვერავინ და ვერაფერი აიძულებთ საკანონდებლო ორგანოში შევიდნენ.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები და შესაძლებელია თუ არა რაიმე კომპრომისი მოინახოს, ამაზე For.ge ანალიტიკოსებს გაესაუბრა.
როგორც ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი სცენარია მოსალოდნელი, რადგან ხელისუფლება იმ დისკომფორტის აღმოსაფხვრელად, რომელსაც თავად განიცდის, ყველაფერს გააკეთებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, დაშინება და შანტაჟი. ამ შემთხვევაში კი, საინტერესოა, რომელი ოპოზიციური პარტია გაუძლებს ერთგვარ ზეწოლას „ქართული ოცნების“ მხრიდან.
„ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიტუაცია არის კრიტიკული და ნებისმიერი სცენარი არის შესაძლებელი. ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, ოპოზიცია ერთიანობას ინარჩუნებს. ორივე ვარიანტს ვუშვებ. გასაგებია, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან პრობლემატურია ეს პროცესი, ისინი ყველა მეთოდს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ვიღაცა შეაშინონ, ვიღაცას კომპრომატი მოუძებნონ. შეიძლება ერთმანეთს დააპირისპირონ. რამდენად გაუძლებს ამას ოპოზიცია, უცნობია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა For.ge-სთან.
კიდევ ერთი ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძე თვლის, რომ ერთადერთი გამოსავალი შესაძლოა, იყოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არა 2024 წელს, არამედ 2022 წელს წმინდა პროპორციული სისტემით.
„გამოსავალი და კომპრომისული ვარიანტია 2022 წელს არჩევნების ჩატარების შესახებ შეთანხმება, რომელიც წმინდა პროპორციული წესით გაიმართება, თანაც ელექტრონულად. შეიძლება ოპოზიციასაც აწყობდეს ეს, რადგან ორი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება მოხდეს ტექნოლოგიების ათვისება და ოპოზიციის შანსი უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ის განცხადებები, რომელთაც ოპოზიცია აჟღერებს, მხოლოდ პოლიტიკური თამაშის ნაწილია და რეალურად, ოპოზიციას პარლამენტში შესვლა სურს. ამაზე მიუთითებს ბოლო პერიოდში მათი შერბილებული განცხადებები. მისი თქმით, ზოგიერთი პარტია ცდილობს უკან დასაბრუნებელი გზა დაიტოვოს. ამიტომაცაა, რომ არც რადიკალურ პროცესებს ემხრობა.
„რაციონალური კომპრომისი არის ის, რასაც ელოდება საზოგადოება ჩვენი პოლიტიკური პარტიებისგან, ეს არის, რასაც ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტიორები, რომლებიც მედიატორობენ, მათ შორის მოლაპარაკებებში. ოპოზიციური პარტიების განცხადებებში ვხედავ გარკვეულ ნიუანსებს, თითქოსდა არავის უნდა ითამაშოს მოღალატის როლი - ვინ უღალატებს პირველი ამ ე.წ. ოპოზიციურ ერთობას. თუმცა, მათი განცხადებების შინაარსსა და პათოსს თუ დავაკვირდებით, იგრძნობა, რომ ტოვებენ სივრცეს, გარკვეული პირობებით მოხდეს რადიკალური და შეურიგებელი პოზიციების გადახედვა.
ეს პარტიები ცოტა უფრო ჭკვიანურად იქცევიან სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ანუ მოლაპარაკებებისთვის კარს მაინც ღიას ტოვებენ. ეს არის ყველაზე ჭკვიანური მიდგომა - მოითხოვო მაქსიმუმი, რომ მიიღო მინიმუმი. ხელისუფლებასთან გარკვეულ პირობებზე ვაჭრობით შეიძლება მოხდეს ისე, რამდენიმე პარტიამ განაცხადოს, რომ მზად არიან შევიდნენ პარტლამენტში. ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი. პარტიები რაც უფრო მოქნილები არიან თავიანთ განცხადებებში, მით უფრო კარგად წარმოჩინდებიან, მათ შორის - საერთაშორისო პარტნიორების თვალში. ყველა ეს განცხადება, რაც პარტიების მიერ კეთდება, განკუთვილია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო აუდიტორიისთვის. გამოდის, რომ ხიდებს არ წვავენ“ - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.