„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრებმა კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო და მიუხედავად გარკვეული ზეწოლისა, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე, ოპოზიური სპექტრი დათმობაზე არ მიდის. პარტიების მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება გრძელდება - ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის ფონზე, ანალიტიკოსები საუბრობენ, რომ ოპოზიციას, განსაკუთრებით იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში 1%-დან 4%-მდე ხმები აიღეს, პოლიტური ველიდან გაქრობა ემუქრებათ - იმ ელექტორატსაც დაკარგავენ, რაც მანამდე ჰყავდათ. შედეგად, პოლიტიკური ასპარეზი ორ პარტიას რჩება - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრობას.“ თუმცა, ისიც ფაქტია, რომ რეალურად, ერთმანეთის მთავარი პოლიტიკური ოპონენტები ისედაც ეს ორი პარტია იყო, რადგან თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ამ მცირე პარტიებსაც მიეცათ საკანონდებლო ორგანოში მოხვედრის შანსი, განსაკუთრებული ადგილი ისედაც არ ეკავათ. შანსს იმისა, რომ ეს პარტიები პარლამენტში შევიდნენ და რეალურად მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირება შეძლონ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ართმევს „დიადი მიზნების“ მისაღწევად.
მეორე ტური შაბათს, 21 ნოემბერს გაიმართება. ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი კანდიდატურა მოხსეს. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ პრობლემა ამ შემთხვევაში არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ექმნება, რაზეც ოპოზიური ლიდერები აპელირებენ, არამედ კიდევ ურო დიდი პრობლემის წინაშე ოპოზიცია ექცევა, განსაკუთრებით ის მცირე პარტიები, რომელთა რეიტინგი არცთუ ისეთი მაღალია.
ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, თუკი ვადამდელი საპრალემენტო არჩევნები დაინიშნება და ეს მცირე პარტიები საკანონდებლო ორგანოში არ შევლენ, შედეგად პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ორი პარტია, - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალურ მოძრაობა“ დარჩება. საბოლოოდ კი, პროცესები ქუჩაში ისევ გადაინაცვლებს, თუმცა, ამას უფრო მასშტაბური სახე მიეცემა, რამაც შესაძლოა, დიდ არეულობამდე მიგვიყვანოს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ ეს პარტია დარჩება, შესაძლოა, მოხდეს პროცესების რადიკალიზება, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ არასასურველი შედეგით დასრულდება. მისივე თქმით, განმეორდება 2008 წლის სცენარი:
„ყველაზე რთულ მდგომარეობაში ის პოლიტიკური პარტიები მოხვდებიან, რომლებმაც ხმების 1%-დან 4%-მდე რაოდენობა მიიღეს. ეს ნიშნავს პროცესების ქუჩაში გადატანას, რის შემდეგაც ქვეყანაში ჩამოყალიბდება ორი პარტია. ამ ორ ბანაკში იქნებიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა.“ პატარა პარტიებისთვის რომ ეს კატასტროფის მომტანი იქნება, ფაქტია. თუ არ გაკეთდება ერთი დიდი ოპოზიციური ბლოკი, საეჭვოა, რომ საერთოდ, შეძლონ პარლამენტში მოხვედრა. ორ ბანაკად ჩამოყალიბება პროცესების რადიკალიზებას ნიშნავს.
ანალოგიური პროცესი მიდიოდა 2008 წელს: მაშინ ოპოზიცია თავიდან ერთიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა, შემდეგ არჩევნების დროს, დარჩა ერთი დიდი ბლოკი, რამდენიმე პოლიტიკური ძალა საშუალო რეიტინგით გამოაკლდა, ვერ გადალახეს ბარიერი. გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადალახა ბარიერი, რომელმაც შემდეგ ეს მანდატები დახია და არ შევიდა პარლამენტში.
როდესაც დაპირისპირება ხდება ორ ძალას შორის, შუა იქ იკრიფება. ასეთი პროცესი იყო 2012 წელსაც და ახლა თუ ქუჩაში გავა ოპოზიცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ზრდის რესურსი საშუალო პოლიტიკურ ძალებს, ანუ მესამე ძალად ჩამოყალიბების რესურსი, უბრალოდ გაქრება. თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, მხოლოდ ორი ძალა დარჩება, - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება.“დანარჩენი პარტიების ხმები განახევრდება, რადგან ისინი ამომრჩეველს დაკარგავენ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ველიდან მცირე ოპოზიციური პარტიების გაქრობის რეალური შანსი არსებობს, რა დროსაც მთავარ ოპოზიციური ძალად ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვევლინება.
„პატარა პოლიტიკური პარტიების გაქრობა, დიდი ალბათობაა, რომ ვიხილოთ, რადგან მათ ისეთი მუდმივი მხარდამჭერი, როგორიც ნაციონალებს, არ ჰყავთ. ბრძოლისუნარიანი პარტიების ფორმირება ქუჩაში ვერ მოხდება, საპარტლამენტო ტრიბუნიდან შესაძლებელია გულშემატკივრები გაიჩინონ. მივბაძოთ სააკაშვილს, რომელიც ცხრა წელი იყო ხელისუფლების მთავარი ფიგურა. საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ნაცნობი იყო. ერთმა კაცმა მიიზიდა მოსახლეობის ყურადღება და ამის ფონზე შექმნა პარტია.
შემოვა 4-5%-იანი ბარიერი, ვინ ლახავს ამ ბარიერს? - იმ თავგადასავლების ფონზე, რაც საზოგადოებამ ნახა, ასეთ პარტიებს გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა. ამ პარტიებმა ვერ მოახერხეს მათთვის მომგებიანი ნაბიჯების გადადგმა და ყველა მხრიდან წამგებიანი აღმოჩნდა მათი მოღვაწეობა. ამის ფონზე, ეს პარტიები იმდენ ამომრჩეველს ვეღარ მიიზიდავენ, რომ გადალახონ ბარიერი.
იმასაც ამბობენ, რომ გამწვავდება ეკონომიკური კრიზისი და ახალი არჩევნები სწორედ ამიტომ გახდება საჭირო. თუ გამწვავდება ეკონომიკური მდგომარეობა და ამომრჩეველს დააყენებენ არჩევანის წინაშე, გამწვავებული ეკონომიკური მდგომარობის ფონზე ან „ნაციონალურ მოძრაობა“ მოიყვანონ ისევ, ან პარტიები, რომელთაც მართვის გამოცდილება საერთოდ არ აქვთ, ამ შემთხვევაში, თუ არჩევნები ხელახლა დაინიშნა, შეიძლება პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიული მივიღოთ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.