ოპოზიცია რუსთაველის გამზირიდან მელიქიშვილზე ინაცვლებს. 18 ნოემბერს, ოპერის შენობიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, 2–მეტრიანი დისტანციის დაცვით ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს - „ყოველ ადამიანს, ვინც მოვა, მდუმარე პროტესტისთვის სტიკერი მიეცემა, რომელსაც ეწერება –„გაყალბებულია“. ასევე, იქნება საქართველოს და ამერიკის დროშები. რესპუბლიკის მოედანზე იქნება დიდი ბანერები, საქართველოს და ამერიკის დროშით, რომ არჩევნები გაყალბებულია, რომ მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ“. ამ ფორმით ხვდება ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია აშშ–ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს.
ვიცე–სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის უფლებაა უნდა მდუმარე აქცია ჩაატაროს, უნდა - ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს – მოქმედება საქართველოს და მოქალაქეების წინააღმდეგ. ვოლსკი ოპოზიციის გეგმებს დესტრუქციას და მავნებლობას უწოდებს, რომლის მიზანიც დესტაბილიზაციის შექმნაა.
„ერთი სიტყვით მთხოვოს ვინმემ შეფასება, მავნებლობას და დესტრუქციას დავარქმევდი. მე არ მგონია, რომ ვინმეს გაუკვირდეს აქცია, მით უმეტეს, აშშ–ის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების სინამდვილეში, აქციები მუდმივად იმართება და საქართველოსაც ახასიათებს სხვადასხვა საკითხებზე ადამიანთა ნების გამოხატვა. თუმცა, ფაქტია, რომ აქციებს, რომელსაც ახორციელებს სააკაშვილის გუნდი და მის გარშემო სატელიტი პოლიტიკური ჯგუფები, სხვა შინაარსი და სხვა საფუძველი უდევს.
ეს არის საქართველოს დესტაბილიზაციის მცდელობა, რაც რასაკვირველია, სიახლეს არ წარმოადგენს. სთავაზობენ ნებისმიერი საარჩევნო უბნის გახსნას და გადათვლას, ნებისმიერი ვიდეოთვალის მასალის რევიზიას და ესენი იგივე პოზიციაზე რჩებიან, რომელიც გულისხმობს არჩევნების ჩატარებას იქამდე, ვიდრე არ გაიმარჯვებს სააკაშვილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპროტესტო აქცია ერთ–ერთია, რომელზეც ოპოზიცია თანხმდება. მაგრამ ამ დრომდე შეთანხმება ვერ შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატების შუამავლობით მხარეებს შორის დიალოგი გრძელდება, მოლაპარაკების ორი რაუნდის შემდეგაც კონკრეტული შედეგი მიღწეული არ არის. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც შეიძლება მხარეებმა იმსჯელონ, არჩევნების თავიდან ჩატარებაა. ოპოზიცია უარს ამბობს არჩევნების შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე. მიუხედავად დიპლომატების თანდასწრებით გამართული დიალოგისა, ოპოზიცია აანონსებ, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
ასე არ ფიქრობენ მმართველ გუნდში და კატეგორიულად გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების გამართვის საკითხს. ოპოზიციის ამ ხისტი დამოკიდებულების მიუხედავად „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს და მოლაპარაკების შესაძლებლობას ისევ ხედავს. ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე საუბრობს კახა კალაძე და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს დიალოგი იმ მოთხოვნის მიხედვით წარმართოს, რასაც ოპოზიცია აყენებს.
„დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.
როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება“, – აცხადებს კახა კალაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია დესტრუქციული დღის წესრიგიდან კონსტრუქციულ რეჟიმზე უნდა გადავიდეს.
„სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით იმ გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც გაახმოვანეს ჩვენმა ოპონენტებმა, ისინი არ აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობას, თუმცა ყველა განცხადება, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გააკეთეს და ამავდროულად, არის სახელმწიფოებრივი და ჯდება ქვეყნის ინტერესებში, მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია უნდა გადავიდეს ამ რადიკალური, დესტრუქციული დღის წესრიგიდან კონსტრუქციულ რეჟიმზე და მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში. ეს იქნება მათი მხირდან პასუხისმგებლიანი საქციელი იმისათვის, რომ დემოკრატიის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყანაში და ამაზე შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი შეფასება გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის წევრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოპოზიციას არ უნდა ხმების გადათვლა და არჩევნები, მათ უნდოდათ რევოლუცია, რომელიც მისი თქმით, ჩაფლავდა. როგორც წულუკიანი აცხადებს, ოპოზიციამ არჩევნებზე მიიღო ის ხმები, რაც რეალურად უწერია.
„ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები პარალელური დათვლის შედეგებს პრაქტიკულად ემთხვევა. პარალელური დათვლა ჩაატარა არა ცესკო–მ, არამედ ISFED–მა. ISFED–ზე მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას ენდობიან. შესაბამისად, რატომ არ ენდობიან იმას, რომ ცესკო–ს მაჩვენებელი და ISFED–ის მაჩვენებელი „ქართული ოცნებისთვის“ პრაქტიკულად ერთი და იგივეა, თუ არ ჩავთვლით 0,1%–იან სხვაობას?“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
უმრავლესობის პოზიციის მიუხედავად, ოპოზიცია უარს არ ამბობს დესტრუქციაზე. საპარლამენტო ტრიბუნის ნაცვლად, ისევ ქუჩას ირჩევს, რომლის მიზანიც რევოლუცია არის. ოპოზიციის გეგმა „ა“ არჩევნებში მონაწილოება იყო, ახლა რჩება გეგმა „ბ“ - რევოლუცია, რისთვისაც არც რესურსი აქვს და არც საერთაშორისო მხარდაჭერა. რაც მთავარია ერთიანობა არც ოპოზიციაში არ არის.
„სტრატეგია აღმაშენებელი“–ის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი, არც ერთი არ აპირებს ფუნდამენტური ცვლილების გარეშე რაიმე კომპრომისზე წასვლას. ვაშაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში საარჩევნო უფლებები არ არსებობს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბრძოლას. ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ქვეყნის და დემოკრატიის ფუნდამენტი, საარჩევნო უფლებების თვალსაზრისით, არ არსებობს ქვეყანაში. თუ საარჩევნო უფლება არ არსებობს ქვეყანაში, თუ მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ბედი, ის ქვეყანა განწირულია კრახისთვის. ჩვენ აუცილებლად ვითხოვთ ახალ არჩევნებს, მაგრამ ამასთან ერთად ვითხოვთ სამართლიან, კანონის შესაბამის თავისუფალ არჩევნებს, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვის ვანდობთ ჩვენ ბედს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რომან გოცირიძის განცხადებით, ხელახალი არჩევნების ჩატარების ორი გზა არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განმარტებით, განმეორებითი არჩევნების ორ თვეში ჩატარება, ან პარლამენტის ვადამდე ადრე დათხოვნა და პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით არჩევნების თარიღის დანიშვნა.
„როგორც იცით, მოლაპარაკების თემა ხელისუფლებასთან არის ახალი არჩევნების ჩატარება. როდესაც ვამბობთ ახალი არჩევნები, რიგგარეშე არჩევნები, ვადამდელი არჩევნები – ეს ყველაფერი არის ამ ცნების თავისუფალი ინტერპრეტაცია. ეს არის ჟარგონი. ჩვენი კანონმდებლობა ცნობს ორ რამეს. ერთი ეს არის ხელახალი არჩევნები, რომელიც ნიშნავს ამ არჩევნების არშემდგარად, ბათილად გამოცხადებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას 2 თვის ვადაში.
მეორე გზა ეს არის, როდესაც ხდება პარლამენტის ვადამდე დათხოვა და ამ შემთხვევაში ტარდება რიგგარეშე არჩევნები და რიგგარეშე არჩევნების თარიღს უკვე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანების ამოქმედებისგანავე“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით,იმის მიუხედავად, წავა თუ არ წავა ხელისუფლება დათმობაზე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს. მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს, რომ ახლავე იქნას აღიარებული არჩევნების გაყალბებით ჩატარება, არ დათანხმდება, გამოსავალი შეიძლება, იყოს პოლიტიკური შეთანხმება იმაზე, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში და ერთი წლის ვადაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები.
„რთული სათქმელია, „ქართულ ოცნებაში“ აცნობიერებენ თუ არა, თუმცა ქვეყანა რიგგარეშე არჩევნების წინაშე მაინც დადგება, რადგან ობიექტურად არის მძიმე ვითარება და „ქართულ ოცნებას“ მომდევნო 4 წელი ხელისუფლების შენარჩუნება გაუჭირდება. პრობლემა მხოლოდ პარლამენტის ერთპარტიულობაში კი არ არის, პრობლემა ის არის, რომ იქნება უამრავი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური პრობლემები, რომელსაც ხელისუფლება ვერ გადაჭრის.
არ ვიცი, დღეს ამას რამდენად აცნობიერებს ხელისუფლება, მაგრამ ძალიან მალე დადგება ასეთი რეალობის წინაშე. ხელისუფლებას მოუწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ამიტომ მხოლოდ ეს არის გამოსავალი, რომ ოპოზიცია შედის პარლამენტში და ხდება პოლიტიკური შეთანხმება, რომ მოხდება საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ერთი წლის ვადაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები.
მაგრამ თუ ოპოზიცია დარჩება ქუჩაში, არც ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს. მოლაპარაკებების პროცესში უბნების გადათვლაზე უარი ოპოზიციის მხრიდან, მათთვის არამომგებიანია. ოპოზიცია უნდა დათანხმდეს გადათვლაზე და უნდა გააკეთოს შემხვედრი წინადადება“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.