სოციოლოგიურმა კვლევებმა და ეგზიტპოლებმა რაც აჩვენა თავდაპირველად, ზუსტად ის სურათი მივიღეთ შემდეგაც. ვფიქრობ, რომ ოპოზიციას უნდა რევოლუცია, რომელსაც ხელახალი არჩევნების ჩატარების მცდელობით ნიღბავენ. სად არიან ამ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები? ხალხი უნდა მიიჩნევდეს თვითონ, რომ ხმები წაართვეს და დაჩაგრეს, ამ აქციებს კი არაფერი ეტყობა ამის - ასე აფასებს არჩევნების შემდგომ ოპოზიციური პარტიების მოქმედებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. ექპერტი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს დავა პროცენტებზე და არა გამარჯვებაზე, რადგან პირველ ადგილზე ყველა შედეგით „ქართული ოცნება" გავიდა.
ერთი მხრივ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ აჩევნები გაყალბდა, მოჰყავს, როგორც ამბობს, ამის დამადასტურებელი ფაქტები - დისბალანსი ბევრ ოქმში, გადაყრილი ბიულეტენები, ძველი ბიჭები უბნებთან და ა.შ. მეორე მხრივ კი ისიც ცხადია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს დადებიტად აფასებენ, თანაც ეგზიტ-პოლების უმრავლესობა, ისევე როგორც ისფედის პარალელური გადათვლა რაიმე არსებით განსხვავებას არ აფიქსირებს ცესკოს შედეგებთან.
კითხვაზე თუ რას აპროტესტებს ოპოზიცია, როცა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ეგზიტპოლების შედეგებითაც „ქართული ოცნება" ლიდერობდა, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ „ოცნების" გამარჯვება უდავოა და სავარაუდოდ ოპოზიციის პროტესტი დაკარგულ ხმებს და პროცენტებს ეხება, რადგან თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
„რა თქმა უნდა ნამდვილად პირველ ადგილზე გავიდა ქართული ოცნება, ეს ასეა. აქ მთავარია პროცენტები. ვფიქრობ ოპოზიციას ჰქონდა შანსი იმაზე მეტი პროცენტი აეღო, ვიდრე აიღო. ვფიქრობ მათი დავის საფუძველი სწორედ ეს არის, რადგან 40% მიიღებ თუ 48% ეს სულერთი არ არის და დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ პროცენტს. ამიტომ მე პირადად ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ რეალური დავა სწორედ ამ მიმართულებით უნდა აწარმოოს," - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რონ ოპოზიციის სურვილი ხელახალ არჩევნებზე განუხორციელებელი დარჩება, რადგან ნათელია, რომ მათ არჩევნები წააგეს.
„მეც სწორედ ეს კითხვა მაქვს, რაზე დაობს ოპოზიცია? სოციოლოგიურმა კვლევებმა და ეგზიტპოლებმა რაც აჩვენა თავდაპირველად, ზუსტად ის სურათი მივიღეთ შემდეგაც. ვფიქრობ, რომ ოპოზიციას უნდა რევოლუცია, რომელსაც ხელახალი არჩევნების ჩატარების მცდელობით ნიღბავენ. რა პირობებში სურთ ხელახალი არჩევნების ჩატარება, ამას არ ამბობენ. ვფიქრობ, ეს მათი განუხორციელებელი სურვილია. ხელახალი არჩევნების ჩატარებას ხელახალი ადმინისტრაცია უნდა, ადმინისტრაციას დამტკიცება, დამტკიცებას პარლამენტი. თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ და ხელისუფლება თავად დანიშნავს პარლამენტს, ისინი დავას უკვე დაიწყებენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ თვითნებურად დანიშნა პარლამენტი. მიზეზზე არიან ერთი სიტყვით.
„სხვა დაბალრეიტინგიანი ოპოზიციური პარტიების გათვლა შეიძლება რეალისტური იყოს. იმ შემთხვევაში თუკი რევოლუცია მოხდა და ქვეყანა გადატრიალდა, ისინი ამ პროცესებში ჩაერთვებიან როგორც აქტიური რევოლუციონერები და სავარაუდოდ აღმოჩნდებიან სამმართველო სტრუქტურებში. ის განცხადებები, რომლებიც ზოგიერთი პარტიების მხრიდან კეთდებოდა, რომ თითქოს მრავალრიცხოვანი ამომრჩევლები ჰყავდათ, იყო მოლოდინი, რომ მათი ამომრჩევლები აიტაცებდნენ ამ ინფრომაციას, თუმცა ასე არ მოხდა.
„ეს არ არის რეალური პროტესტი და ეს არ ჰგავს იმ ვითარებას, როდესაც ამა თუ იმ პარტიას ხალხი ადარდებს. ისინი ამბობენ, ჩვენ დავკარგეთ ხმებიო. რომელიც ამ პარტიას თუ პარტიებს უჭერს მხარს, იმ ხალხის პროტესტი არ იგრძნობა. ხალხი არ ჩანს, რომელიც ამბობს რომ მათ წაართვეს ხმა, ჩანან ლიდერები.
„სად არიან ამ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები? ხალხი უნდა მიიჩნევდეს თვითონ, რომ ხმები წაართვეს და დაჩაგრეს, ამ აქციებს კი არაფერი ეტყობა ამის. რაიონიდან ჩამოსული ადამიანები რომ არა, თბილისში მხარდამჭერებით პარლამენტის კიბესაც ვერ შეავსებდნენ. ამიტომ თვითონ ხალხის მხარდაჭერა რომ ჩვენი ინტერესები დაიცავითო, არ ჩანს. შესაბამისად გამოდის, რომ პარტიები საკუთარ ინტერესებს იცავენ," - ამბობს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.