მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვის მოლოდინშია. ჯერჯერობით უცნობია როდის მოხდება მათი შეხვედრა, თუმცა ფაქტია, რომ რიტორიკის შეცვლას არც ერთი მხარე არ აპირებს. მეტიც, ოპოზიციამ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომ 21 ნოემბერს გამართულ მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებს. ისინი დათმობას მხოლოდ ხელისუფლებისგან ელიან და მესამე რაუნდზეც იმ მოთხოვნებით მივლენ, რასაც აქამდე ახმოვანებდნენ - დაინიშნოს რიგგარეშე არჩვენები და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგეს.
„ოცნებაში“ კი იმედოვნებენ, რომ დიპლომატიური კორპუსის ჩარევის შედეგად ოპონენტებთან საერთო ენის გამონახვა სწორედ ამ შეხვედრაზე შეიძლება მოხდეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თუ მთლიანი ოპოზიცია არა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მაინც გამოიჩენენ საკმარის პასუხისმგებლობას იმისათვის, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე პარლამენტში შევიდნენ და მუშაობა განაგრძონ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზტისა და მის წარმომადგენელთან, ფილიპ რიკერთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ კი, ხელისუფელების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველ პარტიას დათმობაზე წასვლა მოუწევს. თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ოპოზიციას პარალმენტში შესვლისკენ მოუწოდა, რომლის გათვალისწინებასაც, დიდი ალბათობით, ოპოზიცია არ აპირებს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუ „ოცნებას“ არ ექნება გონივრული გადაწყვეტილება მიღებული, მაშინ ოპოზიციის მოთხოვნები არ შეიცლება.
„ვნახოთ, ჩვენც მოლაპარაკების მესამე რაუნდს ველით და ვნახოთ, რა წინადადებები ექნებათ. აქამდე ჯერ რეალური არაფერი გაგვიგია და იქნებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ, რამე დათმობაზე წამოვიდნენ. ჯერ მხოლოდ ერთი და იგივე მოწოდებები გვესმის, რომ პარლამენტში შევიდეთ. სხვა რაიმე შემოთავაზება არ არის. თუ ხელისუფლება თავის რიტორიკას არ შეცვლის, ჩვენ იმ გეგმას მივყვებით რაც აღებული გვაქვს. ეს იქნება მეათე მოწვევის პარალმენტის არალეგიტიმურად გამოცხადება და ქუჩის აქციების გაგრძელება. ვნახოთ, დაველოდოთ და ყველა ერთად გავიგებთ საბოლოოდ ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამბობს კაპანაძე for.ge-სთან.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი for.ge-სთან ამბობს, რომ არსებობს რესურსი, რომლის შედეგადაც შესაძლოა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება მოხდეს. ვოლსკი ამბობს, რომ თუ მთელი ოპოზიციური სპექტრი არა, ნაწილს მაინც ეყოფა გონიერება და პარლამენტში მოლაპარაკების შემდეგ შესვლას დათანხმდება. მისი თქმით, არსებობს ორი საგანგებო მნიშვნელობის საკითხი, რაც მათმა ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ:
„ოპოზიციას პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ქვეყნის, ხალხის და ისტორიის წინაშე. თუგინდ ის ვალდებულებებიც, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე გაგვაჩნია. მით უმეტეს საქართველოს და რეგიონის წინაშე ასე დიდი გამოწვევები დგას. მესამე რაუნდი აუცილეებლად შედგება და ხელისუფლება მზაობას ამაზე ყოველთვის გამოთქვამს. იმედი გვაქვს, რომ მთელი ოპოზიცია თუ არა, ლიდერების ნაწილი მაინც ამ პასუხისმგებლობას ბოლომდე გაიაზრებს და პარლამენტში შემოვლენ. მე მგონი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტმა და იმ განცხადებებმა, რაც გაკეთდა, ყველას კარგად დაგვანახა, რომ პარლამენტში შესვლას ალტერნატივა არა აქვს“, - ამბობს ვოლსკი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ ორ-სამ თვეში თუკი ხელისუფლება და ოპოზიცია რაიმეზე არ შეთანხმდა, სიტუაცია ქვეყანაში კატასტროფული იქნება. ის ორივე მხარეს მოუწოდებს, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ. ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ რამეზე უნდა მოელაპარაკათ, ეს მეორე ტურამდე უნდა ექნათ, ახლა კი სიტუაცია უფრო გამწვავდება. ის ვერ ხედავს რაიმე კონტურებს, რომელმაც შეიძლება ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს.
