ქვეყანაში დაძაბული პოლიტკური ვითარების პარალელურად ყველა მოლაპარაკების შემდეგ რაუნდს ელოდება, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა განახლდეს. მხარეები შეთანხმდნენ მხოლოდ იმაზე, რომ სხვა შეხვედრაც უნდა შედგეს, სადაც სავარაუდოდ, ხელისუფლება იტყვის რა გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე.
პირველი შეხვედრიდან კი რაც გავიგეთ ისაა, რომ არც ერთმა პოლიტიკოსმა საუბრის დეტალების გახმაურება არ ისურვა, თუმცა თქვეს, რომ მათ ელჩების თანდასწრებით არჩილ თალაკვაძეს ის მოთხოვნები წაუყენეს რაც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია. მოხდეს ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ თალაკვაძემ მათ მოუსმინა, ყველაფერი ჩაიწერა და უთხრა, რომ პარტიის წევრებთან დაილაპარაკებს.
ანალიტიკსოები for.ge-სთან ამბობენ, რომ კარგია როდესაც მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა ოპოზიციამ ულტიმატუმის ენით საუბარი უნდა შეწყვიტოს, რადგანაც ამით ჩიხში საკუთარი თავი თვადვე შეჰყავს და შემდეგ უკან დახევა გაუჭირდება. მათ ამის გამო დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ და ამომრჩეველთანაც მორალური პასუხისმგებლობა ექნებათ. ანალიტიკოსების აზრით, აქციის მონაწილეებისთვის ოპოზიციისთვის რთული ასახსნელი იქნება, რატომ ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „სამოქმედო რუკა“ არც ერთ მხარეს არ აქვს და მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე სპონტანურად მოქმედებენ.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. დიალოგი რამდენიმე საათს გაგრძელდა და მას ოპოზიციიდან ესწრებოდნენ: გრიგოლ ვაშაძე ("ნაციონალური მოძრაობა"), დავით ბაქრაძე ("ევროპული საქართველო"), გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი"), ბადრი ჯაფარიძე ("ლელო"), ზურა ჯაფარიძე ("გირჩი"), ირმა ინაშვილი ("პატრიოტთა ალიანსი"), ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები") და შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია") - ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც 1%-იანი ზღვარი გადალახა. შეხვედრაზე მივიდა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ლიდერი არჩილ თალაკვაძეც.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად „საგზაო რუკა“ არ აქვს. ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ ორივე მხარემ რამე კომპრომისული ნაბიჯი არ გადადგა, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. მისი აზრით, მთავარია ყველაფერი ისე მოხდეს, რომ მხარეებს სახის შენარჩუნების საშუალება მიეცეთ.
„ჯერჯერობით იმ ეტაპზე ვათ, რომ ორივე მხარე საკუთარ პოზიციებს აფიქსირებს. მედიატორებმა კი ელჩების სახით, ეს პოზიციები მოისმინა. ეს მართალია წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ორივე მხარემ რამე კომპრომისული ნაბიჯი თუ არ გადადგა, მაშინ გამოსავალი ვერ მოიძებნება. მოლაპარაკება მხოლოდ ცალმხრივი ვერ იქნება. რაღაცა ნაბიჯები ორივე მხრიდან ისე უნდა გადაიდგას, რომ სახის შენარჩუნების საშუალება მიეცეთ. სხვაგვარად ჩიხში შევალთ, რაც ქვეყანაში ესკალაციას გამოიწვევს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.
ხუხაშვილი ოპოზიციას ურჩევს, რომ დეფაქტო სიტუაცია აღიარონ და პარლამენტში შევიდნენ იმ პირობით, რომ საგამოძიებო კომისია არჩევნების ყველა გარემოებას შეისწავლის და ამ დასკვნის საფუძველზე ყველა მხარეს ეცოდინება, იყო თუ არა იმ მასშტაბის და იმ ხარისხის გაყალბება, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგი. თავის მხრივ კი, ხელისუფლებამ უნდა დადოს პირობა, რომ თუ ამ კომისიამ არჩევნების გაყალბება დაადასტურა, ისინი რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდებიან.
„ამ კრიზისის საპარლამენტო კედლებში გადატანა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება და მინიმუმ, გაზაფხულამდე გადავა. მთავარია, გამოსავალი რაში მოიძებნება. ფაქტი ერთია, რაღაცაზე აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ. ველოდები იმ იშვიათ მოვლენას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ელიტის მხრიდან, სახელმწიფო ინტერესების საკუთარ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოზე წინ დაყენება ჰქვია. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ“, - აცხადებს ხუხაშვილი for.ge-სთან.
პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი for.-ge-სთან ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებიდან მას პოზიტიური შედეგების იმედი არა აქვს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ თავი ჩიხში თავადვე შეიყვანა და ამ სიტუაციიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდება თუ ულტიმატუმის ენით საუბარს თავს არ დაანებებს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიციას თავიდანვე რადიკალური ნაბიჯები არ უნდა გადაედგა, რადგანაც უკან დასახევი მოიჭრა და ახლა ამომრჩევლის წინაშეც მორალური პასუხისმგებლობა აკისრია.
„მართალი გითხრათ, ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ. ოპოზიციას თავიდნავე რადიკალური განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა, რათა შემდეგ მისივე ტყვე არ გამხდარიყო.
ოპიზიცია ამბობს, რომ მოლაპარაკებას იმ შემთხვევაში დავთანხმდებით თუ თამარ ჟვანია გადადგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებაო. ასეთმა რადიკალურმა განცხადებამ ოპიზიციას ხელ-ფეხი შეუკრა. ხისტი პოზიციის მძევლებად იქცნენ. ძალიან კარგად ვხედავდი, რომ ეს იყო პოზიცია, რომელიც წარმატებით არ დასრულდებოდა. პოლიტიკოსებს შედეგის დადება ევალებათ. თუ მასობრივი პროტესტის ორგანიზება არ შეგიძლია, მაშინ მანევრირებისთვის გზები უნდა დაიტოვო. ახლა ამ აქციების დროს ზოგი დაიჭირეს, ზოგი ცემეს და ამ ხალხს კითხვა უჩნდება, თუ მოლაპარაკებას აპირებდით თქვე კაი ხალხო, რაღას დაგვარბენინებდითო“, - ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ოპოზიციას გათვლა ჰქონდა, რომ ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები დაიწყებოდა. ამის პარალელურად კი, ხელისუფლებას დასავლეთი წნეხის ქვეშ მაოქცეევდა. თუმცა შეცდნენ, არც ერთი მოხდა და არც მეორე. ამიტომ საბოლოო ჯამში მიხვდნენ, რომ გამოსავალი აღარ აქვთ. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს უთხრა, შენი წადი და ჩვენ უნდა მოვიდეთო, ამას კი მხადაჭერა არც ერთი მხრიდან არ მოჰყვა, ამიტომაც ჩიხში შევიდნენ და გამოსავალს ეძებენ.
„ივანიშვილს მხოლოდ ორი რამ აშინებს, დასავლეთის ზეწოლა და ხალხის ქუჩაში მასობრივი გამოსვლა. არც ერთი მოხდა და არც მეორე. კარგი გადაითვალეს ხმები, „ოცნებამ“ 43%-ი აიღოს, მერე? -მეორე ტურებია და უმრავლესობას მაინც აიღებს. ოპოზიციამ უკან დასახევი ხიდი დაწვა და თუ პარლამენტში შევლენ ეს მათთვისაც დიდი წნეხი და მორალური ზიანი იქნება. ხალხს ქუჩაში ვეღარ გამოიყვანს. არ შევლენ და ქვეყანაში კრიზისი იქმნება“, - ამბობს ზურაბიშვილი for.ge-სთან.