ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია და მათი მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება გრძელდება. ოპოზიციური სპექტრი არც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აღიარებს და არც საკანონდებლო ორგანოში შესვლას გეგმავს მანამ, სანამ ცენტრალური საარჩევნი კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია არ გადადგება, არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, რაც ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ხელისუფლების „პოლიტიკურ განაჩენს“ ნიშნავს.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული საპროტესტო აქციები თავის ხიბლს კარგავს და ვერც მუხტს ინარჩუნებს, რომ თავისი ელექტორატი მოიზიდოს. საბოლოოდ ვხედავთ, რომ მიტინგები არცთუ ისეთი მასშტაბური და პომპეზურია, პირიქით - საპროტესტო აქციებზე ადამიანების უფრო მცირე რაოდენობა იყრის თავს, რაც შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით აიხსნას. ანალიტიკურ წრეებში საუბრობენ იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პანდენიასთან ერთად გარკვეულ ნეგატიურ როლს თამაშობს აქციებზე გაცვეთილი და მოძველებული ფრაზების მოსმენა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, შაბათს, 14 ნოემბერს ჩატარებული აქცია იმის გამოძახილია, რომ მიტინგები უწყვეტ ხასიათს მიიღებს, რის პარალელურადაც, „ქართულ ოცნებასთან“ ერთგვარი მოლაპარაკებები გაგრძელდება და მორიგი რაუნდიც შედგება.
რაზე შეთანხმდებიან მხარეები, ამაზე პროგნოზის გაკეთება რთულია. მეორე მხარის შეფასებასაც თუ გავითვალისწინებთ, ოპოზიციას საპროტესტო აქციაზე ხალხის მობილიზება უფრო მეტად უჭირს და ფიქრობს, რომ საბოლოოდ, ოპოზიციური პარტიები საკანონდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მართალია, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვდრა შედგა და დაიგეგმა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუმცა, უცნობია რა მოხდება 21 ნოემბრამდე და საერთოდაც, გაიმართება თუ არა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტძე For.ge-სთან ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ერთგვარი ხსნა ურთიერთდათმობაშია. მისი თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციას უნდა მისცეს პირობა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს ჩატარდება, ხოლო ოპოზიციურმა სპექტრმა სანაცვლოდ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„აქცია უნდა ჩატარებულიყო. ეს, რა თქმა უნდა, ვითარებას რადიკალურად ვერ შეცვლიდა და არც მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება რაღაც დათმობაზე წავიდოდა. ოპოზიციის მიზანია პერმანენტული აქციების ჩატარება და პარალელურად, მოლაპარაკების წარმოება ხელისუფლებასთან. ოპოზიციის მიზანია ხელისუფლებას დაუმტკიცოს, რომ ის არ შეეგუება არჩევნების შედეგებს, რაც მიუღებელია არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, მთლიანად საზოგადოებისთვის.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-ს რეზიდენციაში, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება არ მომხდარა. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? - ორივემ უნდა გადადგას ურთიერთკომპრომისული ნაბიჯები. ოპოზიციამ განაცხადოს თანხმობა პარლამენტში შესვლის თაობაზე, იმ შემთხვევაში თუკი, ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები, კერძოდ, 2024 წლის ნაცვლად, არჩევნები 2022 წელს გაიმართოს, რომელიც წმინდა პროპორციული სისტემით ჩატარდება. მესამე მოთხოვნა უნდა იყოს არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება.
როდესაც ოპოზიცია ითხოვს თამარ ჟვანიას გადაყენებას, მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყენება საქმეს ვერ უშველის, თუ სისტემა არ შეიცვალა. საერთო ჯამში, ამ არჩევნებში ჩართული იყო 22 ათასამდე ადამიანი და რას უშვრებიან იმ 22 ათას ადამიანს?! - არ მგონია, ოპოზიციამ თანხმობა განაცხადოს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. ამ შემთხვევაში კი ხელისუფლებას დისკომფორტი ექმნება. თუ 21-მდე შეთანხმება მოხდა, შესაძლოა, მეორე ტური გადაიდოს. მანამდე არ მგონია, რომ შეთანხმება მოხდეს და ოპოზიციამ მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დღითიდღე სუსტდება, რადგან მომხრეთა რაოდენობა მცირდება. როგორც იგი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ხელისუფლებისთვის „პოლიტიკური განაჩენის“ გამოტანას ნიშნავს და მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმის არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
„მოსალოდნელი იყო, რომ აქცია უფრო მასშტაბური იქნებოდა, რადგან ლოგიკურად ასეც უნდა ყოფილიყო. პირველი აქცია არცთუ ისეთი მრავალრიცხოვანი იყო, მუხტის შესანარჩუნებლად და წარმატებულობის პოტენციალის საჩვენებლად ის აქცია, რომელიც შაბათს გაიმართა უფრო მრავალრიცხოვანი უნდა ყოფილიყო. თუ რატომ არ გამოუვიდათ ეს, ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს: კორონავირუსის პანდემიის მზარდმა მაჩვენებლებმა სავარაუდოდ, სახლში დააკავა დიდი რაოდენობით მონაწილე. ასევე მოსახლეობამ წინა აქიაზე რაც ნახა, სადაც პროცესი ძალადობრივი აქტებით გაგრძელდა, შესაძლოა ამანაც გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილება. მიზეზი შეიძლება ყოფილიყო სააკაშვილის რევოლუციური მოწოდებებიც, რამაც საზოგადოების ნაწილზე იქონია ნეგატიური ზეგავლენა და გაუქარვა მათ მიტინგზე მისვლის სურვილი.
აქციაზე ძირითადად „ნაცმოძრაობის“ აქტივი იდგა და ნაკლებად სხვა ოპოზიციური პარტიების. ამ მიტინგზე საზოგადოებამ ვერაფერი ახალი და ღირებული ვერ მოისმინა, გარდა იმ ფრაზების და განცხადებებისა, რაც წინა აქციაზე უკვე გაჟღერდა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა აბსოლუტურად კეტავს მოლაპარაკებების გაგრძელების გზას. ვადამდელი არჩევნების გამართვით „ოცნებამ“ უნდა აღიაროს, რომ არჩევნები გააყალბა და ეს უკვე მისთვის განაჩენია, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციისთვის. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს ცესკო და ყველა ადამიანი, ვინც ამაში იყო ჩართული. ასე რომ, ვადამდელი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ეუთო/ოდირის მისიამ, სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროსაბჭომ ცალსახად განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, სადაც დაცული იყო ადამიანების ფუნდამენტალური უფლებები, რაც მოიცავს არჩევანის თავისუფლებას.
ოპოზოცია პირდაპირ ვერ ამბობს, რომ შევლენ პარლამენტში, მაგრამ იგრძნობა მათი განცხადებებით, რომ ისინი ბოლომდე არ იზიარებენ რადიკალურ მიდგომას. მთავარია ახლა, ხელისუფლება რას შესთავაზებს. თუ ოპიოზიცია გააგრძელებს საპროტესტიო აქციებს, თანაც რადიკაულური ფორმით, ვერ მიიღებს საზოგადოების ისე მხარდაჭერას, რაზეც აქვს გათვლა“ - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.