არჩევნები და საგამოძიებო კომისია

არჩევნები და საგამოძიებო კომისია

ჯერჯერობით პოლიტიკური მოათამაშეები კომპრომისს არ აპირებენ, ოპოზიცია არც პარლამენტში შედის და არც ქუჩას თმობს. სამაგიეროდ, კომპრომისზე საუბრობენ ანალიტიკოსები და სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობენ მხარეებს. ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, რაციონალური და ცივილიზებული იქნება, ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, დაიკითხოს თამარ ჟვანია და სხვები. თუ კომისიის მუშაობის შედეგად დამტკიცდება, რომ არჩევნები იმ დოზით გაყალბდა, რომ შედეგები არსებითად შეიცვალა, ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს უნდა დათანხმდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ ოპოზიცია ამას ვერ დაამტკიცებს, „ყველაფერი დასრულდება“.

არის მეორე ვარიანტიც, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხმები თავიდან დაითვალოს და, ვისაც ხმები მოაკლდა, მას მიემატოს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ხმების თავიდან დათვლა სულაც არ არის კომპრომისი, რადგან ეს არაპირდაპირი აღიარება იქნება, რომ ამ არჩევნებზე რაღაც არასწორად მოხდა.

„კომპრომისი სულ სხვა სფეროა. უხეში შედარებაა, მაგრამ ახლა პუტინმა თითქოს შეარიგა მხარეები, თითქოს კომპრომისსაც მიაღწიეს, მაგრამ ხომ ხედავთ, ფაშინიანს ლამის შეუვარდნენ, პარლამენტი დაარბიეს, ფაშინიანი, ალბათ, უკვე მოსკოვშია გაქცეული. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ასეთი კომისიების შექმნის გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს, მაგრამ რა მოჰყვა საგამოძიებო კომისიებს? პრაქტიკულად, არაფერი. ამიტომ სახის შენარჩუნება ძალზე რთულია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge- სთან საუბრისას.

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის აზრით, დღეს სრული მზადყოფნაა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, კერძოდ, საქართველოში წარმოდგენელი დიპკორპუსის მხრიდან, ჩაერთონ ამ პროცესში.

„ამის შესახებ დავწერე სოციალურ ქსელში, რომ ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი პარტნიორები და გამჭვირვალედ დავინახოთ, რა შედეგი გვაქვს. ამას ხელს არ უშლის პარლამენტში ოპოზიციის შესვლა და საქმიანობის დაწყება. პარლამენტმა შეიძლება დაიწყოს თავისი საქმიანობა, შემდეგ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით შეიძლება შეიცვალოს შედეგი და შეიძლება ისეც მოხდეს, „ქართული ოცნება“ დემოკრატიული უმრავლესობის ნაცვლად უმცირესობაში აღმოჩნდეს. როგორც კი ეს სამართლებრივი შედეგი დადგება, იმ წამსვე მთავრობას ჩამოაყალიბებს ის ძალა, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს. ეს ყველაფერი უმარტივესად მოხდება, პარლამენტის სპიკერსაც აირჩევენ, მთავრობასაც დააკომპლექტებენ, თუ, რა თქმა უნდა, შეძლებენ პორტფელების გაყოფას და შეიძლება ვიხილოთ მრავალწლიანი პროცესი. ჩვენ ვნახეთ წარმატებულ დემოკრატიაში - გერმანიაში ნახევარ წელზე მეტხანს მოუნდა მერკელი მთავრობის ჩამოყალიბებას. მერკელის პარტიას 30%- ზე ნაკლები ჰქონდა და დაემატა ორი პარტიის ხმა. იმიტომ ვერ აყალიბებდნენ გერმანიაში მთავრობას, რომ ვერ თანხმდებოდნენ პარტიების საბაზისო ღირებულებებსა და დაპირებებზე, რომლებიც მათ ამომრჩეველს მისცეს“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსის განმარტებით, მსგავსს ვერაფერს ვხედავთ ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში. ეს კატასტროფაა, როცა არ ვიცით, პარტიებს რა იდეოლოგია აქვთ, ცხადია, ლოზუნგები და სადღეგრძელოები არ იგულისხმება. ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში პირველ ადგილზე გასული პარტია იწყებს კოალიციის ჩამოყალიბებას და სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებში შედის საბაზისო ღირებულებებთან დაკავშირებით. დავუშვათ, მწვანეებთან უნდა შეთანხმდნენ მწვანე პოლიტიკის ირგვლივ, რაღაცას დათანხმდება ერთი პარტია, რაღაცას არა. შეჯერდებიან ჯერ ერთ პარტიასთან, შემდეგ მეორესთან და ეს არის ნორმალური დემოკრატია. საქართველოში კი ისევ იმაზე ვართ დამოკიდებულნი, რამდენ ათას კაცს გამოიყვანს ოპოზიცია, შეაზანზარებს თუ არა ხელისუფლებას.

„ამიტომ ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვხედავ საერთაშორისო პარტნიორების ჩართვაში, ეს არის ნორმალური სამართლებრივი გზა. შევთანხმდეთ ერთ რამეზე, კონკურენტუნარიანობა იყო თუ არ იყო ამ არჩევნებზე? ჩემი აზრით, იყო. პარტიებს დაფინანსება ჰქონდათ წინა შედეგებიდან გამომდინარე, ოპოზიციას საკმარისზე მეტი მედიასაშუალებები გააჩნდა, ხმის მიტანის პრობლემა ამომრჩეველთან არ ჰქონდა. არჩევნების დღეც ამ მხრივ კონკურენტუნარიანი იყო. თავისუფალ გარემოში ჩატარდა. თუმცა იმ ხარვეზებიდან გამომდინარე, რაც მედიის საშუალებით გავიგეთ ცდომილების თაობაზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს უმრავლესობა - უმცირესობის ჩამოყალიბებაზე, ან პირიქით, ხელისუფლებას დაემატოს პროცენტები, ეს შეიძლება ჩავთვალოთ არასამართლიან შედეგად. ამდენად, პროცენტებთან დაკავშირებით უნდა იყოს მსჯელობა“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე შეფასებით, საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა, ეს არჩევანი ბიულეტენების სახით უკვე ცესკოსა და საოლქოებშია, ამიტომ შეიძლება გადაითვალოს ბიულეტენები.

რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ანალიტიკოსის თქმით, ახალი არჩევნების იდეა რაშია? იმაში, რომ საპროტესტო მუხტზე ჩატარდეს არჩევნები და სხვა შედეგი დადგეს? ეს შედეგი ხომ შეიძლება ოპოზიციისთვის გაცილებით უარესი აღმოჩნდეს, ან პირიქით. ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ხელახალი არჩევნები მათთვის გამარჯვების მომტანი იქნება, რადგან ხალხი ჩათვლის, ისევ „ნაციონალები“ მოვლენო და შესაძლოა, სხვა არჩევანი გააკეთონ. თუმცა ოპოზიციას ავიწყდება, რომ შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს, უარესი პროტესტი მოჰყვეს ნაციონალების შესაძლო დაბრუნებას და ოპოზიციამ უარესი შედეგი მიიღოს.

„საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა შესაძლოა, გაცილებით აქტიური იყოს, ისეთივე, როგორც იყო საარჩევნო სისტემის ცვლილების დროს შარშან, რომლითაც უკეთესი შედეგი მივიღეთ და, რომლის თანახმადაც, 2024- ში არჩევნები ჩატარდება სრულიად პროპორციული სისტემით“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.