საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის საერთაშორისო ზედამხედველობის სურვილი გამოთქვა.
„მოლაპარაკებების მსვლელობისას საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულება მოლაპარაკებების განახლებას შესაძლებელს გახდის, რათა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა დაცული იყოს“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების კონსოლიდირება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას და ყველა საჭირო ზომის მიღება სურს რეგიონის კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დასაცავად.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.