ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა. ამით სახელმწიფო მდივნის 10-დღიან პოლიტიკურ ტურნეს ევროპული ნაწილი დასრულდა. საფრანგეთის, თურქეთისა და საქართველოს შემდეგ მაიკ პომპეო ისრაელს და არაბულ სამყაროს ესტუმრება.
ოფიციალურმა თბილისმა ამერიკელი მაღალჩონოსგან პარტნიორობის უფრო მაღალ ხარისხში გაგრძელების, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიზაციის პროცესისა და ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერის პირობა მიიღო. აშშ–ის მუდმივი ყოფნა საქართველოსა და რეგიონში – ეს ოფიციალური თბილისის სურვილია. პრიორიტეტად რჩება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.
ქვეყნის დიპლომატიური უწყება, ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან მომავალში საქართველოსა და რეგიონში უფრო მეტ ჩართულობას ელოდება. დავით ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანმა გააჟღერა უმნიშვნელოვანესი გზავნილები, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და აშშ–ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეს იყო მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრა.
„რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება მომავალში, რაზეც ორივე მხარის მიერ გამოითქვა, ბუნებრივია, მზაობა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მმართველი გუნდის წარმომადგენელის, გია ვოლსკის განცხადებით, აშშ–ის ვიზიტით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს მიმართ ეკონომიკური, სამხედრო, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა.
„რასაკვირველია, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რესპუბლიკელია სახელმწიფო მდივანი, თუ დემოკრატი, აქ საუბარია აშშ–ის ინტერესებზე, აქ არის ლაპარაკი საქართველოს ინტერესებზე, რომელიც არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ მთელი რიგი მიმართულებით არის სტრატეგიულად გათვლილი და შეთანხმებული. ასე რომ, იქნება ეკონომიკური, სამხედრო, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, რასაკვირველია, ამითი სპეკულირება შეიძლება, მაგრამ არა მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ინტერესებზეა საუბარი. სწორედ ამაზე მიუთითა პომპეომ თავისი ვიზიტითაც, თავისი დღის წესრიგითაც და იმ განცხადებებით, რომლებიც მან ვიზიტის ბოლოს გააკეთა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
დიპლომატის და იურისტის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, მაიკ პომპეოს ვიზიტის მთავარი გზავნილებია – მიხედეთ სასამართლოს, შედით პარლამენტში და ისწავლეთ ერთად მუშაობა.
„სახელმწიფო დეპარტამენტი არაერთგვაროვნად მიუთითებს პოლიტიკურ ძალებს, რომ აშშ და ევროკავშირის საელჩოების ფუნქცია კომპრომისების გზების ძიება არაა, არამედ თავად პარტიებმა უნდა ისწავლონ კომპრომისი და თანამშრომლობა. იმისთვის, რომ ქვეყანამ არ იტრიალოს წრეზე, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს პარტიებს ბრძოლა პარლამენტში გააგრძელონ. რეალურად რომ შევხედოთ, სწორედ ეს ორი საკითხია ყველაზე შემაფერხებელი ქვეყნის განვითარებისათვის – ჩაკეტილი სასამართლო და ძალაუფლებაზე ორიენტირებული პოლიტიკური კლასი“, – აცხადებს ლევან ბოძაშვილი.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანმა თბილისში ოთხი შეხვედრა გამართა. ასევე ოფიციალური შეხვედრა გამართა სრულიად საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან. საქართველოში ვიზიტამდე აშშ–ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მაიკ პომპეო მსოფლიო პატრიარქს ბართოლომეოს შეხვდა. პომპეომ და მსოფლიო პატრიარქმა თურქეთსა და რეგიონში არსებული რელიგიური საკითხები განიხილეს. ამ დრომდე ოფიციალური ინფრომაციით, შეხვედრის დროს მხარებმა მსოფლიოში რწმენის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეგახსენებთ, ივლისში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების გამო თურქეთის ხელისუფლება ღიად გააკრიტიკა. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ვიზიტის დროს მთავრობის ოფიციალურ პირებს არ შეხვედრია. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ პომპეო თურქეთში მცირე ხნით ჩავიდა.
