მიშას პოლიტიკური ცუგცვანგი

მიშას პოლიტიკური ცუგცვანგი

ერთი შეხედვით, თითქმის შეუძლებელია, მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიციების მქონე, რამოდენიმე ამბიციური ადამიანის პოლიტიკური ნაბიჯების გამოთვლა, შესაძლო მოქმედებების სქემებისა და მოდელების აგება და, ამის საფუძველზე, რაიმე მოწესრიგებული ჰიპოთეზისა და კონცეფციის ჩამოყალიბება. თუმცა, ΧVІІ საუკუნის ინგლისის რევოლუციის, ΧVІІΙ საუკუნის საფრანგეთის რევოლუციის, ΧΧ საუკუნის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის და ოქტომბრის გადატრიალების შესწავლისას იოლად შესამჩნევი ხდება, რომ ისინი გამეორებად სცენარებს შეიცავენ. ΧΧΙ საუკუნის ფერად რევოლუციებსაც უამრავი მსგავსება აქვს საუკუნის წინანდელ პროცესებთან, ოღონდ, თანდათანობით, სახელმწიფო გადატრიალების ტექნოლოგიებში არაძალადობრივი მეთოდების ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა და პროცესები უსისხლოდ, ან თითქმის უსისხლოდ ჩატარდა.

XIX საუკუნის შუა პერიოდიდან გამოჩნდა რამოდენიმე ნაშრომიც სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების ტექნიკა-ტექნოლოგიის შესახებ. როგორც გადატრიალებების თანამედროვე თეორეტიკოსი ედვარდ ლიუტვაკი მოგვითხრობს: „ამ მიმართულებით დეტალური ინსტრუქციების ფორმულირება მოახდინა მემარცხენე ლიდერმა ბლანკიმ, მაგრამ მის თხზულებას წარმატება არ მოჰყოლია. ბლანკის წინამორბედის, გაბრიელ ნოდის ნაშრომი გამოქვეყნდა პარიჟში XVII საუკუნის ბოლოს. ნოდის კონცეფცია - „ოსტატური გადატრიალება“ - იყო გაცილებით ვრცელი, ვიდრე სახელმწიფო გადატრიალება თანამედროვე გაგებით. ხოლო უილიამ კინგის მიერ შესრულებული ინგლისური თარგმანი, 1711 წელს გამოჩნდა სათაურით „პოლიტიკური მოსაზრებები დიდ პოლიტიკაზე და სახელმწიფო გადატრიალების ხელოვნებაზე“ (Dr. William King: «Political considerations upon Refined Politicks and the Master Strokes of Stale»)“.

სამწუხაროდ, ბლანკის და ნოდის ნაშრომები ინტერნეტითაც ვერ მოვიძიე.

მეოცე საუკუნის მეორე-მესამე ათწლეულში განხორციელებული რევოლუციების ტექნოლოგიების შესახებ საინტერესო ნაშრომებია კურციო მალპარტეს „სახელმწიფო გადატრიალების ტექნიკა“ და ანტონიო გრამშის „ციხის რვეულები“ (მესამე ნაწილი).

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოს გადანაწილების ახალ სქემას, ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილებების „მოდერნიზირებული სამხედრო“ ტექნოლოგიები მოყვა, რომლის უბადლო დიდოსტატია, უკვე ნახსენები ედვარდ ლიუტვაკი, ნაშრომით - „სახელმწიფო გადატრიალება. პრაქტიკული სახელმძღვანელო“.

პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკურ დაშლა-დანაწილებისას, გაცილებით დახვეწილი ტიპის რვოლუციური სცენარი იქნა გამოყენებული, რომლის ავტორი ჯინ შარპია რამოდენიმე ნაშრომით. მათგან ძირითადია, არაძალადობრივ ბრძოლის იდეაზე დაფუძნებული სახელმძღვანელო - „დიქტატურიდან დემოკრატიისაკენ“.

საქართველოში - „ვარდების რევოლუცია“, ყირგიზეთში „ტიტების რევოლუცია“ და 2010 წლის მოვლენები, არაბეთში „არაბული გაზაფხული“, 2018 წლის სომხეთის რევოლუცია (ფაშინიანის ხელმძღვანელობით) და მრავალი სხვა სახალხო საპროტესტო მოძრაობა, მნიშვნელოვანწილად, „ხავერდოვანი რევოლუციის“ იდეოლოგის ჯინ შარპის არაძალადობრივი ბრძოლის თეორიის მეთოდების გამოყენებით განახორციელეს.

ამრიგად, დროთა განმავლობაში გამოიკვეთა სახელმწიფო გადატრიალების შესასრულებლად აუცილებელი პირობებისა და ფაქტორების სისტემური ჩამონათვალი, რომლის ცოდნასა და დაცვას მიზეზ-შედეგობრივ თუ არა, კორელაციურ ფინალამდე მაინც მივყავართ, რაც პრაქტიკულად არაერთხელ იქნა დადასტურებული.

