„ოპოზიციას ჰქონდა თვითიმედოვნება, რომ სახელმწიფო ისეთივე სუსტია, როგორც მათ წარმოედგინათ, ანუ როგორც 1991, ან 2003 წელს და ფიქრობდნენ, ამ ისტერიკით სახელმწიფო გადატრიალებას გამოიწვევდნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
„ნაცმოძრაობა“ მორიგი ულტიმატუმით გამოდის. თუკი ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ჩაიშლება, „ნაცმოძრაობა“ თავის საარჩევნო სიას გაანულებს. ეს რამდენად შესაძლებელია?
- არავითარი მექანიზმი საამისოდ არ არსებობს, ასეთ რამეს არც საარჩევნო კოდექსი იცნობს, არც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი. სიის განულება შეუძლებელია, ცალკეულ დეპუტატებს, ვინც მანდატი მიიღო, შეუძლიათ უარი თქვან თავიანთ უფლებამოსილებაზე და მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ, მაგრამ პარლამენტის უფლებამოსილება სჭირდება ამას, პარლამენტს შეუძლია ეს საკითხი არ განიხილოს. რომც განიხილოს ეს საკითხი და შეუწყვიტონ უფლებამოსილება, ეს არ ნიშნავს, რომ სია განულდა. ამის შემდეგ მათი ადგილმონაცვლეები უნდა შევიდნენ პარლამენტში. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს, სანამ ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობა არ მოხდება, სიას ხელს ვერ ახლებენ. სია იკეტება და მასში ცვლილებების შეტანა არ შეიძლება. სიის განულება საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია, არ გამოვა და არც უნდა გამოვიდეს, რადგან ლოგიკას მოკლებულია. პარტია არსებობს იმისთვის, რომ ჯერ მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყოს და შემდეგ ეს ნება გამოხატოს და ასახოს პოლიტიკაში. პარტიის დანიშნულება ეს არის. პარტია, რომელიც მანდატებზე უარს ამბობს, ის უარს ამბობს, რომ საერთოდ პარტიაა, ანუ არსებითად რასაც უნდა წარმოადგენდეს, იმას ეწინააღმდეგება. თუ ოპოზიცია აპირებს, დაუპირისპირდეს ოფიციალურ სტრუქტურებს და ამტკიცოს, რომ საქართველოში არავითარი ინსტიტუცია არ არის და შექმნას კონტრძალაუფლება, რასაც ამბობდა თემურ ალასანია პარალელური მთავრობის შესახებ, ეს რასაკვირველია, არის პირდაპირი ამბოხი სახელმწიფოს წინააღმდეგ და დასჯადია, თუ ეს ყველაფერი მოქმედებებში გადადის. ეს არ არის არც 1991 წელი, რომ ვინმეს პუტჩი გაუვიდეს, ან შეიარაღებული ამბოხი მოაწყოს, არც 2003 წელი, რომ ე.წ. ვარდების რევოლუცია მოხდეს. სინამდვილეში, ვარდების რევოლუცია რა იყო? ეს იყო მოქალაქეთა რაღაც ნაწილის შევარდნა პარლამენტში და გადატრიალება. ეს დღეს შეუძლებელია. ოპოზიციის მტკიცების მიუხედავად, სახელმწიფო დღეს ინსტიტუციონალიზებულია, ყველა ძალისმიერი საშუალება მონოპოლიზებულია, ძალაუფლების განხორციელების ყველა საშუალება სახელმწიფოს ხელშია და სახელმწიფოს გარდა არავის არ აქვს ძალის გამოყენების უფლება. თუ ისინი რამენაირად დაუპირისპირდებიან სახელმწიფოს იმ დემაგოგიით, რაც ახლაა, მათთვის შედეგი ძალიან მძიმე იქნება. მათ ეს იციან, მაგრამ ახლა შანტაჟის გზას ადგანან. პატარა ბავშვებივით ფეხებს აბაკუნებენ, ისტერიკაში არიან. რასაკვირველია, ამაზე პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და უარყოფითი. რომელ ხელახალ არჩევნებზე ლაპარაკობენ, როცა ერთმა მილიონმა ადამიანმა პირველ ტურში „ოცნებას“ მისცა ხმა, ნახევარმა მილიონმა კი - მეორე ტურში. ჩვენ რა ადამიანები არ ვართ? როგორ შეიძლება ვინმემ ჩვენი არჩევანი შეცვალოს ისტერიკითა და შანტაჟით?
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ბოიკოტს ნაკლებად განვითარებულ პოლიტიკურ კულტურას უკავშირებს, მაგრამ, ამავდროულად, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ისეთი კატეგორიულები იყვნენ თავიდან ოპოზიციონრები, ახლა რომ შევიდნენ პარლამენტში, უკვე უთავმოყვარეობა იქნება.