ამასთან, მედიის ცნობით, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პომპეოს ვიზიტის პერიოდში, ანკარიდან სტამბოლში ჩასვლას ვერ ახერხებდნენ. თურქეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ პომპეო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს დეკემბერში დაგეგმილ ნატო–ს მინისტერიალზე შეხვდებიან.
დავუბრუნდეთ დღის ყველაზე მთავრ და მნიშვნელოვან შეხვედრას, ილია მეორესა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნს შორის. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარებს განცხადება მედიისთვის არ გაუკეთებიათ. მოგვიანებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვიზიტი საქართველოს ეკლესიასა და აშშ–ს შორის ჩამოყალიბებული კეთილგანწყობის დადასტურებაა.
„ითქვა, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და, რომ ეს დღესაც ასეა. ამდენად, რელიგიის თავისუფლების იდეა ჩვენთვის უცხო არ არის. აღინიშნა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის აშშ–ში შარშანდელი სტუმრობის და ბ–ნ სემუელ ბრაუნბეკთან შეხვედრის შესახებაც და ყურადღება გამახვილდა უშუალო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე.
ასევე, შეეხნენ ამერიკის კონგრესის მიერ ერთი წლის წინ მიღებულ ორპარტიულ დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მაშ ასე, ამერიკელი მაღალჩინოსანი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს ხვდება, საქართველოში კი კათალიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს. სახელმწიფო მდივნის ორ პატრიარქთან შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ბოლო დროს, საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა რელიგიური თემები, რადგან რელიგიური თემები შემოვიდა პოლიტიკაში. თავისთავად, ის ფაქტი, რომ აია სოფია გადაკეთდა მეჩეთად, ეს არ ნიშნავს მოხლოდ ტაძრის ფუნქციის შეცვლას, არამედ იკვეთება სულ უფრო შორსმიმავალი გეზი, რაც უფრო ნიშნავს იმას, რომ თურქეთში პოლიტიკაში წამყვანი ხდება ისლამური რელიგია და მუსულმანური მიმართულებები.
„შესაძლოა, პირდაპირ არა, მაგრამ ფაქტობრივად ნიშნავს უარის თქმას პოლიტიკასა და რელიგიას შორის გამიჯვნაზე. თუ ამ მიმართულებით წავიდა თურქეთი, ეს წარმოშობს მძიმე პრობლემებს. გარდა იმისა, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, ამასთან მუსულმანური სახელმწიფოს შექმნის იდეისკენ არის მიმართული. ერთ–ერთი ქვედა დინება, ალბათ, ესეც არის. ამიტომ პომპეოს და ზოგადად, დასავლეთის დაინტერესება ამ თემით და ამ არეალში რას გამოიწვევს, ბუნებრივია, ყველასათვის ცხადი და ნათელია.
თურქეთი მოკავშირეა, ნატოს წევრი ქვეყანაა. ამიტომ, ამერიკის დაინტერესება ამ თემით არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ტოლერანტული დამოკიდებულება მართლმადიდებლებსა და მუსულმანებს შორის. ალბათ, ამ თემებაზე იყო საუბარი, მაგრამ ხაზგასმა იმისა, რომ კონფლიქტი მუსულმანსა და მართმადიდებლებს შორის არ წარმოიშვას, ალბათ, ამ მიზანს ემსახურებოდა სახელმწიფო მდივის შეხვედრა როგორც მსოფლიო პატრიარქთან, ასევე ჩვენს უწმინდესთან“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ძალიან საყურადღებო იყო პომპეოს დემარში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ამის ფონზე შეხვედრა მსოფლიო პატრიარქთან. მით უმეტეს, მანამდე იყო ძალიან მწვავე საკითხი, თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა აია სოფია მეჩეთად გადააკეთა.
„ეს, რასაკვირველია, პრობლემურია და კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობას, რომ თურქეთი ამ პროდასავლურ კონსენსუსს, რაც ჰქონდა თავის დროზე ნატოს წევრ ქვეყანას, ნელ–ნელა შორდება. ფაქტობრივად, აია სოფიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დიდი ხნის უთანხმოებაა, რაც სწორედ რწმენის თავისუფლების რანგში უნდა იყოს განხილული. თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, თუ ვსაუბრობთ ტრადიცულ რელიგიებზე, მაშინ მით უმეტეს, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთახმება თურქეთმა დაარღვია“, – ამბობს ზარდიაშვილი.
მისი თქმით, სახელმწიფო მდივანი დემონსტრაციულად მოიქცა, თურქეთში ჩავიდა და არ შეხვდა ხელისუფლებას, ეს დემარშია ფაქტობრივად. ჩამოვიდა საქართევლოში და ხაზგასმით შეხვდა საქართველოს პატრიარქს. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ღირებულებითი ერთობა გვაქვს.
„ხაზგასმულია, რომ საქართველო რეგიონში არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, ეს პარტნიორობა არა მარტო პრაგმატულ ინტერესებს, არამედ ემყარება ღირებულებით ერთობას, რაც აღინიშნა პატრიარქთან შეხვედრაზე - რელიგია მისთვის არის ძალიან ღირებული. ჩვენი პატრიარქი გამოხატავს საქართველოს იდენტობას, განსაზღვრავს იმ უზარმაზარ როლს, რა მზაობაც აქვს საქართველოს ეკლესიას საერთაშორისო დონეზე. სწორედ ეს იქნა ხაზგასმით აქცენტრირებული პატრიარქისა და პომპეოს შეხვედრაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა ჩვენს იდენტობას პატივს სცემს და ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
for.ge–სთან საუბრისას ექსპერტი გია აბაშიძე ამბობს, რომ ამერიკის ამ ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, პრეზიდენტი, მისი მეუღლე, ისევე როგორც ვიცე–პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი არიან ღრმად მორწმუნე, კვირაობით დადიან ტაძარში და პატივს სცემენ სხვა რელიგიურ ლიდერებსაც. მისი თქმით, ეს ახასიათებდა ამერიკის წინა ადმინისტრაციაში, მაგალითად ბაიდენს, მაგრამ რესპუბლიკელებს უფრო მკვეთრად აქვს გამოკვეთილი რელიგია.
„ძალიან კარგად მახსოვს, როცა ჩამობრძანდა ამერიკის ახლად დანიშნული ელჩი კელი დეგნანი, ერთ–ერთი პირველი შეხვედრა გამართა უწმინდესთან. ამერიკის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოსახული არის ამერიკის ელჩი საქართველოს დროშის ფონზე და უკან უდგას ჩოხოსანი. დიპლომატიაში ასეთ მინიშნებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
თვითონ ტრამპმა წამოწია რელიგიურობა, პატრიოტიზმი და ოჯახური ფასეულობები უწინარეს ყოვლისა და შემდეგ უკვე გლობალური და ტრანსნაციონალური კავშირები. ასე რომ, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები და განსაკუთრებით რესპუბლიკელები ძალიან დიდ პატივს სცემენ ოჯახს და რელიგიას“, – აცხადებს აბაშიძე.
რაც შეეხება პოლიტიკაში რელიგიის შემოსვლას, როგორც ექსპერტი აცხადებს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პატრიარქი არის საკმაოდ წონადი სულიერი ლიდერი არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში, ფიქრობს, რომ უწმინდესთან შეხვედრაზე შეიძლება საუბარი ყოფილიყო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე.
„ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი იყო გამწვავებული, პარტრიარქი ცალ–ცალკე შეხვდა აზერბაიჯანის და სომხეთის ელჩებს. გარკვეულწილად, მონაწილეობს სულიერი და ჰუმანური კუთხით. მას კავშირი აქვს სომხეთის სულიერ ლიდერთან, ისევე როგორც კავკასიის მუსლიმთა ლიდერთან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც შეიძლებოდა უფრო ხაზგასმულიყო საუბრის მიმართულებები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძემ.