აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ-სამ კვირაში არჩევნებში მისი გამარჯვება ცხადი გახდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გაზეთ Washington Examiner-თან ინტერვიუში განაცხადა.
„საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ გადამწყვეტ შტატებში მე ვიქნები გამარჯვებული. დარწმუნებული ვარ, რომ ვისკონსინში, არიზონაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში გავიმარჯვებ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დამარცხების აღიარებას არ აპირებს.
„მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი მორჩა, რომ უნდა ვაღიარო დამარცხება. ამ ეტაპზე ამის გაკეთებას არ ვაპირებ. არასდროს დადოთ ფსონი ჩემს წინააღმდეგ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.