„ნაციონალური მოძრაობა“, ერთი შეხედვით, თითქოს ცდილობს განახლებას, ახალი სახეების მიზიდვას, მაგრამ წარსულის აჩრდილიდან მაინც ვერ გამოდის და საკუთარ ლიდერშიპს ისევ ვერ თმობს. ეს კი, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, მათთვის წამგებიანია, რადგან სწორედ ნაცების ლიდერშიპს უკავშირდება 9 -წლიანი მძიმე რეჟიმი.
რატომ არ ახლდებიან ნაცები? იქნებ, იმიტომ, რომ ამომრჩევლის ნაწილს ერთხელ უკვე შეჩვეული ადამიანები მოსწონს, თუნდაც მძიმე შლეიფით? იქნებ, ძველ სახეებშია მათი გადარჩენის შანსი?
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ სტოკჰოლმის სინდრომი შეეყარა ჩვენი საზოგადოების ნაწილს, რომლებიც გამუდმებით ნაციონალებს აძლევენ ხმას.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე უკვე რამდენი ხანია, „ნაცმოძრაობას“ განახლებისკენ მოუწოდებს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ არ შეიძლება, პარტიამ წააგოს სამი, ხუთი, ათი არჩევნები და მაინც იგივე პოლიტიკური ლიდერები ჰყავდეს, მაინც ერთსა და იმავე დღის წესრიგს გვთავაზობდეს. არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ მოხდება. შესაძლოა, ნაციონალები თვლიან, რომ ხალხი მათ მხარს უჭერს და არც აწყობთ განახლება, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნორმალურად მოვიდნენ ხელისუფლებაში.
ნაციონალები ამას თვითონაც ხედავენ. სადმე გინახავთ, წარმატებული ხელისუფლება, რომელშიც რვა პარტიისგან შემდგარი კოალიციაა? სადმე მანახონ ასეთი წარმატებული მთავრობა. უბრალოდ, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ეს ე.წ. კოალიცია შეჭამს პატარ-პატარა პარტიებს. 2003 წელსაც შეჭამა რევოლუციამ თავისი შვილები, ახლაც შეჭამს, თუმცა ახლა საქართველოში არ არის რევოლუციური მუხტი, არ არის ამის საფუძველი.
„ქართული ოცნება“ ახლა თუ არა, 2024-ში მაინც წავა, 2024-ში თუ არა, 2028-ში წავა. არ ეგონოს ვინმეს, 2028 წლამდე ვუხანგრძლივებ სიცოცხლეს, მაგრამ ოდესმე „ქართული ოცნება“ ხომ წავა ხელისუფლებიდან? მაგრამ რომ წავიდეს ხელისუფლებიდან, ხომ უნდა იყოს პოლიტიკურ ველზე უკეთესი პარტიები? ამიტომ პარტიების განახლება ამისთვისაც საჭიროა და ლოგიკურადაც ასეა. მაგალითად, სპორტსმენი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მომავალ ჩემპიონატში ისევ იღებს მონაწილეობას, მაგრამ წააგო შემდეგი ჩემპიონატი და მეორე ადგილზე გავიდა, მომდევნო ჩემპიონატზე მესამე ადგილზეც ვერ გავიდა, ეს ხომ ნიშნავს, რომ მეოთხე ჩემპიონატზე ვეღარ გავა? ნაკრებში ხომ ხდება განახლება, მწვრთნელებს ცვლიან, ფეხბურთელებს ცვლიან. ასევე უნდა იყოს პარტიებშიც“,-აცხადებს ამირან სალუქვაძე.
მისივე განმარტებით, მართალია, „ნაცმოძრაობამ“ მცირე დოზით მიიმატა ახალი სახეები - ლევან ხაბეიშვილი და სხვები, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი არ არის ლიდერი და პარტიის პირველი პირი, ხელმძღვანელობის განახლებაა საჭირო და მაშინ იქნება პარტიის ნორმალური ზრდა.
