პარლამენტის შეკრებას საქართველოში უკვე არა მხოლოდ დიპლომატიური მისიები და სტრატეგიული პარტნიორები ითხოვენ. კიდევ ერთი შეხვედრა შედგა ელჩის რეზიდენციაში - ამჯერად, ფასილიტატორებმა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები გამართეს.
ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობდა. კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს 8 პარტიის დარწმუნება უწევს, რომ პარლამენტში შევიდნენ. ელჩები პოზიტიურად თვლიან იმ ფაქტს, რომ პარტიები გამოსავლის პოვნას ცდილობენ, თუმცა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის კონკრეტული ნიშნები, ჯერჯერობით, არ ჩანს. ოპოზიციის ლიდერების უდიდესი ნაწილი ისევ ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, პოლიტიკურმა დიალოგმა აშშ-ს ელჩის რეზიდენციიდან დღეს ევროკავშირის ელჩის მისამართზე გადაინაცვლა. ლოკაციასთან ერთად შეიცვალა ფორმატიც - ჯგუფური შეხვედრები ინდივიდუალურმა აუდიენციებმა ჩაანაცვლა.
პოლიტიოლოგები და ექსპერტების დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ პროცესი საპარლამენტო ჩარჩოებში უნდა გადავიდეს, სადაც ოპოზიციაც შევა, საგამოძიებო კომისიას შექმნის და არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს შეაფასებენ.
ექსპერტებისა და პოლიტოლოგების მსგავსად, პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილიც ფიქრობს, რომ შესაძლოა, პროცესის პარლამენტში გადატანა კრიზისიდან გამოსავლის ერთ-ერთი გამოსავალი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტარიზმის 30-წლიან ისტორიაში პირველად, შესაძლოა, ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ჰყავდეს, რაც ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილის თქმით, შესაძლოა, განგრძობითი პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდეს.
ამის პარალელურად კი, გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს და არ შეიძლება იმის თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს. ელჩი ასევე განმარტავს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკების რესურსი.
ასევე საინტერესო განცხადება საქართველოში ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა გააკეთა. მისი განცხადებით, პოზიტიური ნიშანია ის, რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ.
„ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ. ვფიქრობ, ეს ნამდვილად პოზიტიური ნიშანია. ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა არ უნდა გადაწყვიტოს, საკითხი საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. ჩვენ იქამდე ვუჭერთ მხარს ამ პროცესს, სანამ ისინი კონსტრუქციულად მსჯელობენ“, - აცხადებს კელი დეგნანი.
მთელი დღის განმავლობასში ოპოზიციის ლიდერები საელჩოში შედიოდნენ და გამოდიოდნენ, თუმცა კონკრეტულად რაზე ისაუბრეს, ამაზე დეტალურად არც ერთი მათგანი არ საუბრობს. სავარაუდოდ, ელჩებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ოპოზიციის ლიდერებს, რომ პარლამენტში შევიდნენ.
პარტიისგან განსხვავებული პოზიცია, გრიგოლ ვაშაძის შემდეგ, ამჯერად სალომე სამადაშვილმა დააფიქსირა. სამადაშვილი მომავალში ვადამდელი არჩევნების დათქმით, პარლამეტში შესვლის პოზიციას იზიარებს.
„დღეს მოლაპარაკებები განახლდა და მეჩვენება, რომ ჩვენს საჯარო სივრცეში დისკუსია ერთ საკითხზე დავიდა - შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. ამ გადაწყეტილების კონტექსტი გვავიწყდება - ნიშნავს თუ არა პარლამენტზე უარი არჩევნების გზით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე უარს? ეს რომ გავაანალიზოთ, ამისთვის შესაძლო სცენარები უნდა განვიხილოთ. რას ველოდებით? თავისთავად პარლამენტზე უარი, არც მიზანია და არც რაიმე მყისიერი ეფექტის მქონე საშუალება. ამას ვამბობ, რადგან არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება იქნება ვინმესთვის. არა, პირიქით, ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ.
„ქართული ოცნება“ დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით-მაგრამ დიდი ალბათობით, არც თუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს. მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა? თუ ოპოზიციას მოუწევს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ამ არჩევნების მოგება და ამის საფუძველზე, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნა? ვვარაუდობ, რომ ეს სცენარი უფრო რეალისტურია. ამ შემთხვევაში, მომავალი არჩევნებისთვის სხვანაირი საარჩევნო გარემოს მიღებაა ოპოზიციის ამოცანა და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს. არსებობს მოსაზრებაც, რომ არჩევნებს ქვეყანაში აზრი აღარ აქვს და ბრძოლის სხვა მეთოდები უნდა ვეძებოთ. ამ პოლიტიკური მიმდინარეობის ადამიანებისთვის არანაირ შეთანხმებას ხელისუფლებასთან მნიშვნელობა არა აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ მათ სკეპტიციზმს ვიზიარებ „ქართული ოცნების“ მიერ დანაპირების შესრულებაზე - ასევე უპერსპქტივოდ მიმაჩნია შეთანხმებაზე და შესაბამისად, არჩევნების პერსპექტივაზე უარის თქმა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა, ერთადერთ რაციონალურ მიზნად მიმაჩნია. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყეტილების ავკარგიანობას ამ ჭრილიდან განვიხილავ. მათ შორის იმას, თუ რაზე შეიძლება შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. ეს პრინციპული განსხვავებაა ჩემს და მათ შორის, ვინც მოუთმელად ელის ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას, იმისთვის რომ დაგვარწმუნოს, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები რაიმე აზრიანით დასრულდება, რადგან ალტერნატივა საკმაოდ ბნელ და უპერსპექტივო მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას“, - საკუთარი პოზიცია სალომე სამადაშვილმა Facebook-ზე დააფიქსირა.
For.ge ოპოზიციასთან შეეცადა გაერკვია რაზე ისაუბრეს ელჩებთან და იყო თუ არა მათი მხრიდან პირდაპირ მოწოდება, რომ ისინი პარლამენტში უნდა შევიდნენ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია for.ge-სთან ამბობს, რომ ელჩებთან შეხვედრა იმედის მომცემია და ჩანს, რომ მათ ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისი აღელვებთ. ამიტომაც მათი ერთადერთი სურვილია, რომ ორივე მხარე რაღაცა დათმობაზე წავიდეს.
„პირველ რიგში, იმედის მომცემია, რომ ელჩები ასეთი აქტიურები არიან ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ესეც მნიშვნელოვანი გზავნილია. რა თქმა უნდა, ვერავინ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ გვიკარნახებს. ხელისუფლება არის უპასუხისმგებლო და ჩვენ ვალდებულები ვართ ეს პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე ავიღოთ. ჩვენ გაჯიუტებულები კი არ ვართ და ამიტომ კი არ ვამბობთ უარს პარლამენტში შესვლაზე, არამედ ქვეყნისთვის არჩევნების დაბრუნება გვინდა. ამიტომ ელჩებს უნდათ, რომ რაღაც გამოსავლამდე მივიდეთ. ახლა ჩვენთვის ყველაზე კომფორტულია, რომ შევიდეთ პარლამენტში და იქ ოპოზიციონერობა ვითამაშოთ. ბიძინა ივანიშვილის მიერ განსაზღვრულ ოპოზიციონერობას პარლამენტში ვერ ვითამაშებთ. ელჩებთან ვიყავით არა იმიტომ, რომ ვინმემ რამე გვიბრძანოს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორები დარდობენ იმაზე, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება“, - ამბობს ელენე ხოშტარია for.ge-სთან.
პარტია „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელსიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ფრთხილი ოპტიმიზიმის საფუძველი გაჩნდა. თუმცა მოლაპარაკებებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ელისაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ტონი შერბილებულია და ამიტომ ესეც კარგია.
„საელჩოში რაღაცა გარიგებების გამო არ მივდივართ, უბრალოდ, ვცდილობთ, რომ გამოსავალი მოიძებნოს. მოლაპარაკების მთავარი მიზანი არ მინდა დავაზიანო, ამიტომაც დეტალებზე ვერ ვლაპარაკობ. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ელჩებიდან ძალიან მადლიერი გამოვედი. მართალია, დეტალებს ვერ ვამბობ, მაგრამ ის პირი უჩანს, რომ წინგადადგმულ ნაბიჯამდე მივდივართ. ეს იქნება ისეთი შედეგი, რაც ქვეყანას წაადგება. ვინ არის ახლა ისეთი, რომ ქუჩაში დგომა უხაროდეს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კონსენსუსამდე მივალთ, მჯერა. შედეგი იქნება ისეთი, რომ ყველა გამარჯვებული ვიქნებით. ქვეყანა გამოვა გამარჯვებული“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი for.ge-სთან.
„გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს კი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ალეკო ელისაშვილსიგან განსხვავებით ასეთი ოპტიმიზმი არ აქვს. For.ge-სთან ამბობს, რომ ეს იყო მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრა და ელჩებს უნდათ, რომ რაღაცა კონკრეტულ შეთანხმებამდე მივიდნენ.
„ამ ხალხს უნდა, რომ მესამე რაუნდისთვის რაღაცა კონკრეტული შეთანხმებამდე ოპოზიცია და ხელისუფლება მივიდეს. უნდათ, რომ კონკრეტული შედეგით დასრულდეს. არ ვიცი, არ მინდა არც პესიმიზმი და არც რაღაცა გადაჭარბებული ოპტიმიზმი გამიჩნდეს. უბრალოდ, ესაა წინა მოსამზადებელი შეხვედრები მესამე რაუნდის მოლაპარაკებისთვის, ამიტომაც წინასწარ დასკვნებს ჯერ ვერ გავაკეთებ. სხვას ელჩები ვერაფერს შეძლებენ. მოგვიწოდებენ ორივე მხარეს, რომ კონკრეტულ კონსესუსამდე მივიდეთ“, - ამბობს ჯაფარიძე for.ge-სთან.