ბოლო 11 დღის განმავლობაში ნიგერიის სამ შტატში ყვითელი ცხელებით სულ მცირე 76 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„1-11 ნოემბერს ბაუჩის, ენუტუსა და დელტის შტატებში ყვითელი ცხელების 222 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 76 ადამიანი“, - აცხადებენ ადგილობრივ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
ხელისუფლება ახლა მსჯელობს საგანგებო ზომებზე, რათა ინფექციის სხვა რაიონებში გავრცელება არ მოხდეს.
ყვითელი ცხელება წარმოადგენს მწვავე ვირუსულ ჰემორაგიულ დაავადებას, რომელიც გადაეცემა ინფიცირებული კოღოს საშუალებით. დაავადების მძიმე ფორმის და მკურნალობის გარეშე, ლეტალური გამოსავალი მოსალოდნელია შემთხვევათა 50%- ში. ყოველწლიურად ყვითელი ცხელებით მსოფლიოში 200 ათასამდე ადამიანი ინფიცირდება, საიდანაც 30 ათასთან ლეტალური შედეგი დგება. შემთხვევათა 90% აფრიკის კონტინენტზე მოდის.