ამერიკის საელჩოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სამსაათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრის დეტალები უცნობია, მაგრამ ვიცით ის, რომ მოლაპარაკების რაუნდი გაგრძელდება. ცნობილია ასევე, რომ ოპოზიცია პოზიციებს არ თმობს და კვლავ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვს.
ოპოზიციის მოთხოვნების პარალელულად კი, მმართველი გუნდი არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურად ემზადება. გამოიღებს თუ არა მოლაპარაკებები შედეგს? პანდემიის ფონზე როგორ ჩაივლის არჩევნების მეორე ტური, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე ესაუბრა.
ბატონო დიმიტრი, არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე რამდენიმე დღე რჩება, ქვეყანა კი საპროტესტო აქციებმა მოიცვა და ამის ფონზე გაიმართება არჩევნების მეორე ტური?
- საარჩევნო პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს, რათა საზოგადოების არჩევანი საბოლოო იყოს. ამ პანდემიის დროს ყველამ უნდა იცოდეს, საზოგადოება ვის აბარებს ქვეყნის მმართველობას. რა თქმა უნდა, ეპიდვითარება საყურადღებოა და ამ პროცესს ართულებს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველი ტურის დროს პანდემიის პერიოდი იყო, თუმცა არჩევნებზე საზოგადოების მაღალი დასწრება იყო. ახლაც ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს. მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ტურში საარჩევნო უბნები უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე სხვა ნებისმიერი ობიექტებია. მეორე ტურშიც ასევე უნდა გავაკეთოთ. მეორე ტურშიც საზოგადოებას უნდა მივცეთ უფლება ნების გამოხატვის.
მოლაპარაკების პირველი რაუნდი თქვენთვის რამდენად შედეგიანი იყო?
- მოლაპარაკების პირველი რაუნდი რომ შედგა, ეს უკვე კარგია - შეუთანხმებლობას შეთანხმება ჯობია. მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილება რომ არ არის ჯერ მიღებული, ამისათვის დაიგეგმა შემდეგი მორიგი შეხვედრა. დავიტოვებ იმედს, რომ მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივლენ. თუმცა, ხალხის არჩევანი, რომელიც პირველ ტურში იყო, ის ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხედულებების გამო არ უნდა შეიცვალოს.
მოლაპარაკების პირველი ტური უშედეგოდ დასრულდა და არჩევნების მეორე ტურამდე, თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება შედეგს გამოიღებს?
- სწორედ ესაა გასათვალისწინებელი, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ხოლო, პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყანა არ უნდა შევწიროთ. ახლა აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ თუკი სადმე ხარვეზი იყო, ის აღმოვფხვრათ. ანუ, ის უბნები, რომელიც სადავოა ახლიდან გადავთვალოთ. ამით კი ყველა დარწმუნდება, რომ არჩევნების შედეგი სუბიექტურია.
თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება და არც ერთი მხარე არ დათმობს, ამ შემთხვევაში რა მოხდება?
- სიტყვის გამოხატვის უფლება შენარჩუნებული უნდა იყოს. იმ მცირე ჯგუფს, რომელსაც აქვს პრეტენზია თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, ახლა ცდილობს, რომ საკუთარი ხმები ქუჩაში დაიცვას, თუმცა იმ უმრავლესობასაც აქვს ხმების დაცვის უფლება, რომელმაც საკუთარი შედეგი დააფიქსირა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საუკეთესო გამოსავალი, ქვეყანაში არსებული პროცესი ძალთა ბალანსით არ უნდა წავმართოთ და ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი არის ის, რომ შედეგი მოლაპარაკებების გზით იქნას მიღწეული.
ოპოზიციაშიც არიან ისეთები, ვისთვისაც მიუღებელია მოლაპარაკებები და ქუჩის აქციები ურჩევნიათ. თქვენი აზრით, რომელი პოლიტიკური პარტიები წამოვლენ დათმობაზე და ვიხილავთ მე-10 მოწვევის პარლამენტში?
- პირველ რიგში, ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ სიტუაციაში პრეტენზიის უფლება ყველას აქვს. ის პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და პრეტენზიას აყენებენ, რომ ხმები გაუყალბეს, ეს ხომ წარმოუდგენელია. ასეთი პრეტენზიები უსაფუძვლოა. ამიტომ, ჯობია საკუთარ ამბიციებს, ქვეყნის ინტერესები ამჯობინონ.
თქვენი საუბრიდან ირკვევა, რომ მმართველი გუნდი დათმობაზე არ წავა და მეორე ტურს ჩაატარებს...
- მმართველი გუნდის ვალდებულება ისაა, რომ დაიცვას საზოგადოების მიერ დამდგარი შედეგი. არასწორი მიდგომაა, რომ ქუჩაში, „დისკოთეკაზე“ ქვეყნის ბედი წყდებოდეს და „იგნორი“ გაუკეთდეს საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებას.
თქვენ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით და არაერთხელ ახსენეთ სიტყვა პანდემია. როგორ ფიქრობთ, ასეთი მომატებული კორონავირუსის ფონზე ხალხი მივა არჩევნების მეორე ტურზე?
- პირველ რიგში, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, აღნიშნულ საკითხზე ყველას ადეკვატური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. ქუჩის აქციები მარტო პოლიტიკურ ვითარებას არ ამძიმებს, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასაც ამწვავებს. ჩვენ ეპიდვითარების გაუარესებას ხელი აღარ უნდა შევუწყოთ. პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხოდ ჩატარებას. ვფიქრობ, მმართველმა გუნდმა როგორც პირველ ტურში შეძლო, რომ საარჩვენო უბნები უსაფრთხო იყო, ახლაც იგივეს გააკეთებს. მგონია, რომ არჩევნების მეორე ტურში საზოგადოების დასწრება აქტიური იქნება.
და როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ისე გეკითხებით, როდის გადაივლის პანდემიის მეორე ტალღა და ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდება თუ არა „ლოქდაუნი“?
- ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოკიდებულია ქვეყანაში არსებული ეპდვითარებაზე. არაერთხელ განმიცხადებია, რომ მეორე ტალღა მოსალოდნელი იყო. ასე რომ, როგორც მთელი მსოფლიო, ისე საქართველოც კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადებოდა. ახლა ჩვენ ვართ ტურბულენტურ ზონაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობის მატება მიმდინარეობს. ალბათ, ჩვენ პიკს ნოემბრის ბოლოს მივაღწევთ, მაგრამ რამდენხანს გაგრძელდება ე.წ „პლატო“ , ამის პროგნოზი რთულია. ეს დამოკიდებულია საზოგადოების ქცევაზე.