ოპოზიციის დილემა - აქცია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ მიბმული და ოპოზიცია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება უნდა. ამ ქვეყანაში ყველაფერი დათვლითაა, ამიტომაც ნაციონალები ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს საკუთარ ელექტორატს აყვედრიან და ზოგიერთი ლიდერის მხრიდან სააკაშვილის ჩამოსვლაზე გამოთქმულ უკმაყოფილებას მწავავე განცხადებებით პასუხობენ. ნაციონალები დანარჩენ ოპოზიციას ახსენებენ, რომ ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავთ და მათ გარეშე ვერაფერს შეძლებენ. ოპოზიციაში კი ამის გამო დაპირისპირება მწვავდება და ლიდერები ერთმანეთთან კონფლიქტს პირდაპირ ეთერებაშიც აღარ მალავენ.
განხეთქილებაა ასევე ამის გამო თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და ნიკა მელიას და გუბაზ სანიკიძის დაპირისპირების შემდეგ, პარტიის წვერები სალომე სამადაშვილი და გრიგოლ ვაშაძეც პარტიასთან შეუთანხმებელ და რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ.
„ასჯერ ვუთხარით, რაც უნდა გააკეთოს, ან ჩამოვიდეს ან კიდევ თავი დაგვანებოს“, - ასე მიმართა ტვ.პირველზე „ევროპელების“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ნაციონალების წევრს გია ბარამიძეს.
ბარამიძემ კი კითხვითვე მიმართა: „იმ ხალხმაც დაგანებოთ თავი, რომლებიც ტაშს გიკრავენ?“.
მათი დაპირისპირება მერეც გაგრძელდა:
გია ბარამიძე: - ყველამ, აქ ვინც ზის, თქვა, რომ ერთიანობა აუცილებელიო.
გიგა ბოკერია: - კი ბატონო, მაგრამ რა შუაშია მიშა?
ბარამიძე: - შუაში კი არა, თავშია მიშა.
ბოკერია: - ხოდა, ჩემთვის არ არის!
ბარამიძე: - ჩემთვის არის!
ბოკერია: - ხოდა, ეგ არ გვაერთიანებს.
ბარამიძე: - არავის არ აქვს უფლება თქვას, რომ მიშას არ აქვს აქ ყოფნის უფლება.
ბოკერია: - ეს არის პროვოკაცია დაშლისთვის, დაანებე ამ თემას თავი.
სააკაშვილის მიმართ მწვავე განცხადება ასევე ალეკო ელისაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ის მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრრუნების ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს.
„ხომ არის იქ, რაღაც თანამდებობაზე, აკეთოს ის საქმე, კაცო. ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს უკრაინას, ჩვენ თავი დაგვანებოს. საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს და ეს პროცესი მიდის ზუსტად იმ მოლაპარაკებაზე, ეს პროცესი მიდის აქციაზე, ხოდა, ნუ ურევს ყველაფერს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
15 ნოემბერს კი ბათუმში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა მიხელ სააკაშვილის სახელის სკანდირება დაიწყეს, „ლელომ“ და ალეკო ელისაშვილმა აქცია დატოვეს, რასაც ოპოზიციაში ისევ დაპირისპირება მოჰყვა. აზრთა სხვადასხვაობა და კონფლიქტის მიზეზი 21 ნოემბერს მეორე ტურის დროს სირცხვილის კროიდორის ამომრჩევლისთვის მოწყობის ინიციატივაც გახდა. ნაციონალების ამ მოსაზრებას ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი დაუპირისპირდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი მის ირგვლიც ატეხილ აჟიოტაჟს ვიდეომიმართვით უპასუხა. სააკაშვილის განცხადებით, ის მზად არის ჩამოვიდეს და სამშობლოს კეთილდღეობისთვის თავი გაწიროს.
„მე არ მგონია, რომ ჩემი თემა უნდა იყოს მთავარი თემა ახლა. მე მენატრება ჩემი სამშობლო გიჟივით, მაგრამ ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ. თქვენ გაგძარცვეს ბოლომდე, დედა გიტირეს, უბრალოდ და უნდა უპასუხოთ ყველამ. ძალიან მარტივია - ახლა თქვენი საკითხი დგას და არა სააკაშვილის და ნებისმიერი სხვა გვარის ადამიანის.
მე შემიძლია ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება? ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, რა გინდათ - კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს.