აღნიშნული თეორიების მიხედვით, ნებისმიერი ხელისუფლების საყრდენი წერტილები ძალაუფლების შემდეგი წყაროებია: უფლებამოსილება (ლეგიტიმურობა), საკადრო რესურსები, გამოცდილება და ცოდნა, არამატერიალური (ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური) ფაქტორები, მატერიალური რესურსები და სანქციები (დასჯა).

ხელისუფლების განკარგულებაში არსებული გავლენის (ძალაუფლების) ეს ექვსივე წყარო, საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის, მორჩილებისა და თანამშრომლობის წყალობითაა.

როდესაც მმართველ სისტემას ეზღუდება ან საერთოდ ესპობა ხელმისაწვდომობა გავლენის (ძალაუფლების) ექვს დამოუკიდებელ წყაროსთან - ხელისუფლება სუსტდება და მისი დამხობა იოლადაა შესაძლებელი.

ამრიგად, თანამედროვე ტექნოლოგიების მიხედვით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბრძოლა მიმდინარეობს ამ ძალუფლების 6 წყაროს მოსარღვევად, თუმცა გვრჩება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი: არაძალადობრივი ბრძოლა, თავისი არსით, არის საზოგადოებაში დამკვიდრებული, ზნეობრივ ღირებულებათა სისტემაზე დაფუძნებული ეთიკური და სოციალური კონცეფცია და პრაქტიკა, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის აზროვნებასა და გრძნობებზე აპელირება, რათა ის იძულებული გახდეს აღიაროს ოპონენტის (ოპოზიციის, წინააღმდეგობის მოძრაობის...) მორალური უპირატესობა და მოქმედებების სამართლიანობა.

სწორედ ამ მომენტს ვერ ან არ ითვალისწინებენ სააკაშვილი და მის ფრთებს შეფარებული გაერთიანება.

2003 წელს, შევარდნაძის კლეპტოკრატიული მმართველობის პირობებში, სააკაშვილი, ექსცენტრულ-არაორდინალური თვისებებისა და უნარ-ჩვევების მიუხედავად, მხსნელ მზეჭაბუკად წარმოჩინდა. მმართველი ძალა მრავალრიცხოვანმა პოლიციის კორდონებმაც ვერ იხსნეს. უნდა გავიხსენოთ, რომ ამ პოლიციელების ხელფასი იმ დროს 80-90 ლარი იყო, რომელსაც ხშირად არც აძლევდნენ და თანამდებობის შესაბამის ყოველთვიურ „შენატანს“ იქით თხოვდნენ. „ვარდების რევოლუციის“ პათოსი, საზოგადოების სხვა ნაწილებთან ერთად, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების დიდი ნაწილისათვისაც მომხიბლავად გამოიყურებოდა. ამიტომ და სხვა მსგავსი მიზეზების გამო, იოლად მოხერხდა კორუმპირებული ბიუროკრატიული აპარატის ჩამოშლა.

თუმცა, ჰერაკლიტე ეფესელის არ იყოს, „მდინარის ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შეხვალ“, რადგან „წყალიც სხვაა და შენც სხვა ხარ უკვე“. 2020 წლისათვის საქართველოში შექმნილი ვითარება კარდინალურად განსხვავდება 17 წლის წინანდელისაგან.

დღეისათვის, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცნობიერებაში სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ასოცირდება ადამიანის ღირსების შელახვის, საკუთრების უფლების ხელყოფის, ფიზიკური დასახიჩრება-განადგურების, სასამართლო უსამართლობის ხანად. იმ პერიოდისათვის, ნაწილობრივ მაინც დაცულნი, თავად სააკაშვილის პრემიერ მინისტრებიც არ ყოფილან, რომლებიც ხშირად განიცდიდნენ მისგან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამას ემატება სასტიკად დარბეული მიტინგები, 2008 წლის ომის დროს გამოვლენილი ლაჩრული ქმედებები და „ვარდების რევოლუციის“ გმირი ძველი შარავანდედის მატარებელი აღარ არის. ამიტომ, სააკაშვილის რაიმე მორალურ უპირატესობაზე საუბარი, თუნდაც მრავალ ცოდვაში მხილებულ დღევანდელ ხელისუფლებასთან - აბსურდია.

გარდა ამისა:

არჩევნების პერიოდში ოპოზიციამ მოსახლეობას ვერც ერთი ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური ან სოციალური პაკეტი ვერ წარუდგინა, რომლის განხორციელებაც საზოგადოებამ პრიორიტეტულად ჩათვალა და ამავდროულად დაიჯერა, რომ ოპოზიცია, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამას ნამდვილად განახორციელებდა.

