პარლამენტში შესვლის თაობაზე გრიგოლ ვაშაძის მიერ პირველად ნასროლმა სიტყვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია მყიფეა და მასში ბზარის შეტანა იოლია. მართალია, პირველი განცხადების შემდეგ მოგვიანებით ვაშაძის სახელით შესწორებული ვარიანტი გავრცელდა, მაგრამ გრიგოლ ვაშაძემ უკვე მოასწრო ლანძღვის კორიანტელის საკუთარ თავზე მიღება თანაპარტიელების მხრიდან.
არც პოლიტიკოსებმა დაიშურეს მისთვის სათქმელი, არც პოლიტიკაში შემოსულმა ჟურნალისტებმა. ნანუკა ჟორჟოლიანმა გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე აღნიშნა: ,,თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის“.
„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კი ძველი წყენა გაიხსენა, როცა გრიგოლ ვაშაძისგან ბევრად უარესი მოუსმენია და ვაშაძე „გირჩის“ წევრებს წინასაარჩევნოდ პედოფილებს ადარებდა.
თუმცა მოგვიანებით იაგო ხვიჩიამაც გამოთქვა პარლამენტში შესვლის სურვილი, რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დარღვევები გასწორდება.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში ძალიან დიდი დაბნეულობაა და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება, ერთ-ერთი ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება კი გრიგოლ ვაშაძეს ეკუთვნის.
ანალიტიკოსები ოპოზიციის სიმყიფეზე საუბრობენ, რომელსაც დაშლამდე არც არაფერი უკლია.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ იოლია, სამომავლოდ ოპოზიცია დაიშალოს, მით უმეტეს, ეს არის „ქართული ოცნების“ ნომერ პირველი ამოცანა, რომ რამდენიმე პარტია შეიყვანოს პარლამენტში, როგორც თავის დროზე „ქრისტიან-დემოკრატები“ შეიყვანეს პარლამენტში, მაგრამ ვინც არ შევიდა, მან რა მოიგო? ზოგიერთი მაშინდელი პარტიისთვის ეს ხარაკირი აღმოჩნდა და ზოგიერთი პარტია საერთოდ გაქრა ამის მერე.
„დღეს ჩვენთან პარლამენტს გარეთ დარჩენილი არასაპარლამენტო პარტიის არსებობა ძალიან რთულია, რადგან რესურსები, იმიჯი, ტრიბუნა, ყველაფერი პარლამენტს უკავშირდება. ასე რომ, პარლამენტს მაინც თავისი ეშხი აქვს. თუ მართლაც სწამთ ოპოზიციის ლიდერებს, რომ მათ გაუყალბეს არჩევნები და, თუ მართლაც სწამთ იმის, რომ შეინარჩუნებენ ერთობას, მაშინ შეიძლება რაღაც შეიცვალოს მათთვის. მართალია, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, მერე რა, მარტო ჩვენ ვიქნებით პარლამენტშიო, მაგრამ ასე არ გამოვა. შეიძლება, მართლაც იყოს „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალა პარლამენტში, დიპლომატიურ ურთიერთობას ამის გამო საქართველოსთან არავინ არ გაწყვეტს, მაგრამ საქართველოს პერსპექტივა გაფერმკრთალდება დემოკრატიის თვალსაზრისით“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბარში.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონრებს შორის შესაძლოა, გარკვეულმა უთანხმოებამ იჩინოს თავი, თუმცა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი მაინც შეინარჩუნებს ერთიანობას, ვინაიდან ისინი აცნობიერებენ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანობა სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ძალები და მათი გავლენა უფრო შესუსტდება.
„შესაძლოა, ცალკეული პოლიტიკოსები გამოეყონ მთლიან ოპოზიციას, მაგრამ კოალიციის შიგნით შემავალი ძირითადი ბირთვი მაინც ერთიანი დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ნაკლები დასაკარგი აქვთ იმ პარტიებს, რომლებმაც შედარებით ნაკლები ხმები მიიღეს და 3 დეპუტატის გაყვანა შეუძლიათ პარლამენტში, გაერთიანებული ოპოზიციიდან ყველაზე მაღალრეიტინგული პარტია კი „ნაციონალური მოძრაობაა“. ჯერჯერობით პარლამენტში შესვლის საკითხი არ განიხილება, მაგრამ, თუ „ნაცმოძრაობამ“ განაცხადა, რომ ის შედის პარლამენტში, მაშინ მან უნდა აუხსნას საკუთარ ამომრჩეველს, რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ნიკა ჩიტიძე for.ge-სთან საუბრისას.