ახლა კი სტაგნაციაა. ამ არჩევნებზეც იგივე სურათი მივიღეთ, რაც წინა არჩევნებზე. ამომრჩეველი პარტიების რიგით წევრებს არ აძლევს ხმას, ხმას აძლევენ ან სააკაშვილს, ან ივანიშვილს. ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო გარკვეული მაჟორიტარების მხარდამჭერი, აიღებდნენ ეს მაჟორიტარები ხმებს? ან კიდევ, სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო მაჟორიტარების მხარდამჭერი, ვერც ისინი აიღებდნენ პროცენტებს. ამიტომაც არ აწყობთ განახლება. თუმცა ეს პროცენტები საკმარისი არ არის ხელისუფლებაში მოსასვლელად.
„ფანატიკურად ჩაციკლულნი ვართ ლიდერების მიმართ და ესაა პრობლემა. „ქართული ოცნება“ როცა იღებს შედეგს და ინარჩუნებს უმრავლესობას, შესაძლოა, მას არც მოსთხოვო განახლება, თუმცა „ოცნებაში“ მაინც შედიან ახალ-ახალი სახეები. ვიღაც 2011 წელს რომ გაწევრიანდა „ქართულ ოცნებაში“, დღესაც რიგით წევრად ითვლება და არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ესეც პრობლემაა. ასეთ სიტუაციაში პარტიას არ ექნება ხვალინდელი დღე და მომავალი. პარტიებსაც არ ექნებათ მომავალი, თუ არ იქნებიან იდეოლოგიურად ჩამოყალიბებულნი. სააკაშვილმა ქუდი რომ დაიხუროს და თქვას, აღარ ვარ პოლიტიკაშიო, დამთავრებულია მისი პარტიის საქმე. მეტიც, პარტიებს აღიქვამენ პირად საკუთრებად, ქონებად, ბიზნესად, ესაა დაფინანსებისთვის ბრძოლა. ამ მახინჯ პოლიტიკურ სისტემას 30 წელია, ვინახავთ. აქედან უნდა გამოვიდეთ“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ განახლება შესაძლებელი და აუცილებელიცაა, მაგრამ, ასევე, სტრატეგიისა და ტაქტიკის შეცვლაა საჭირო. ამიტომ შესაძლოა, განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები დაემატოს „ნაცმოძრაობას“, თუმცა „ნაცმოძრაობამ“ უნდა შეცვალოს თავისი საინფორმაციო პოლიტიკა. დღეს „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ აგებს საინფორმაციო პოლიტიკას.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ ცხრა წელს, ნიკა ჩიტიძის თქმით, ხალხს თუ „ნაცმოძრაობის“ 9 წელი ახსოვს, მაშინ მათ უნდა ახსოვდეთ შევარდნაძის პერიოდიც, 90-ინი წლები და შედარებითი ანალიზი განახორციელონ.
„9 წელზე გამუდმებით საუბარი, ნაწილობრივ, „ქართული ოცნების“ პროპაგანდის შედეგია, რადგან ბევრი რამ არ მტკიცდება, მაგალითად, რაფალიანცის გარდაცვალება, ჟვანიას მკვლელობა და სხვა. ამიტომ „ნაცმოძრაობამ“ უნდა იმუშავოს იმაზე, გაფანტოს ჭორები. მათ დროს ცალკეული დანაშაულები მართლაც ხდებოდა, მაგრამ არა მასობრივად, შედარებაც არ არის 90-იან წლებთან. ღმერთმა აცხონოს, გირგვლიანი დაიღუპა „ნაცმოძრაობის“ დროს, მაგრამ შევარდნაძის დროს ასეთი დაახლოებით 300-მდე შემთხვევა იყო, როცა პოლიციელების მიერ იყვნენ ადამიანები მოკლულნი. ასევე, მაჩალიკაშვილის ამბავი გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ დროს, რომელიც საწოლში ჩაცხრილეს და პროკურატურამ საქმე დახურა“, -აცხადებს ნიკა ჩიტიძე.