სომხეთის პრეზიდენტი: ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გარდაუვალია

სომხეთის პრეზიდენტი: ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გარდაუვალია

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გარდაუვალია.

„შექმნილი ვითარებისა და ამ ვითარებიდან ღირსეულად გამოსვლის აუცილებლობის გათვალისწინებით, აშკარა ხდება შემდეგი: ქვეყნის რყევისგან დასაცავად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გარდაუვალი გახდება“, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

არმენ სარგსიანის თქმით, მთავრობამ ობიექტურად უნდა შეაფასოს საკუთარი პოტენციალი და უახლოეს დროში სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს, რომლის შედეგად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესაძლებელი გახდება.

„მანამდე კი ქვეყანაში ხელისუფლება ეროვნული თანხმობის მთავრობას უნდა გადაეცეს“, - დასძინა სომხეთის პრეზიდენტმა.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.