ჩვენ გვინდა საერთო გამარჯვება. მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ ყველაფრისთვის, მათ შორის თავის შეწირვისთვის. თქვენ რა გინდათ, გამარჯვება თუ თავის შეწირვა კიდევ ერთი, რუსეთის მიერ გაგდებული პრეზიდენტის?! ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ. მოინდომეთ და ყველაფერი მოგეცემათ. უკაცრავად და სად მპატიჟებთ ზუსტად? მოინდომეთ და მოგეცემათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა დრამატული არაა. მისი თქმით, ერთი წლის წინ, როდესაც ოპიზიციას შორის შეხვედრა დაიწყო, არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ ერთი იდეოლიგია ექნებოდათ. ითხოვდნენ სამართლიან არჩევნებს და ამ ბრძოლაში ერთიანობა შეკრეს.
„საერთოდ, ალოგიკურად ვთვლი ისტერიკულ რეაქციებს თუნდაც მიშას პლაკატის დაჭერაზე. იქ ხალხი მოდის პარტიული დროშებით. ეს მათი პოლიტიკური იდენტობის ნაწილია, ამიტომ არავის ვეუბნებით, რომ ეს არ გააკეთონ. მიხელ სააკაშვილი ჩვენი პარტიის ლიდერია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს ხმები სააკაშვილს არ ეკუთვნის, მეტწილად მისია. ყველა პარტიას მოვუწოდებ თავისი კრიტიკა ცენტრალურ საკითხზე გადაიტანოს.
სააკაშვილის ჩამოსვლას თავად სააკაშვილი და პარტია გადაწყვეტს. ჩვენ უნდა ვაკეთოთ საერთო საქმე და ამის გარშემო უნდა იყოს ყველა გაერთიანებული. სააკაშვილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საერთაშორისო კოორდინატორს. არავის საქმე არ არის როდის ჩამოვა და როდის არა. ასევე არავის არა აქვს საქმე პლაკატს ვინ სად აწევს და ზედ ვისი სახელი ეწერება. ჩვენ წაგვართვეს არჩევნები და ამ მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანა ინფანტილიზმია“, - ამბობს წიკლაური.
„სტარტეგია აღმაშენებლის“ ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლა არჩამოსვლის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ განსახილველია. ჩარკვიანი ამბობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ასევე მის ამომრჩეველს ეხება და ეს არც ერთი სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერის გადასაწყვეტი არაა. მისი აზრით, პოლიტიკას აქვს ეტაპები და თუკი ვამბობთ, რომ სათავეში არის ავტორიტარული მმართველი ივანიშვილი, მაშინ მესამე პრეზიდენტს სააკაშვილს მოფრთხილება უნდა.
„სააკაშვილი რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ, როცა ქვეყანაში ავტორიტარული მმართველი გვყავს და რომელიც მას ჩამოსვლისთანავე დააკავებს. ამ გადასახედიდან მგონია, რომ მისი ქვეყანაში ჩამოსვლა არ შეიძლება. ესაა ჩემი პირადი შეხედულება დანარჩენი მისი და მისი პარტიის გადასაწყვეტია. ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერც ხელს შეუშლის და ვერც მოსთხოვს, რომ ჩამოვიდეს. ასევე მის ამომრჩეველს ვერც თითს ვერავინ დაუქნევს, რომელიც ნახევარი მილიონია. ერთხელ მითხრეს თქვენ მიშას იცავთო. მას კი არ ვიცავ, გვინდა თუ არა, იმ ნახევარ მილიონ კაცს ვცემ პატივს, რომელიც მას ხმას აძლევს. „ოცნება“ ვისაც უნდა, ისიც საქართველოს მოქალაქეა და მათაც პატივისცემა უნდათ“, - ამბობს ჩარკვიანი for.ge-სთან.
ჩვენს კითხვაზე როგორ გაიგო მან სააკაშვილის ოპოზიციისადმი მიმართვა, რომ ხელი „გაატოკეთ და ჩამოვალ“ - ჩარკვიანი გვპასუხობს, რომ მან კონკრეტულად არ იცის ეს მიმართვა ვისთვის იყო. მისი აზრით, მესამე პრეზიდენტმა, შესაძლოა, საკუთარ პარტიას და ამომრჩეველს მიმართა და არა გაერთიანებულ ოპოზიციას.
„რის გამოც მე სააკაშვილის ოპოზიციაში ვიყავი, ეს სასამართლო სისტემა იყო. მას რომ სასამართლო რეფორმა ბოლომდე მიეყვანა, დღეს მსხვერპლი თავად არ იქნებოდა. ამიტომაც ახლა ობიექტურად ვიტყვი, რომ როცა მან თქვა ჩამოვალო, ალბათ, მან მაინც თავისი ამომრჩეველი იგულისხმა. ამიტომაც, ზუსტად ვერ დავდებ თავს, რომ ეს მოწოდება მთლიანად ოპოზიციის მისამართით გაკეთდა“, - ამბობს ჩარკვიანი for.ge-სთან.
რაც შეეხება ბათუმში მიმდინარე აქციას, სადაც „ლელოს“ წევრებმა და ალეკო ელისაშვილმა აქცია დატოვეს იმის გამო, რომ იქ მიხეილ სააკაშვილის სახელს სკანდირებდნენ, ჩარკვიანი ამბობს, რომ მას ამ პარტიის წევრების და ლიდერების საქციელი არ მოეწონა. მისი თქმით, ნაციონალებს ამომრჩეველი იმდენი ჰყავს, რომ საკუთარი ლიდერის სახელის ყვირილს ვერავინ დაუშლით.
„ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ არ ვისაუბრებდით ვინ ვისთვის მიუღებელია. ახალა მე მოვყვე ჩემთვის როგორი მიუღებელია ბევრი, ვინც იქ ოპოზიციაშია და აქციაზე დგას?! თუმცა შევთანხმდით, რომ ამ ბრძოლაში ერთნი ვართ. მერე ყველას ჩვენ-ჩვენი გზა გვაქვს. ამიტომ არ მიმაჩნია სწორედ „ლელომ“ რომ მიტინგი დატოვა. როცა ესენი გამოდიან, მიტინგი იმ რაოდენობის ხალხმაც რომ დატოვოს, რომლებიც გაუბედურებული ჰყავთ, რა ვქნათ მერე? დავერიოთ ისევ ერთმანეთს? შევთანხმდით, რომ ერთად ვიდგეთ - ჰოდა, ვიდგეთ.
იცით, რამდენი ადამიანი დგას მიტინგზე ვისაც ხაზარაძის მიუღებლობა აქვს, მაგრამ მიტინგი ამის გამო არავის არ დაუტოვებია. ამიტომაც მათი საქციელი საერთოდ არ მომწონს. მიშას მიტინგი იყოსო კი არ ვამბობთ, მაგრამ ამას მისი ამომრჩეველი აკეთებს და რა ვქნათ, გავყაროთ ეს ხალხი? თავისი ლიდერის სახელის ყვირილს ვერავინ ვერ დაუშლის. ეს მიდგომა არ მესმის და რა გავაკეთო. „ლელომ“ და ელისაშვილმა ოპოზიციაში დისონანსი რატომ შეიტანეს არ ვიცი. მე, მაგალითად, ვექტორის და პუტინის მიუღებლობა მაქვს და ნებისმიერი მისი მომხრე ოპოზიცაში მიუღებელია. რა ვქნა გავაპროტესტო? ერთად თუ ვართ, ერთად უნდა ვიყოთ“, - ამბობს ჩარკვიანი for.ge-სთან.
„ლელოს“ ერთ-ერთი წევრი ანა ნაცვლიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ იმის გამო, რაც ბათუმში მოხდა, როდესაც „ლელომ“ სააკაშვილის სახელის შეძახილის გამო მიტინგი დატოვა, მათ ოფისში შეხვედრა მოხდა და ყველაფერი გაირკვა. ამიტომაც ეს ინციდენტი ამოწურულია. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურ ერთიანობას დასახული მიზნის მიღწევაში არანაირ საფრთხე არ ემუქრება. მისი განცხადებით, მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებებისა, რაც ზოგიერთ პარტიებთან აქვთ, მათთან ერთად დგანან, რადგანაც მოპარული არჩევნების უკან დაბრუნება მოხდეს.
„ამ ერთობას არანაირი საფრთხე არ ემქურება, რაც შეეხება გუშინდელ აქციას და იქ მომხდარ ამბავს, ოფისში შეკრება მოხდა და ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლას, ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ლაპარაკი მხოლოდ იმ დღის წესრიგზე შემიძლია, რომელიც „ლელოს“ აქვს. სააკაშვილი რას განაცხადებს ეს მისი საქმეა. მისი ჩამოსვლა ჩვენ რაში უნდა გვჭირდებოდეს გაუგებარია. პარტიას აქვს თავისი ამოცანა და ზეპარტიული ამოცანა რაცაა ესაა, რომ არჩევნებს ამ ქვვეყანაში აზრი არ დაეკარგოს, იყოს სისტემა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნებას სამართლიანად ასახავს. დანარჩენი ვინ რა განცხადებას გააკეთებს, ეს ჩემთვის მეორე და მესამე ხარისხოვანია. სააკაშვილი თავის განცხადებებზე პასუხისმგებლობას თავად იღებს“, - ამბობს ნაცვლიშვილი for.ge-სთან.