აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დარღვევები არა ცალკეული შემთხვევები, არამედ ერთიანი გეგმის ნაწილი იყო.
„როდესაც გამოძიება დავიწყეთ, ძალიან მალე აშკარა გახდა, რომ ეს არა ერთ შტატში განცალკავებული დარღვევები, არამედ დარღვევების ჯაჭვია, რომელიც რიგ შტატებში მეორდებოდა. პრაქტიკულად, ერთნაირი შემთხვევებია, რაც ნებისმიერი გამოცდილი გამომძიებლისთვის იმას ცხადყოფს, რომ ამ მაქინაციების გეგმა ერთი ადგილიდან ხორციელდებოდა, განსაკუთრებული ყურადღება „დემოკრატების“ კონტროლის ქვეშ მყოფ დიდ ქალაქებს ეთმობოდა, განსაკუთრებით იმ ქალაქებს, რომელიც კორუფციითაა ცნობილი“, - განაცხადა რუდი ჯულიანიმ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დონალდ ტრამპის ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ პენსილვანიის შტატში თითქმის 700 ათასი ბიულეტენი ბათილად უნდა ცნონ, ვინაიდან ფოსტით გამოგზავნილი ბიულეტენები სათანადოდ არ შემოწმდა.
„მაგალითად, პენსილვანიაში, სადაც ჩვენ ყველაზე ზუსტი მტკიცებულებები გვაქვს, 682 770 ბიულეტენი არ შემოწმდა. მათი გათვალისწინება არ შეიძლება“, - აღნიშნა რუდი ჯულიანიმ.
ამასთანავე, მან ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის პროცედურა გააკრიტიკა, ვინაიდან შტატის უფლებამოსილი პირები ბიულეტენზე დატანილ ხელმოწერებს რეგისტრაციისას დატოვებულ ხელმოწერებს არ ადარებენ.
„ჯორჯიაში ხმების გადათვლა არაფერს მოგვცემს, ვინაიდან ეს ყალბი ბიულეტენებია და მათ კიდევ ერთხელ დაითვლიან“, - დასძინა რუდი ჯულიანიმ.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ადვოკატმა, სიდნი პაუელმა განაცხადა, რომ ვენესუელა, კუბა და სავარაუდოდ, ჩინეთი გავლენას ახდენენ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომელიც აშშ-ში ბიულეტენების დასათვლელად გამოიყენება.
„ვენესუელის, კუბისა და სავარაუდოდ, ჩინეთის მეშვეობით კომუნისტების ფულის დიდ გავლენასა და ასევე ჩვენს არჩევნებში ჩარევასთან გვაქვს საქმე. ფირმა Dominion-ის სისტემა, Smartmatic-ის ტექნოლოგიის პროგრამული უზრუნველყოფა და ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აშშ-ში გამოიყენება, ვენესუელაში შეიქმნა უგო ჩავესის ბრძანებით, რათა მას გარანტირებული ჰქონოდა არჩევნებში მუდმივი გამარჯვება“, - განაცხადა სიდნი პაუელმა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას მოწმეების ჩვენებები აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით.