საქართველოში 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, ხოლო ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურში გადასული კანდიდატების შემთხვევაში უარის თქმის პროცედურას, შესაბამისად, ბიულეტენებში დაფიქსირებული იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა.
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამომრჩევლებს მიმართავს, არ შევიდნენ შეცდომაში ოპოზიციის განცხადებების გამო და 21 ნოემბერს მივიდნენ საარჩევნო უბნებში. მისი თქმით, როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი დაბნეულია ოპოზიციის განცხადებების გამო, სადაც ისინი ამბობენ, რომ მეორე ტურში არ მონაწილეობენ.
„ზოგიერთ ადამიანს, ამ ფონზე რჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ტური საერთოდ არ ტარდება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მართალი არ არის. ბიულეტენებში მითითებული იქნება მეორე ტურში გასული ორივე კანდიდატის სახელი და გვარი, რადგან მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა, მოქმედი კანონმდებლობით არის შეუძლებელი. ოპოზიცია მაინც მუშაობს თავისი აგიტატორების მეშვეობით ველზე, როგორც ამას პარტიული სუბიექტები ეძახიან“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ ღებულობს. 21 ნოემბრის არჩევნები ოპოზიციის შიგნით დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე მხარდამჭერებს მოუწოდებს 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ, ხოლო, თუ რამე დაპირისპირება მოხდა, მისი თქმით, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება. ვარშალომიძის პოზიციას მხოლოდ მურმან დუმბაძე იზიარებს.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, აქციაზე მობილიზებული პოლიცია გადაანაწილოს, რათა შეასრულოს მისი ფუნქცია, რამდენი რამ მოხდა ერთ კვირაში აჭარაში, მკვლელობაც კი მოხდა სოფელ ხალაში და მკვლელი დაკავებული არაა. ამიტომ თუ რამე დაპირისპირება მოჰყვა ამ სირცხვილის კორიდორებს, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება. პოლიციამ და ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ეს, ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, სად დავდგებით, როგორ გავაპროტესტებთ და რას ვიზამთ, ეს გადაწყვეტილება მიღებულია და 21-ში მართლაც ყველგან, ყველა უბანზე იქნება სირცხვილის კორიდორი“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
ლევან ვარშალომიძის მიერ დაგეგმილი ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობის შესახებ საქმის კურსში არ არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 21 ნოემბერს, სირცხვილის კორიდორთან დაკავშირებით არაფერი სმენია და ეს განცხადება ჟურნალისტებისგან გაიგო. მისი თქმით, 21 ნოემბერს აქციის ერთ–ერთ ფორმატად განიხილება ჯაჭვი, რომელიც თბილისში გარკვეულ მონაკვეთზე იქნება.
„არ ვიცი, ვერ გეტყვით, ამ ინიციატივის შესახებ პირადად არ გამიგია. რა თქმა უნდა, ერთი შემიძლია გითხრათ, 21 ნოემბრის მეორე ტურის არჩევნები იქნება სრული ფარსი, რადგან მასში არ მონაწილეობს არც ერთი პოლიტიკური პარტია. რაღაც ჩრდილო კორეულს, სრულად დიქტატორულ არჩევნებს აწყობს ბიძინა ივანიშვილი, სადაც ზარ–ზეიმით იქნებიან „ასარჩევი“ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. თავისთავად, სირცხვილის კორიდორია და სასირცხვილო აქტია ბიძინა ივანიშვილისთვის 21 ნოემბრის არჩევნები. ამ კონკრეტულ განცხადებას არ ვიცნობ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გიორგი ვაშაძემ არ იცის, რომელ სირცხვილის დერეფანზეა საუბარი. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მოლაპარაკების ფორმატსა და შინაარსზე, ასევე კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბეს საერთო პოზიციები. მისივე თქმით, საუბარი შეეხო დაგეგმილ აქციებსაც, რომელიც მშვიდობიანი იქნება.
„21 ნოემბრის აქციაზე ჩამოვყალიბდებით, არ ვიცი, რომელ სირცხვილის დერეფანზე საუბრობთ. ერთიანად ჩამოვყალიბდებით, თუ ცალკეულ პარტიას სხვა პოზიცია ექნება, ეს მათი საქმეა. რომელიმე პარტია ცალკე რა ინიციატივით გამოდის, ეს მისი საქმეა, არ ნიშნავს, რომ ამას ვეთანხმები. საერთო ფორმატში ყველას აზრის გათვალისწინება მოხდება. არ ვიცი, რას გულისხმობს ხალხისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ლევან ვარშალომიძის მიერს დაანონსებულ „სირცხვილის კარიდორში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებს „ევროპული საქართველო“. გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნების მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის კორიდორებში.
„ჩვენ არ ვაპირებთ „სირცხვილის კორიდორებს“, მონაწილეობას არ ვიღებთ. ოღონდ, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვინ როგორი ფორმით გამოხატავს პროტესტს იმ სამარცხვინო ამბების გამო, რაც მოხდა საარჩევნო კამპანიაში და პირველ ტურში, არამედ პრობლემაა ის ზეწოლის და წნეხის კორიდორები, რაც გაკეთებული ჰქონდა მმართველ გუნდს პირველი ტურის დროს. ეს ერთ–ერთი კომპონენტი იყო, რის გამოც ის შედეგები, რაც დაიწერა, ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, თორემ ისე, მე „სირცხვილის კორიდორების“ წინააღმდეგი ვარ, ამ შემთხვევაში. ზოგადად – არა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სირცხვილის დერეფანს მხარს არ უჭერს „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რომლის განცხადებით, ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია არის მისაღები, როცა არჩევნებს აყალბებენ.
„გირჩი“ სირცხვილის დერეფანში მონაწილეობას არ იღებს. თუ რომელიმე პარტიას უნდა მსგავსი გააკეთოს, გააკეთებს. „გირჩი“ ამ აქციას არ აწყობს და ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. რაღაც აქციებში მონაწილეობას ვიღებთ, რაღაცაში – არა. მაგალითად, ერთ–ერთი პარტია სახლში დაადგა რომელიღაც საჯარო მოხელეს და ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
იდეა მიუღ0ებელია დავით უსუფაშვილისთვის, რომლის განცხადებით, საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფანი სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება. „ლელო საქართველოსთვის“ წევრის განცხადებით, არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც მცდარ ნაბიჯს დგამს.
„ამ ერთ დღემდე ოთხი წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა. და თუ ეს ვერ შევძელით, და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ – პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის და არა მას – არჩევნების ერთი დღისთვის“, – წერს დავით უსუფაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა კუჭავას განცხადებით, დროა, ოპოზიცია გადავიდეს კონსტრუქციულ ქმედებებზე, პატივი სცეს ამომრჩეველთა ნებას.
„21–ე საუკუნეში ვართ და ბოლომდე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა მაქსიმალურად დაუახლოვდეს იმ ჩვენს მთავარ მისწრაფებებს და ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. ხოლო ოპოზიციისგან რაც გვესმის, ეს არის ბოიკოტირება, ქუჩის აქციები და სირცხვილის კორიდორები.
დროა, ისინი გადავიდნენ კონსტრუქციულ ქმედებებზე, პატივი სცენ ამომრჩეველთა ნებას და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ე.წ. ბულინგისგან იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც მათ არ უჭერენ მხარს, რომელთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათთვისაც გასაკვირი იყო. ახლა ერთადერთი, რაც დარჩენიათ ყველაფერი ქუჩის აქციებით გააგრძელონ. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ნუ იქნებიან მხოლოდ სიტყვებით ევროპელები და პროდასავლელები, ასეთები თავიანთი ქმედებებითაც იყვნენ“, – აცხადებს კახა კუჭავა.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დღეს „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა სისხლის სამართლის დანაშაულია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ 21 ნოემბერს ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.
„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს ის და ხაზი უნდა გაესვას, რომ მათ რიგებშიც გაჩნდნენ ადამიანები, ვისაც აზროვნების შესაძლებლობა აქვთ და სწორი ხედვა აქვთ. ბევრმა დაგმო ეს ფაქტი იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია.
წარმოიდგინეთ, რომ დავდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ამომრჩეველს, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უფლება, მივიდეს არჩევნებზე, ვიღაცებმა მიაყენონ შეურაცხყოფა და ხელი შეუშალონ არჩევანის გაკეთებაში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, რა თქმა უნდა, მას მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთზე ეჭვიანობენ, ტელევიზიით მართავენ ეჭვიანობის სცენას და მოიგონეს სირცხვილის კორიდორი.
„კომედიაა, ფსკერზე ვართ ყველა თავალსაზრისით. კომენტარის გაკეთება მეზარება უკვე იმათი და ამათი მაყურებელი. ოპოზიცია აცხადებს, რომ სირცხვილის კორიდორები უნდა გავაკეთოთო. გამოვიდა „ოცნება“ და დაასმინეთ უცხოელებთან, რომ ესენი პროდასავლურები არ არიანო.
ტელევიზიები ოხრად ჰყავთ, გაიღონ ფული და საჯაროდ დათვალონ თითო–თითო ბიულეტენები და ეკრანებზე აჩვენონ. გაერთობიან კიდეც ამით, ხალხიც რაღაცას ისწავლის. იმიტომ, რომ განუწყვეტელი არჩევნების მიუხედავად, ამ ხალხმა ვერაფერი ვერ ისწავლა. სისულელეებს იძახიან, არარეალისტურ მითებს თხზავენ, მოკლედ საგიჟეთში ვცხოვრობთ“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.