ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ველის მიუხედავად, პომპეო ოპოზიციას არ შეხვედრია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციამ პარლამენტიდან უნდა იბრძოლოს.
„ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ არ ვნახავთ და ისინი არ ნახავენ ერთი და იმავე დარღვევების განმეორებას“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
მაიკ პომპეო არა, მაგრამ ოპოზიციას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერი შეხვდა. როგორც for.ge-თან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რიკერისგან კონკრეტული დაპირებები არ მიუღიათ.
გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის რჩევებს და რა გეგმები აქვთ არჩევნების მეორე ტურისთვის, for.ge-ის კითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი პასუხობს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს როგორ შეაფასებდით და ამ ვიზიტიდან თქვენთვის მთავარი რა იყო?
- ზოგადად, ქვეყნისთვის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც როგორც რეგიონში, ასევე ჩვენთან ურთულესი პერიოდია. საქართველოში ურთულესი პოლიტიკური კრიზისია. შესაბამისად, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია. ყველა შეხვედრა, რომელიც გაიმართა, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორთან იყო საინტერესო. სამოქალაქო სექტორისგან აბსოლუტურად დეტალური ინფორმაციას მიიღებდა იმ პროცესებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ხოლო, როდესაც ოპოზიცია სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდა, იქ ჩვენი პოზიცია ღიად იქნა დაფიქსირებული. ასე რომ, მაიკ პომპეომ სრული ინფორმაცია მიიღო იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც დღეს ქვეყანაში არის. ეს არის არცთუ იოლი მდგომარეობა.
პომპეოს ვიზიტის პარალელულად, სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პარლამენტში შევიდეს და საკანონმდებლო ორგანოდან იბრძოლოს. ამაზე ოპოზიციის პასუხი რა არის?
- მარტო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ზოგადად, არ ერთი საერთაშორისო პარტნიორი ღიად არ იტყვის, რომ პარლამენტში არ შეხვიდეთო. თუმცა, ამავე დროს, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წერია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩაიარა. აქ არის პირდაპირი მინიშნებები, რომ მოსყიდვები და ამომრჩეველზე ზეწოლა იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის წერილში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ცესკოსი და სასამართლოს ნდობა არ აქვთ. პირდაპირი მინიშნებაა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა არასამართლიანად. ბუნებრივია, ჩვენ ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილს ვერ „გავუპრავებთ“ არჩევნებს, რადგან არჩევნები არალეგიტიმური იყო. ბოლომდე ვიბრძოლებთ მოსახლეობის არჩევანის დასაცავად, ამისთვის კი ახალი არჩევნების გამართვაა საჭირო.
ოპოზიცია უმრავლესობაშია და პარლამენტიდან ბრძოლა რატომ არ გსურთ, თუნდაც პარლამენტის შიგნიდან მოითხოვოთ კანონის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა?
- აქ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის უმრავლესობით და ვინ უმცირესობით. აქ მთავარია ის, რომ ქართველი ამომრჩევლის ნება იქნა გაყალბებული. ანუ, ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დააწერინა ის შედეგები, რომელიც მას აწყობდა. როდესაც ვამბობთ, რომ პარლამენტის მანდატებზე უარს ვაცხადებთ, ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი ნათქვამი. ჩვენს უკან დგას ის ამომრჩეველი, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა. ისინი ჩვენგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან. შესაბამისად, ამომრჩევლის წინაშე ვალდებულები ვართ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ. ახლა იმას არ აქვს მნიშვნელობა, ივანიშვილმა რამდენი პროცენტი დაიწერა, მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ აკომპლექტებს მთავრობას. საქართველოს ამომრჩევლის უმრავლესობამ ხმა ცვლილებებს მისცა. ხმა მისცა იმას, რომ მთავრობა დაკომპლექტებულიყო ოპოზიციური პარტიების მიერ. დღეს კი, ეს არჩევანი მოპარული და წართმეულია.
სახელმწიფო მდივნის მრჩევლისგან, ფილიპ რიკერისთან შეხვედრისას რა დაპირება მიიღეთ და რა მესიჯი წამოიღეთ მასთან შეხვედრიდან?
- პირადად მე, შეხვედრას არ ვესწრებოდი, მაგრამ როგორც ვიცი, კონკრეტულ დაპირებებზე საუბარი არ ყოფილა. უბრალოდ, ოპოზიციის პოზიცია მოისმინა. ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია - ჩვენ არ ვაპირებთ, ივანიშვილის საწყალობო მანდატების აღებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოიხატოს ამომრჩევლის ნება. ამისთვის კი ერთი გზაა - ახალი არჩევნების დანიშვნა. ეს იყო ოპოზიციის პოზიცია, რომელიც ფილიპ რიკერმა მოისმინა.
მმართველი გუნდი ოპოზიციას ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე დებატებში იწვევს. თუ დათანხმდება ოპოზიცია ამ დებატებს?
- ჩვენ დებატებზე თანახმა ვართ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ერთი ტელევიზიის დებატები. ჩვენ გვაქვს ჩვენი პირობა - თუ, დებატები არის, ამაში ყველა ტელევიზიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამ დებატებში ყველა ტელევიზიის წარმომადგენელი უნდა იყოს წარმოდგენილი, რათა მაყურებლისთვის უფრო ნათელი გახდეს, თუ რა ხდება ქვეყანაში.
არჩევნებამდე სულ რაღაც 4 დღეღა რჩება და მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მესამე რაუნდი თუ გაიმართება?
- სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით. მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჯერ არ ჩანიშნულა, იმედი მაქვს, რომ ჩაინიშნება. ვნახოთ, ამ შეხვედრაზე რა წინადადებებით წარსდგება ხელისუფლება.
არჩევნების მეორე ტური კარს მოგადგათ და ოპოზიციის კონკრეტული გეგმები ამ დღეს რა იქნება?
- ცნობილია, რომ არჩევნების მეორე ტურში არც ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი მონაწილეობას არ იღებს. მეორე ტურში მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ ლეგიტიმაციას აძლევ გაყალბებულ არჩევნებს. რაც შეეხება 21 ნოემბერს, ჩვენ ვგეგმავთ აქციას. თუ რა და როგორ გაიმართება, ეს უკვე ორ დღეში გვეცოდინება. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ.
გასაგებია მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებთ, გამოდის, რომ ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება. ამის შემდეგ როგორ აპირებთ ბრძოლას?
- ბრძოლაზე აღარაა საუბარი. უბრალოდ, ერთპარტიული პარლამენტი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს ნიშნავს იმას, რომ მივიღეთ საბჭოთა კავშირი. ანუ, იმას რასაც ჩვენ 30 წელია ვებრძოდით, ხელიდან გამოგვაცალეს. მივიღეთ ის, რომ საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით, ქვეყანას ერთი პარტია მართავს, რომელიც ერთი კაცის ნებას ემორჩილება.