მოსახლეობის ცნობიერებაში მხოლოდ ერთი წინასაარჩევნო შეპირება (უფრო სასოწარკვეთილი თხოვნა) აისახა - გავუშვათ ივანიშვილი, მოვალთ ჩვენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, ოპოზიციური მასმედია, მათივე, ვითომ „საზოგადოებრივი“ ორგანიზაციები მუდმივად ტირაჟირებენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ამის არ სჯერათ თავად ოპოზიციის იმ წევრებსაც, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ. მათ იციან, რომ „გაყალბების“ ისტორია არეულობის გამოწვევის მიზნით შეთითხნილი ფარსია.

ყველა დამოუკიდებელი სოციოლოგიური გამოკითხვა მიახლოებულია არჩევნების რეალურ შედეგებთან. არჩევნების მასობრივ გაყალბებას ვერც ერთი დამოუკიდებელი დამკვირვებელი ვერ ადასტურებს.

გაზვიადებული და პროვოცირებული მიზეზებით, ვითარების დაძაბვის და გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის გამოხატულებამ, სააკაშვილის მიმართ უნდობლობა უფრო გაზარდა. ამგვარი უტიფარი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი სრულებით არ ნანობს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს და ერთი სული აქვს მოიპოვოს ძალაუფლება, რევანშის უსასტიკესი ფორმით აღსასრულებლად.

პირველივე მიტინგებმა აჩვენეს, რომ არჩევნებზე ოპოზიციის მხარდამჭერი ელექტორატი ქუჩაში გამოსვლებს დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია. დაანონსებული სახელმწიფო გადატრიალების მოსურნე სააკაშვილი თავად საქართველოში არ იმყოფება, ვერც ჩამოდის და არც აპირებს ჩამოსვლას. პრეზიდენტყოფილის ჩამოსვლა მისივე გუნდის წევრების მნიშვნელოვან ნაწილს არ სურს.

გაერთიანებული ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, მზად არის მოქმედებები საკანონმდებლო დარბაზიდან გააგრძელოს. ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე სააკაშვილის თანხმობაც და უარის თქმაც ერთნაირად დააზარალებს სააკაშვილის ისედაც შელახულ რეპუტაციას.

პრეზიდენტყოფილის ხელისუფლებაში რეინკარნაციის ერთადერთი თეორიული გზა, ალბათ, შევარდნაძის დაბრუნების მსგავსი სქემის რეალიზება იქნება, თანამედროვე კიტოვან-იოსელიან-სიგუას მონაწილეობით. მაგრამ, რეგიონში არსებული ვითრების (ყარაბაღის ომის შედეგები), სააკაშვილის შესაძლებლობების და 1991-1992 წლების ანალოგიური პროცესების მიმართ არსებული სახელისუფლებო ინსტიტუტების მზაობის ერთობლივი ანალიზს სამხედრო გადატრიალების მცდელობაც კი მინიმუმამდე დაყავს.

ხელისუფლებამ აჩვენა, რომ გადამწყვეტ ვითარებაში შეუძლია და აქვს უნარი, კანონიერების ფარგლებში რადიკალურადაც იმოქმედოს.

ამრიგად: სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი ოპოზიცია ვერ შეძლებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებას;

ხელისუფლებას გააჩნია საკმაო ცოდნა და გამოცდილება წინ აღუდგეს პროვოკაციულ მოქმედებებს;

არსებული ოპოზიციური მოძრაობის მოქმედებების ფორმა და შინაარსი ვერ მოახერხებს ბიუროკრატიული აპარატის ჩამოშლას;

ოპოზიცია ვერ გამოიყვანს ქუჩაში ხალხის მასების დიდ რაოდენობას;

ხელისუფლების განკარგულებაში არსებული რესურსები ისევე იოლად იქნება მისთვის ხელმისაწვდომი, როგორც არჩევნებამდე იყო.

ამგვარად, შეიძლება დიდი ალბათობით დავასკვნათ, რომ

სააკაშვილი იმყოფება ერთგვარი ცუგცვანგის პოზიციაში - რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, მხოლოდ გაიუარესებს მდგომარეობას.

არსებული ძალთა განლაგებით, ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა სამხედრო გადატრიალების საშუალებით, ან ხავერდოვანი რევოლუციის მეთოდების დახმარებით - შეუძლებელია.

და საერთოდ, უახლოეს მომავალში მაინც, სანამ ოპოზიციის ყველაზე ძლიერი ნაწილი მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის დაქვემდებარების ქვეშ იქნება გაერთიანებული, შეშინებული ამომრჩეველი იმ ძალის გარშემო მოახდენს კონცენტრირებას, ვისი იმედიც ექნება, რომ ის შეძლებს 2003-2012 წლის კოშმარების განმეორებას საშუალება აღარ მისცეს.

romani რომ იტყვიან, ანალიზი ობიექტურად ასახავს არსებულ რეალობას. გმადლობთ.
4 წლის უკან