- უთავმოყვარეობასა და თავმოყვარეობაზე არ არის საუბარი, აქ ლაპარაკია, რომ არსებობს სამართალი და დემოკრატიული პროცესი, სადაც ამომრჩევლის ნება უზენაესია და არავის არ აქვს უფლება, კრიჭაში ჩაუდგეს ამას. ვისი ბრალი იყო, რომ იმთავითვე ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ? მათივე ბრალი იყო და ახლა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ ამ უპასუხისმგებლობაზე.
ეტყობა, რაღაც მოლოდინი ჰქონდათ, თორემ პარლამენტში შესვლას, ალბათ, ოპოზიციის ნაწილი მაინც დათანხმდებოდა.
- მათ ჰქონდათ არა მოლოდინი, არამედ თვითიმედოვნება, რომ სახელმწიფო ისეთივე სუსტია, როგორც მათ წარმოედგინათ, ანუ როგორც 1991 წელს, ან 2003-ში და ფიქრობდნენ ამ ისტერიკით სახელმწიფო გადატრიალებას გამოიწვევდნენ. ეს არ მოხდება. საერთაშორისო ვითარება აბსოლუტურად შეცვლილია. მათ მხარდამჭერი არც საერთაშორისო არენაზე არ ჰყავთ, თვით მათი მოკავშირე „ევროპის სახალხო პარტიაც“ კი ამას მხარს არ დაუჭერს. ქართველი ხალხი ამას მხარს არ უჭერს, ჩვენი სახელმწიფო ყველანაირად წინააღმდეგობას გაუწევს, საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვთ და ახლა თავმოყვარეობის გამო რაც არ უნდა გააკეთონ, ეს არაფერს შეცვლის.
პოლიტიკოსისთვის მაინც შეუცვლელია საპარლამენტო ტრიბუნა, ქუჩიდან ვერ იმართება პროცესები, მით უმეტეს, კორონაპანდემიის დროს, მაშინ რა რესურსი დარჩა ოპოზიციას?
- მათი რესურსია კონტრძალაუფლება და „გლავკანალი“. ეს არის მათი ტრიბუნა. წვრილ-წვრილი პარტიები მაგით ჰყავთ დაბმული, რომ ტრიბუნა გექნებათ ტელევიზიაშიო, არა მარტო საინფორმაციო ოკუპაციაა ეს, არამედ კონტრძალაუფლებაა და ინკვიზიციის სტილში მოქმედებენ. გვარამია რასაც ამბობს, თურმე ის არის უზენაესი ჭეშმარიტება. არჩევნები გაყალბდაო, პირველად მაგან თქვა, როგორც დიდი ინკვიზიტორი იტყოდა. სასამართლო სისტემა შეჯიბრებითობაზეა აგებული, ითქმება პრო და კონტრ არგუმენტები. ინკვიზიციის დროს კი ეს არ დაიშვება. მათ ინკვიზიციური სამართალი, ინკვიზიციური ხედვა აქვთ, ჭეშმარიტების ერთადერთი საზომია გვარამიას სიტყვა, გვარამიას კვერი უნდა უკრან, რადგან ის ტრიბუნაც არ ექნებათ. თუ განსხვავებულ აზრს იტყვიან, მაშინვე მოკვეთავენ. რითი დამთავრდება ეს? არაფრით. სულ გაგიჟდებიან.
თქვენ თავიდანვე აცხადებდით, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, მაშინ საარჩევნო სიის მომდევნო პირები, ანუ ადგილმონაცვლეები შევლენო. ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ მოიგუდება ოპოზიცია?
- პროცედურული ცირკის მოწმენი გავხდებით, თუ არავითარი შეთანხმება არ მოხდა. ციკლურად რაღაც ნაწილი შევა პარლამენტში, მათ მერე განცხადება უნდა დაწერონ და მანდატზე უარი თქვან, ამის მერე კიდევ მომდევნო ნაწილი შევა და ასე გაგრძელდება, სანამ სია არ ამოიწურება. ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში იქნება შალვა ნათელაშვილი. რაც უფრო ცოტაა მიღებული მანდატების რაოდენობა და სია გრძელია, ციკლი მით უფრო გრძელი იქნება. ნათელაშვილს 169 კაცი ჰყავს სიაში, ეს ნიშნავს, რომ 169-ვე კაცმა მორიგეობით, რიგრიგობით, ციკლურად უარი უნდა თქვას მანდატზე, ჯერ შალიკომ უნდა თქვას უარი, ამის შემდეგ მეორე ნომერმა, თუ არ ვცდები, გიორგი გუგავამ და მერე 168 გუგავამ. ყველა მათგანმა უარი უნდა თქვას პარლამენტში შესვლაზე. ამას დრო სჭირდება. ცესკო ვალდებულია, 15 დღე ელოდოს, რათა პარლამენტის წევრმა თანხმობა თქვას მანდატზე და შევიდეს პარლამენტში. თუ ის თანხმობას არ მისცემს, უფლებამონაცვლე გახდება მისი შემდგომი. 15 დღე 168-ზე რომ გაამრავლოთ, 7 წელიწადი გამოვა. 7 წელი ამას უნდა ვუყუროთ? ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ თავს გაიმასხრებენ.