რა მოლოდინი აქვს მაიკ პომპეოს ვიზიტისგან ხელისუფლებას, ოპოზიციას და ექსპერტებს? აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე თბილისშია. თუმცა ოპოზიციასთან მისი შეხვედრა დაგეგმილი არ არის, რამაც გარკვეული კითხვები გააჩინა. ოპოზიციას ჰქონდა იმედი, რომ ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, პომპეო ხელისუფლების მისამართით მათ ბრალდებებს მოისმენდა, თუმცა იმედი გაუცრუვდათ. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ანალიტიკოსებს ორი ახსნა აქვთ, პირველი - პომპეოსთვის ახლა რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაცია უფრო მნიშვნელოვანია. საქართველოს ხელისუფლებისგან სურს მიიღოს დასტური, რომ ის ამერიკისთვის ისევ სანდო პარტნიორია. მეორე მხრივ კი პომპეო არ შეხვდა ოპოზიციას, რადგანაც ამით მისი რადიკალიზება არ მოახდინა. ამ ჟესტით მან მიანიშნა, რომ ის ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მომხრეა. შესაბამისად, ორივე მხარეს აძლევს საშუალებას, რომ მორიგების გზით სიტუაციის დასტაბილურება მოხდეს.
ორდღიანი ვიზიტის მთავარი დღე 18 ნოემბერს იქნება. მაიკ პომპეო შეხვედრებს დილიდან დაიწყებს. ჩანიშნულია 4 შეხვედრა: პრემიერი, პრეზიდენტი, პატრიარქი და არასამთავრობო სექტორი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოში 24 საათს დაჰყოფს. პარიზი-სტამბოლი - ასეთი იყო მაიკ პომპეოს მარშრუტი თბილისში ჩამოსვლამდე. საგულისხმოა, რომ ტურნეს დაწყებიდან არ გამართულა არანაირი პრესკონფერენცია, არც საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ და არც თურქეთში, სადაც სახელმწიფო მდივანს საერთოდ არ ჰქონია შეხვედრები ჩანიშნული ქვეყნის ხელმძღვანელობასთან.
მაიკ პომპეო აეროპორტიდან სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაემართა. თბილისში ვიზიტით მყოფმა მაიკ პომპეომ „ტვიტერზე“ დაწერა:
„ძალიან მოხარული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-ს და საქართველოს ძალიან მყარი ურთიერთობა აქვთ, რომელიც საზიარო თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე დგას. ჩვენ ერთგული ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და იმაში, რომ გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები“.
იქამდე სანამ სახელმწიფო მდივანი თბილისიდან „ტვიტერზე“ დაწერდა, აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: „სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“.
იმ ფაქტს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მხოლოდ ხელსუფლების წარმომადგენლებს ხვდება, მკაცრად აკრიტიკებს და „შეცდომას“ უწოდებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი.
მსგავსი შინაარსით წერილი გამოაქვეყნა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმაც: „სახელმწიფო მდივანს არ აქვს დაგეგმილი შეხვედრები ოპოზიციასთან - ეს მთავარი შეცდომაა. ის უნდა შეხვდეს ყველა პარტიის წარმომადგენელს, გარდა პრო-რუსული „პატრიოტთა ალიანსისა“.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ახლ ამერიკისთვის საქართველო რეგიონში მთავარი დასაყრდენია და მისი როლი კიდევ უფრო გაიზრდება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რეგიონში ყველა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, დემოკრატიის თვალსაზრისით, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ამერიკისთვის საქართველო გამორჩეულია.
„პომპეო ჩამოდის, რათა დემოკრატებს გადააბაროს ხელისუფლება და ამასთანავე ანგარიში ჩააბაროს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა არ იცვლება და ამიტომაც პომპეოც ანგარიშვალდებულია მომდევნო ხელისუფლებასთან, რომელიც ბაიდენის მეთაურობით მოდის. ამერიკისთვის ახლა მნიშვნელოვანია იცოდეს, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველო კვლავ არის თუ არა ევროატლანტიკური ორიენტაციის და უნდა თუ არა ნატოში კვლავ ინტეგრაცია. პომპეოს უნდა, რომ ახლა ამერიკაში ჩაიტანოს პასუხი, არის თუ არა საქართველო კვლავ სანდო პარტნიორი და როგორ შეიძლება მას დაეყრდნოს.
