რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი მომავალში განისაზღვრება, ხოლო ამჟამად კი სტატუს-კვო შენარჩუნდება.
„დიახ, ამგვარი პრობლემა არსებობს, ყარაბაღის საბოლოო სტატუსი დარეგულირებული არ არის. ჩვენ შევთანხმდით, რომ სტატუს-კვოს ვინარჩუნებთ. თუ რა მოხდება შემდგომში, ეს მომავალში უნდა გადაწყდეს, მომავალი ხელმძღვანელების მიერ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღის განსაკუთრებულ სტატუსზე საუბარი არ შეიძლება იყოს.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ აზერბაიჯანის ძირძველ ტერიტორიებზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დავუშვებთ. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკებების საგანი არ გახდება“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
სამმხრივი შეთანხმება სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის 10 ნოემბერს შედგა. სომხეთის პრემიერი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას დათანხმდა. გარდა იმ ტერიტორიებისა, რომელიც აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიკავა, სომხეთმა კელბაჯარის, ლაჩინისა და აგდამის რაიონებიც დათმო.