ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრების შესახებ

ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრების შესახებ

თუ როგორ წარმოგვიდგენია ზოგადად, როგორც ქართული კულტურის, ისე ქართველი ერის არსებობის შესაძლებლობა თავის თავში, ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ ნაშრომში „ქართული კულტურის კრიტიკის შესახებ“.

მასში მოცემულია სახე ქართველისა, როგორც ჯვარ-პატიოსანი ადამიანისა და ქართველი ერისა, როგორც ჯვარ-პატიოსანთა საზოგადოებისა, რომელიც, ჩვენის აზრით, წარმოადგენს ქართული ეროვნული საზოგადოების სრულფასოვანი ფუნქციონირების, თუ შეიძლება ასე ითქვას, მარადიულ სულიერ კოდს.

გარდა ამისა, წინა თავში ჩვენ წინა პლანზე წამოვწიეთ, აგრეთვე,  თემა ქართული კულტურის რენესანსის შესაძლებლობის შესახებ, რომლის განხორციელებაც, ფაქტობრივად, შესაძლებელია ქართველი ერის მიერ ზემოთ ხსენებული მარადიული სულიერი კოდის ამოქმედების შემთხვევაში.

ბუნებრივია, აქ ისმება ფრიად ლოგიკური კითხვა:

როგორ არის კონკრეტულად შესაძლებელი ქართველი ერის მიერ მასში არსებული მარადიული სულიერი კოდის სრულფასოვანი ამოქმედება, რა საზოგადოებრივი ფორმატის შექმნა და რა კონკრეტულ ღონისძიებათა ციკლის გატარებაა ამისთვის საჭირო ჩვენი საზოგადოების მიერ?

მოქალაქეობა და სახელმწიფოებრიობაქართველი ერის არსებობის ღერძულა იდეა

იმისათვის, რათა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შევძლოთ, მე მოვიშველიებ ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ 2004 წლის 28 ნოემბერს თავის ქადაგებაზე წარმოთქმულ სიტყვებს:

აუცილებელია, რაღაც ისეთი იდეა გვქონდეს ერს, ხელისუფლებას, ეკლესიას, რომელსაც გაჰყვება ერი, რომელსაც ხელში აიტაცებს, როგორც ძვირფას საუნჯეს და ამით შეაბიჯებს მომავალში.

განა მშობელი ერისა და სამშობლოსადმი უანგარო მსახურება არ არის ის ერთადერთი იდეა, რომელსაც ერის, ხელისუფლებისა და ეკლესიის ამგვარი გაერთიანება ძალუძს?

განა ერის, ხელისუფლებისა და ეკლესიის გამაერთიანებელი სხვა ამ იდეის ტოლფასი იდეა შეიძლება მოიძებნოს ქართულ სინამდვილეში?

ბრწყინვალე და საოცარი დასკვნაა, რომელიც სულს ათბობს და ჯვარ-პატიოსნობის იდეის ქართულ სინამდვილეში ხორცშესხმის შესაძლებლობასთან გვაახლოებს, მაგრამ უფრო ბრწყივალე და საოცარია ის დასკვნა, რომელამდეც ამ დალოცვილ მსჯელობის ჯაჭვს მივყავართ და რომელსაც რამოდენიმე წინადადების საშუალებით გავახმოვანებთ.

უმთავრესი დებულება ამ ჩვენს მიერ დაქადნებული დასკვნისა შემდეგში მდგომარეობს:

ერთადერთი სრულფასოვანი ფორმატი, რომელიც აერთებს ერს, ხელისუფლებასა და ეკლესიას მშობელი ერისა და სამშობლოს წინაშე უანგარო მსახურების იდეით და, ამდენად, აძლევს ეროვნულ საზოგადოებას სრულფასოვანი ფუნქციონირების საშუალებას, არის სახელმწიფოებრიობა.

ამგვარად, ჩვენ მივეახლეთ იმ უდიდეს საიდუმლო სიბრძნეს, ამდენი ხნის განმავლობაში სულიერ საუნჯედ ჩაკეტილს ჩვენს გულებში ყრუდ დაგმანული იმ კარებების მიღმა, რომელთათვის გასაღების მორგებითაცა და გაღებითაც სათითაო ჩვენთაგანი ვუხსნით ჩვენს ერს  გზას უკვდავებისაკენ. 

ამ უდიდეს საიდუმლო სიბრძნეს, ამდენი ხნის განმავლობაში ჩაკეტილს ჩვენს გულებში, ჩვენს ცნობიერებაში ყრუდ დაგმანული კარებების მიღმა, ეწოდება ჩვენს დროებაში საკმაოდ შელახული და ბანალურად ქცეული სიტყვა – მოქალაქეობა.

მოქალაქეობა არის ეროვნული საზოგადოების წევრის სულიერი მდგომარეობა, რომელშიც აბსოლუტურ რეალიზებას ჰპოულობს სახელმწიფოებრიობის იდეა.

მოქალაქეობა არის ფარნავაზობა, მოქალაქეობა არის გორგასალობა, მოქალაქეობა არის დავითობა, მოქალაქეობა არის თამარობა, მოქალაქეობა არის სამასი არაგველობა – მოქალაქეობა არის ჯვარ-პატიოსნობა!

სწორედ ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიის პირობებში განისაზღვრება მოქალაქეობა, როგორც ერის მიერ თავისი თავის მსახურების იდეის – სახელმწიფოებრიობის - აღსრულების პიროვნული არსი.

ამ გაგებით, მოქალაქეობა არის ჯვარ-პატიოსნობასაერო ღვთისმსახურება, აღსრულებული სახელმწიფოებრიობის გზით, რომელიც შინაგანად აკავშირებს და უხილავი ძაფებით ჰკრავს ერს, ხელისუფლებასა და ეკლესიას.

ჯვარ-პატიოსნობით გაგებული მოქალაქეობის გარეშე ადგილი აქვს იმ არასასურველ რეალობას, რომლის მხილველნიც დღეს ჩვენ ვართ – ხალხი უთავოა  ხელისუფლების გარეშე, ხელისუფლება უღონოა ხალხის გარეშე, ხოლო ქვეყანა უზნეოა ეკლესიის გარეშე.

რათა ერი იყოს ხელისუფლებით ძლიერი, ხელისუფლება – ერის ნებით განმტკიცებული, ხოლო ეკლესია – ქვეყნისათვის სულიერების საყრდენის მიმცემი და ზნეობის გვირგვინის დამდგმელი, სწორედ ამისათვის არის იმ ერთი უმთავრესი ღერძულა იდეის ქონა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 2004 წელში მოგვიწოდებდა ჩვენი პატრიარქი.

ეს ღერძულა იდეა მოქალაქეობრიობისა და სახელმწიფოებრიობის სახით არის ჩვენი ერის არსებობის მარადი იდეა.

ამ ღერძულა იდეის არსებობა დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც იყო იგი ყოველთვის – დაწყებული უხსოვარი დროის ისტორიამდელი წინაპრებიდან, რომლებიც ვერ შემორჩნენ ჩვენი უძველესი ერის მეხსიერებას, გამოვლილი სულებზე აიეტისა, ფარნავაზისა, გორგასალისა, ხანძთელისა, ჭყონდიდელისა, აღმაშენებელისა, ჭავჭავაძისა და სხვათა და სხვათა დიდ პიროვნებათა, და დამთავრებული დღეს ჩვენით – თანამედროვე ქართული საზოგადოებით.

და თუ უწერია ყოფნა ჩვენს ერს, მხოლოდ და მხოლოდ ამ ღერძულა იდეის – მოქალაქეობრივობისა და სახელმწიფოებრიობის შესახებ საკრალური სულიერი სიბრძნის – მარადი რეალიზების წყალობით.

ქართული სახელმწიფოებრიობის შიდა მოხმარების სტრატეგიული პროდუქტის შესახებ

ქართველი ერის მიერ ქართული სახელმწიფოს ფორმირება გულისხმობს თავისი სახელმწიფოებრიობის ისეთ წესებსა და კანონებზე გაწყობას, რომ მის მიერ შექმნილი სახელმწიფო პასუხობდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომელის ამგვარი პრეცედენტის სინამდვილეში შექმნის შემთხვევაში ჩნდება ხოლმე ნებისმიერი ეროვნული სახელმწიფოს წინაშე.

მოდით, აქ ზედმეტი ცერემონიების გარეშე პირდაპირ დავსვათ რამოდენიმე კითხვა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უკვე დაიბადა თქვენს გულებსა და გონებაში, პატივცემულო მკითხველო:

გააჩნია კი ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებულ ნაშრომში ფორმირებულ ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიას საიმისო კონცეპტუალური რესუსი, რომ შექმნას პირობები სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობის ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობისათვის?

ან:

ფაქტია, რომ საქართველოში ქართველი ერის გარდა ცხოვრობს აგრეთვე მრავალი განსხვავებული ეთნოწარმომავლობისა და რელიგიის მატარებელი ერი. გააჩნია კი ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიას საიმისო კონცეპტუალური რესურსი,  მის მიერ მოწყობილ სახელმწიფოში სრულ კომუნიკაციურ, სოციალურსა და სულიერ კომფორტში ამყოფოს ნებისმიერი მათგანი?

ან:

თუ ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია გულისხმობს მხოლოდ ქართველი ერის საზოგადოებრივ მოწყობას, ხოლო, წინა კითხვიდან გამომდინარე, სახელმწიფოებრიობის ფორმატი გულისხმობს განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილების ჯგუფთა და საზოგადოებათა ერთ სახელმწიფოში ერთობლივი თანაცხოვრების პრინციპების კონცეპტუალურ საფუძველზე დაყრდნობას, მაშინ გამოდის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის კონცეპტუალური საფუძვლების ფორმირებისას პრიორიტეტული უნდა გახდეს არა ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია, რომელიც, ჩვენის აზრით, წარმოადგენს ქართველი ერის ფუნქციონირების მარადიულ კოდს, არამედ ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობების კონცეპტუალური საფუძველი, რომელიც თავისი შინაარსით არის სულ სხვა მსჯელობის თემა. მაშ, რომელი მათგანია ქართული სახელმწიფოებრიობის ფორმირებისას ფუნდამენტალური, როგორი დამოკიდებულება არსებობს მათ შორის და თუ არსებობენ გზები და საშუალებები მათი ერთ სრულ თანხმობაში მოყვანისა?

ანუ ჩვენ დავდექით დილემის წინაშე:

იმისათვის, რომ ჩვენ აღვაშენოთ ქართული სახელმწიფოებრიობა, საჭიროა დავაფუძნოთ იგი ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობების გარკვეულ კონცეპტუალურ საფუძველზე იმგვარად, რომ იგი გულისხმობდეს თავისი თავის ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიიდან გამომდინარეობას.

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დასკვნაა, რომელიც არა მარტო ქართული სახელმწიფოებრიობის პრიორიტეტების განსაზღვრებისაკენ მიგვანიშნებს, არამედ საშუალებას გვაძლევს ზედაპირზე ამოვატივტივოთ ერთი თავისი მნიშვნელობით უპრეცედენტო ღირებულება, რომელიც აქამდე ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველდღიური მოუწესრიგებლობის სიღრმეებში იყო ჩაძირული.

ახლავე  მოგახსენებთ, ჩემო პატივცემულო მკითხველო, თუ რა მაქვს მხედველობაში.

როგორც მოგეხსენებათ, მოთხოვნილება განსაზღვრავს იმ პროდუქტის წარმოშობას, რომელიც დააკმაყოფილებდა ამ მოთხოვნასეს არის კანონი ნებისმიერ სფეროში ნებისმიერ შესაძლო მიმართულებით.

ამ თვალსაზრისით პროდუქტი შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო, მძიმე ან მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური, სულიერი გამომდინარე მოთხოვნილების სფეროს სპეციფიკიდან.

თუ ამ თვალსაზრისით მივუდგებით ჩვენს მიერ ახლახანს მოყვანილ განსაზღვრებას იმ კონცეპტუალური საფუძვლების შესახებ, რომელთა არსებობაც წარმოადგენს გარდაუვალ აუცილებლობას ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობისათვის, მაშინ გამომდინარე სქემიდან „მოთხოვნილება-პროდუქტის წარმოშობა“ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი:

შესაქმნელია ისეთი სახის სულიერ-ინტელექტუალური პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებდა ჩვენი, ქართველი ერის მოთხოვნილებას, აღგვეშენებინა ქართული სახელმწიფოებრიობა.

ამ პროდუქტს ნამდვილად აქვს ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობისა და სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა.

გარდა ამისა, უნდა განსაკუთრებით აღვნიშნოთ, რომ იგი წარმოადგენს პროდუქტს, განკუთვნილს შიდა მოხმარებისათვის.

მივცეთ საბოლოო სახე მოთხოვნას და ვთქვათ:

შესაქმნელია სტრატეგიული დანიშნულების შიდა მოხმარების ისეთი სულიერ-ინტელექტუალური პროდუქტი, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას ჩვენ, ქართველ ერს აღგვეშენებინა სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობა.

ამასთანვე, ნიშანდობლივია, რომ ეს ქართველი ერისათვის შიდა მოხმარების სტრატეგიული დანიშნულების სულიერ-ინტელექტუალური პროდუქტი აუცილებლად უნდა გულისხმობდეს ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობების გარკვეული კონცეპტუალური საფუძველის შექმნას იმგვარად, რომ იგი მთლიანად გამომდინარეობდეს ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიიდან.

ქართული სახელმწიფოებრიობის გარე მოხმარების სტრატეგიული პროდუქტის შესახებ

როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით შიდა მოხმარების პროდუქტის შექმნის შესახებ, მხედველობაში გვქონდა იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რომლებიც მთლიანად გამომდინარეობს ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოებრივი შიდა ფუნქციონალური ინტერესებიდან.

ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის შიდა სტრუქტურულ-ფუნქციონალური მოწყობა მთლიანად არის დამოკიდებული შიდა მოხმარების პროდუქტის ფორმირებას, წარმოებასა და ერისათვის მის მიწოდებაზე.

ამავე თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ისეთი პროდუქტის შექმნის შესახებ, რომელიც მოწოდებული იქნებოდა დაეკმაყოფილებინა გარკვეული მოთხოვნილება, წარმოშობილი საერთაშორისო საზოგადოების ცხოვრებაში.

და, ჩვენის ღრმა რწმენით, სწორედ ქართული სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო საზოგადოებისათვის მიწვდილი პროდუქტის ამ უკანასკნელისათვის მნიშვნელოვნების ხარისხზეა დამოკიდებული ის, თუ რა ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო საზოგადოების გეოპოლიტიკურ ბალანსში ჩვენს მიერ ჩამოსაყალიბებელი ქართული სახელმწიფო.

მეორეს მხრივ, ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია გავარკვიოთ შინაარსი იმ მოთხოვნილებისა, რომლის დაკმაყოფილებისკენ სწრაფვაც განსაზღვრავდა ქართული სახელმწიფოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის გარე მოხმარების პროდუქტს.

მოგეხსენებათ, თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უამრავი ხასიათის გამოწვევები დგას, მაგრამ ჩვენთვის, ქართველი ერისათვის საინტერესოა, განვსაზღვროთ უამრავ პრობლემათა შორის სწორედ იმ ხასიათის ამოცანა, რომლის გადაჭრის რესურსიც ჩვენს კულტურას ნამდვილად გააჩნია.

ამ არც თუ მარტივი ამოცანის გადასაჭრელად მივმართოთ ისევ ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვებს, წარმოთქმულს, ასევე, თავის ერთ-ერთ ქადაგებაში:

„ვფიქრობ, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კვლავ აქტუალურია ცივილიზაციათა დიალოგის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც ხალხებს საშუალებას მისცემს გააერთიანოს ძალები გლობალური თუ ლოკალური საკითხების გადასაჭრელად“ (კარიბჭე 16–29 დეკემბერი, 2005 წელი).    

მოყვანილი ციტატის მცირეოდენი ანალიზიც საკმარისია იმისთვის, რათა დავადგინოთ, რომ ცივილიზაციათა დიალოგის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც მისცემდა განსხვავებული ეთნოწარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილების ხალხებს გამოენახათ საერთო ენა უამრავი გლობალური და ლოკალური პრობლემის გადასაჭრელად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ხასიათის ნომერ პირველ პრობლემას.  

არც ის არის ძნელი მისახვედრი, რომ საქმე ეხება ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობების უნივერსალური კონცეპტუალური საფუძველის შექმნას, რომლის შესახებაც, თუ გავიხსენებთ, სულ მცირე ხნის წინ გვქონდა უკვე საუბარი, როდესაც ვმსჯელობდით ქართულ სახელმწიფოში ქართველი ერის სხვა ერებთან სამართლიანი თანაარსებობის საკითხის შესახებ.

ანუ, გამოდის, რომ გარე მოხმარების პროდუქტი, რომლის შექმნის ამოცანის განსაზღვრებასაც ახლა ვცდილობთ, თავისი შინაარსითა და ხასიათით, აგრეთვე, სულიერ-ინტელექტუალური ხასიათისაა და ერთი ერთზე ემთხვევა ქართული სახელმწიფოებრიობის შიდა მოხმარების სულიერ-ინტელექტუალურ პროდუქტს, რომლის შექმნის ამოცანაც ჩვენ უკვე დავისახეთ სულ რამოდენიმე ხნის წინ.

გამომდინარე ჩვენი პატრიარქის მიერ განსაზღვრული ამოცანიდან, გარე მოხმარების პროდუქტი, რომლის შექმნაც, ჩვენი შემოთავაზებით, წარმოადგენს ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მიზანს, კვალიფიცირდება, როგორც ცივილიზაციათა დიალოგის ქართული მოდელი.

დასკვნა:

ჩვენს მიერ ამ სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებების მიხედვით მარადიული ფუნქციონირების კოდს ქართველი ერისა, რომლის მიერ თავისი თავის იდენტიფიცირების შესაძლებლობაც მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობის საშუალებით არის შესაძლებელი, წარმოადგენს ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია.

თავის მხრივ, ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია არის საფუძველი ქართველი ადამიანის მიერ მოქალაქეობრიობის გაგებისა, რომელიც გულისხმობს ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის ხორცშესხმას, როგორც თავისი პიროვნული სულიერი ცხოვრების წმინდა მიზანს.

ქართველი ადამიანისა და ქართული საზოგადოებისათვის ტრადიციულად მხოლოდLჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიაში განიცდება ერის, ხელისუფლებისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობა, რაც არის ქართული სახელმწიფოებრიობის სტრუქტურულ-ფუნქციონალური მოწყობის საფუძველი.

მეორეს მხრივ, ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის თვალსაზრისით არის აუცილებელი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში საკმარისი პირობა.

იმისათვის, რომ შესაძლებელი შეიქნას სრულფასივანი სახელმწიფოებრივი ნაგებობის აღშენება, აუცილებელია ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია გულისხმობდეს სხვა და სხვა ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობების უნივერსალური ხასიათის ისეთ კონცეპტუალურ საფუძველს, რომელიც მისცემდა ნებისმიერი ეთნო და რელიგიური კუთვნილების ეროვნული საზოგადოებების წარმომადგენლებს ერთ სახელმწიფოში ღირსეული თანაცხოვრების შესაძლებლობას.

ჩვენ ფაქტობრივად მივიღეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მოდელი, რომლის უმთავრეს ღირებულებას, როგორც შიდა, ისე გარე მოხმარების სტრატეგიული დანიშნულების სულიერ-ინტელექტუალურ პროდუქტს წარმოადგენს ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობების უნივერსალური კონცეპტუალური საფუძველი, შემოთავაზებული ჯვარ-პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიის მიერ.

ანუ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ქართული სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგიულ პროდუქტს წარმოადგენს ცივილიზაციათა დიალოგის ქართულ-იბერიული (შემდგომ თავებში ავხსნით, თუ რატომ ვუწოდებთ ჩვენ მას ასე) მოდელი, რომელიც წარმოადგენს საფუძველს როგორც მისი შიდა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ახალ გეოპოლიტიკურ ამპლუაში მისი სრულფასოვანი თვითდამკვიდრებისა.

მაგრამ სანამ ჩვენ შევუდგებით გამოწვლილვით მსჯელობას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ, როგორებიც არის ა) შიდა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა და ბ) საერთაშორისო ასპარეზზე ახალ გეოპოლიტიკურ ამპლუაში ქართული სახელმწიფოებრიობის სრულფასოვანი თვითდამკვიდრება, ვფიქრობთ, აუცილებელია გავარკვიოთ მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც უშუალოდ ეხება იმ სულიერ-ინტელექტუალური პროდუქტის რაობას, რომელთან მიმართებაშიც განიხილება ყოველივე ეს.

კერძოდ, რა ხასიათისა და რაობის მქონეა თავად სულიერ-ინტელექტუალური პროდუქტი – ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელი?

რა სპეციფიკისაა მოთხოვნილება საერთაშორისო საზოგადოებაში ხსენებულ პროდუქტზე და რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ პროდუქტის მოხმარება მისთვის?

რამდენად რეალურია ზოგადად შესაძლებლობა ამ პროდუქტის შექმნისა და რა კონკრეტული რეალობა განსაზღვრავს მის დაკავშირებას მაინცა და მაინც ქართულ კულტურასთან?

რამდენად გააჩნია ქართულ კულტურას მსგავსი ამოცანის გადაჭრის რესურსი და თუ გააჩნია, როგორ არის, ჩვენის აზრით, ხსენებული მიმართულებით მოვლენათა კონკრეტული განვითარება შესაძლებელი?

ყველა ამ საკითხებზე ჩვენ შემდგომ თავებში, რაღა თქმა უნდა, გარკვეული თანამიმდევრობის დაცვით ვისაუბრებთ.