„ვფიქრობ, ეს განცახადებები შემრიგლებრული ტონით არადამაჯერებელია, რადგანაც ამას ქმედითი ნაბიჯი უნდა მოჰყვეს. ეს ვირეშმაკობას არ უნდა დემსგავსოს, მოდი, შენ დათმე და მე არა. არაფერი განასკუთრებული ამ ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებით არ მოუგონია, მაგრამ კარგად დააფინანსა გარკვეული მამაძაღლობები. მოლაპარაკება ნიშნავს, რომ ორივე მხარემ რაღაცა უნდა დათმოს. მხოლოდ ცარიელი სიტყვებით - მოდი, ვილაპარაკოთ, არაფერი გამოვა. მგონია ხელისუფლება ამას მაინც პომპეოს გასაგონად ამბობს და ამის უკან მოლიდინი დიდი არაფერი მაქვს. მოლაპარაკების სივრცე დავიწროვდა, რადგან მეორე ტურამდე რაღაცა კონტურები უნდა ყოფილიყო. ხელუსუფლებამ საზოგადოების კონსოლიდირება უნდა მოხდინოს. ამას თუ ვერ შეძლბს, სიტუაცია დამძიმდება. მაღალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება გვჭირდება.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებას დისკომფორტი აქვს, რომ პარლამენტში მარტო არ იყოს. სახელმწიფოებრივ პრიზმაშია საფიქრალი. ოპოზიციის ტაქტიკა არ მომწონს და ეს არაერთხელ აღვნიშნე, მაგრამ ერთიანობას ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. თუმცა ასე თუ გაგრძელდა, ორ და სამ თვეში ძალიან რთული სიტუაცია გვექნება. დაველოდოთ მესამე რაუნდს და ვნახოთ, დიდი მოლოდინი არ მაქვს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.
პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან ასევე ამბობს, რომ მას მოლაპარაკების მესამე რაუნდთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ აქვს. მისი აზრით, ოპოზიციას თავიდანვე რადიკალური მოთხოვნები ჰქონდა, რამაც დიალოგი ჩიხში შეიყვანა.
„არ ველი, რომ რომელიმე მხარე რამე დათმობაზე წავა. ხელისუფლებამ რომ დათმოს, ამით რას იგებს? ოპოზიციას თავიდანვე რადიკალური მოთხოვნები ჰქონდა, ქვეყანაში არსებულ რელობას სათანადოდ ვერ აფასებენ. მიდიან ისევ 2008 წლის სცენარით, რომელსაც არანაირი შედეგი მაშინ არ ჰქონია და ახლა რას ელიან? მაშინ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესია და მუხტი უფრო დიდი იყო. ხალხი იყო საშინლად გაღიზიანებული. ახლა ამ ხელისუფლების მიმართ ამ დონის აგრესიას ვერ ვგრძნობ, არ არის მოსახლეობაში ამ დონის საყოველთაო თანხმობა. ამიტომაც შედეგი რაზე აქვთ გათვლილი არ მესმის, მით უმეტეს არც დასავლეთის მხადაჭერა არ აქვთ. შევა ხელისუფლება პარლამენტში და ყველაფერს ოპოზიციას დააბრალებს. მივიღებთ ისევ იგივე სცენარს, რაც უკვე ნანახი გვაქვს“, - ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.