პომპეოს ოპოზიციასთან არშეხვედრა არის იმის სიგნალი, რომ მას სურს მათი პარალმენტში დაბრუნება და არ უნდა ქვეყანაში სიტუაცია რადიკალური სცენარით განვითარდეს. მისი სიგნალიც სწორედ ეს არის. ის რომ ოპოზიციას შეხვედროდა, მაშინ გამოვიდოდა, რომ მათ ემხრობოდა და ხელისუფლებას ირიბად არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულებდა. სახელმწიფო მდივანი, რა თქმა უნდა, საელჩოდან ყველაფერზე ინფორმირებულია და მისთვის ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, პომპეომ გამორიცხულია, რომ ხელისუფლებას პირდაპირ უთხრას რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს, ან არ ჩაატაროს. ზაქარეიშვილის აზრით, პომპეო მიანიშნებს ხელისუფლებას, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პარალმენტში ოპოზიცია იყოს. თუმცა როგორ და რა ფორმით უნდა მორიგდნენ, ამას სახელმწიფო მინისტრი პირდაპირ არაფრით არ იტყვის.
„ახლა ის შემთხვევაა, რომ პომპეო ხელისუფლებას მიანიშნებს იპოვოს ოპოზიციასთან საერთოდ ენა, რათა ქვეყანაში სიტუაცია რადიკალური სცენარებით არ განვითარდეს. ოპოზიციას იმიტომ არ ხვდება, რომ მისი რადიკალურობა არ გამოიწვიოს. პომპეო მათ რომ შეხვედროდა, მოუწევდა ეთქვა, რომ მართლები იყვნენ. ამერიკის პოზიცია სრულიად სწორია, რადგანაც საქართველოში შიდა დაპირისპირება და არეულობა არაფერში აწყობს. მისთვის ახლა რეგიონში საქართველო ერთადერთი ნათელი წერტილია. აზერბაიჯანი თურქეთზეა მიბმული, სომხეთი - რუსეთზე და საქართველოა ქვეყანა, რომლის მოკავშირეობა ახლა მისთვის პრიორიტეტულია. პომპეო ჩამოვიდა ერთი წინადადებით, რომ საქართველოს კვლავ უნდა თუ არა ნატოში გაწევრიანება და, რომ ამისთვის კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ პომპეოს ვიზიტი საქართველოში მოულოდნელად იმ ტურნეს დაემატა, რომელიც მას 7 ქვეყანაში ჰქონდა დაგეგმილი. ბატიაშვილი ამბობს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება, ამიტომაც ამერიკისთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამის პარალელურად კი, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის გაძლიერებას უნდა ველოდოთ.
„შემთხვევით არ არის, რომ ამერიკამ პომპეოს ვიზიტი საქართველოში გადაწყვიტა. ამით ხაზი იმას გაუსვეს, რომ ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ განელებული არ არის. ამიტომ ჩვენ იმას უნდა ველოდოთ, რომ საუბარი იქნება, როგორც რუსეთზე, ასევე საუბარი იქნება იმ ფასეულობებზეც რაც დასავლეთთან გვაკავშირებს. ეს იქნება სასამართლოს, პრესის, სიტყვის თავისუფლების, არჩევნების და დემოკრატიის ხარისხზე საუბარი. რაც შეეხება იმას, ვის ხვდება და ვის არა, ეს უპირველეს ყოვილსა ამერიკული მხარის გადასაწყვეტია, მაგრამ მესამე სექტორს ხვდება და ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე ინფორმირებული იქნება. პომპეოს არაერთი მრჩეველი ჰყავს, რომლებსაც არაფერი გამოეპარებათ.
რაც შეეხება იმას, რამდენად არის რეალური ამერიკული ჯარის საქართველოში განთავსება, ჩვენ ეს მიმართვა ექსპერტებმა პომპეოს რუსული საფრთხეებიდან გამომდინარე გავუგზავნეთ. მესამე სექტორის წარმომადგენლებს რაც შეგვიძლია ისაა, რომ მათი ყურადღება ამ საშიშროების და საფრთხეების მიმართ გავამახვილოთ. გარკვეულწილად ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ. რა თქმა უნდა, ამერიკას ისეთი ერთგული მოკავშირე რეგიონში, როგორც საქართველოა, სხვა არ ჰყავს“, - ამბობს ბატიაშვილი for.ge-სთან.