დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მხოლოდ „ქართული ოცნება“ ღებულობს. ოპოზიცია მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და არჩევნებს მდუმარე პროტესტით ხვდება. ამასთან, ოპოზიციამ გააუქმა „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობის გეგმაც. მიზეზად ოპოზიცია ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს ასახელებს. ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხელისუფლების განცხადება, რომ „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობის გეგმას სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ.
„სირცხვილის კორიდორების“ გაუქმება სწორ და კონსტრუქციულ გადაწყვეტილებად შეფასდა მმართველ გუნდში. პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებს არ შეხვედრიან.
„როგორც კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაინიშნება, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ჩემს მიმართვაში მგონი არაფერია ცუდი. რაც შეეხება კრიზისს, ვიმედოვნებ, რომ ისინი მიიღებენ სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ქვეყნის იმიჯისთვის. მინდა ელჩებს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თანამშრომლისა და მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, მათი ჩართულობით ეს შესაძლებელი იქნება, დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ აშშ–ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა, რათა გამოსავალი მოიძებნოს. მისივე თქმით, პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები გამოსავლის პოვნას ცდილობენ.
„ყველა მოდის გამოსავლის პოვნის რეალური სურვილით, რაც საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს. არის რეალური გაგება, რომ საქართველოს ინტერესები ყველაზე მთავარია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კელი დეგნანმა.
ამასთან, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს. მისი თქმით, პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას. როგორც კობახიძე აცხადებს, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს შანტაჟს, ხოლო კონსტიტუცია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს ითვალისწინებს.
„პარლამენტისა და მისი უმრავლესობის გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ერთპარტიულ პარლამენტს. პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას. ეს არის კონსტიტუციაში ჩადებული მექანიზმი შანტაჟის წინააღმდეგ. პროცედურები ისეა გაწერილი, რომ პარლამენტის ნების გარეშე ამ შანტაჟს ვერავინ ვერ განახორციელებს. თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ანუ, ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150–ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას. ამის შემდეგ, თითოეულ მათგანს შეუძლია, რა თქმა უნდა, დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა მათ პარლამენტს. ეს არის შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი. პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანს განცხადებამ ოპოზიციაში დაბნეულობა გამოიწვია. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მტკნარი სიცრუეა ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ პარლამენტს შეუძლია ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს. ინაშვილი ამბობს, რომ კობახიძის განცხადება არაკომპეტენტურობის გამოხატულებაა.
„არავის არ აქვს უფლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ადამიანი დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში. ირაკლი კობახიძე არის მატყუარა, ძალიან მდაბიო ცილისმწამებელი, არჩევნების გამყალბებელი. მე მახსოვს, არჩევნების ასეთი გამყალბებელი იყო თინა ხიდაშელი, რომელიც საგარეჯოს არჩევნების გაყალბების მერე, ფეხებს უბაკუნებდა მთელ მთავრობას, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ, სად არის ხიდაშელი, ის აღარ არის ხელისუფლებაში და ექსპერტია.
კობახიძესაც ელის იგივე ბედი. ნურავინ იფიქრებს, რომ გააყალბებს არჩევნებს ქვეყანაში და ეს დარჩება დაუსჯელი. რაც შეეხება მექანიზმს, რომ უმრავლესობა ჩვენი ნების მიუხედავად, შეგვიყვანს პარლამენტში, ეს არის მტკნარი სიცრუე და არაკომპეტენტურობის გამოხატულება კობახიძის მხრიდან. არავის აქვს უფლება ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ სადმე შეგვიყვანოს, ან არ შეგვიყვანოს, მით უმეტეს, კობახიძეს და უმრავლესობას არ აქვს ამისი უფლება“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
„თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ირაკლი კობახიძემ და მისმა მეგობრებმა შეიძლება გადაწყვიტონ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მე ვიქნები თუ არა დეპუტატი? არ წერია მსგავსი რამ კონსტიტუციაში“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, რომლის განცხადებით, შეუძლებელია სახელმწიფომ მოქალაქეს საქმიანობა განუსაზღვროს.
„სახელმწიფომ რომ მითხრას, გინდა თუ არა შენ უნდა იყო მაღაროელი, ხომ ვერ გავხდები მაღაროელი, თუ მე არ მინდა მაღაროელი რომ ვიყო? პარლამენტის წევრობაც არის ასეთივე რაღაც, კონკრეტული საქმიანობა, პროფესია. მე თუ არ მინდა, კობახიძე ვერ გამხდის მე პარლამენტარს, ვერც ერთ შემთხვევაში. რაც შეეხება ბოიკოტს, არაფერი კარგი ბოიკოტში არაა, არც იმაში, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. უბრალოდ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და არა ოპოზიციური პარტიები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ მხარეს ხედავს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, რომლის განცხადებით, ოპოზიცია მმართველი გუნდის წინადადებას ელოდება. რომელიც მისი თქმით, უნდა იყოს აზრიანი, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.
„ბურთი და პასუხისმგებლობა მთლიანად არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებაც გამოიჩენს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის წინაშე და ისე, როგორც ოპოზიცია ფიქრობს, როგორც ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ, „ქართული ოცნებაც“ დაიწყებს ფიქრს გამოსავლის მოძებნისთვის კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა თავად შეიყვანეს.
ჯერჯერობით შეთავაზება, რაც მაგიდაზეა, გახლავთ კვლავ ოპოზიციის შეთავაზება გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების შესახებ და არაფერი ახალი „ქართული ოცნებისგან“ არ მოგვისმენია, ველოდებით მათი მხრიდან წინადადებებს, როგორ შეიძლება განიმუხტოს კრიზისი. იმედი გვაქვს, ხელისუფლება ელემენტარულ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ამ ქვეყნის მომავლის წინაშე“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან კომპრომისულ წინადადებას ელოდებიან, რადგან 2021 წელი ყველა თვალსაზრისით, ძალიან სახიფათო იქნება.
„ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორეთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. „ქართული ოცნებისგან“ ველოდები კომპრომისულ წინადადებას, იმიტომ, რომ 2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით – გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური, სოციალური, საგარეო–პოლიტიკური კუთხით. ამიტომ ქართველები რაც უფრო მალე მოვნახავთ კომპრომისს, მოვილაპარაკებთ იმაზე, რაც საქართველოს მოქალაქეს დააკმაყოფილებს, მით უკეთესი. ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. როგორ წარმოგიდგენიათ პარლამენტში შესვლა, როდესაც ოპოზიციური პარტიების 100% და მათი მხარდამჭერები ამის კატეგორიული წინააღმდეგია?“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგოლ ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამტკიცებს, რომ ამ დრომდე არც ერთი წინადადება არ მოუსმენია „ქართული ოცნების“ მხრიდან. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რაზე უნდა ისაუბრონ.
„არც ერთი ადეკვატური წინადადება არ მომისმენია, რომ გადამაფიქრებინოს, ან ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს რამენაირად გადააფიქრებინოს პარლამენტში შესვლა–არშესვლის საკითხი. პარლამენტში არანაირი აზრი არ აქვს რამე პროცედურებში მონაწილეობას. თამარ ჟვანიას მიერ დაორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, სისტემამ დრო მოჭამა და ის უნდა შეიცვალოს.
ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები, რა თქმა უნდა, მოგვიწოდებენ შეთანხმებისკენ, მოგვიწოდებენ კომპრომისისკენ. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი გარდა იმისა, რაც ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, დავაყენეთ, იმიტომ, რომ არც ერთი წინადადება არ მომისმენია „ქართული ოცნების“ მხრიდან და შესაბამისად, რაზე უნდა ვისაუბროთ?“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის შეფასებით, სადეპუტატო მანდატის შემადგენელი პრივილეგიაა, უარი თქვა მანდატზე – ძალით პარლამენტში ვერავინ გაგაჩერებს. მისი თქმით, სადეპუტატო მანდატი ითვალისწინებს იმას, რომ პარლამენტის წევრმა მანდატზე უარი თქვას და ამას უმრავლესობამ პატივი უნდა სცეს.
„პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ანუ საკითხს უყაროს კენჭი და მათ უფლებამოსილება შეუწყვიტოს. პარლამენტის უმრავლესობამ პატივი უნდა სცეს დეპუტატის მოთხოვნას, უარი თქვას პარლამენტში შესვლაზე. ოპოზიციის პარლამენტში ძალით დაბმა ოპოზიციონერი ამომრჩევლის უპატივცემულობაა.
კონსტიტუცია ითვალისწინებს ბერკეტს, უმცირესობამ არ მოახდინოს პარლამენტის მუშაობის ბლოკირება, რისი მექანიზმიც არის ის, რომ 76 ადამიანს 150 კაცის უფლებამოსილების ცნობა შეუძლია. საკონსტიტუციო ინსტრუმენტები გათვალილია ისეთ შემთხვევებზე, როცა უმრავლესობა ოპოზიციას უფლებამოსილებას უკანონოდ უწყვეტს და ამით საკანონმდებლო ორგანოში საქმის გაიოლებას ცდილობს“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.