„გრიგოლ ვაშაძის განცხადების შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ შავმა კატამ გაირბინა ოპოზიციის შიგნით, მაგრამ შავი კნუტი კი ნამდვილად გამოჩნდა - ყველა კნუტი კი ბოლოს კატა ხდება“

„გრიგოლ ვაშაძის განცხადების შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ შავმა კატამ გაირბინა ოპოზიციის შიგნით, მაგრამ შავი კნუტი კი ნამდვილად გამოჩნდა - ყველა კნუტი კი ბოლოს კატა ხდება“

„დღეს უკვე ფული არ არის მთავარი, დღეს მთავარია, ვის უფრო მტკიცე ნერვები აქვს, ვინაიდან მმართველი პარტიისთვის ერთპარტიული პარლამენტი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

ოპოზიციონერთა ნაწილი თვლის, რომ ისინი „ვარდების რევოლუციის თაობა“ არიან, ამიტომაც სიყალბეს არ მიიღებენ და დაუმორჩილებლობას აცხადებენ. არც ხელისუფლებაა პასიურად და, როგორც ჩანს, კულუარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ოპოზიციასთან. შეძლებს კი ხელისუფლება, გაყოს ოპოზიცია და ზოგიერთი მათგანი პარლამენტში შეიყვანოს, როგორც ამას ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ ნაცმოძრაობას დიდი ფული აქვს დახარჯული არჩევნებზე და ისინი პარლამენტში აუცილებლად შევლენ? პროცესები ქუჩაში გადაწყდება, თუ პარლამენტს შიგნით?

- ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის ერთიანობაზე. კი, ფული ყველა პარტიას აქვს დახარჯული, მაგრამ, თუ ოპოზიციაში ერთობა იქნება, მთავრობა იძულებული გახდება, ცესკოს შემადგენლობა შეცვალოს და ახალი არჩევნები დანიშნოს, მაშინ უფრო მეტ ხმას მიიღებენ და დახარჯული ფულიც არ დაეკარგებათ. ხოლო, თუ ოპოზიციაში ბზარი გაჩნდა, მაშინ პროცესები სხვაგვარად წარიმართება. გრიგოლ ვაშაძის განცხადების შემდეგ, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს, ვერ ვიტყვი, რომ შავმა კატამ გაირბინა ოპოზიციის შიგნით, მაგრამ შავი კნუტი კი ნამდვილად გამოჩნდა. ყველა კნუტი კი ბოლოს კატა ხდება.

გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკაში გამოუცდელი არაა, ალბათ, მისი მხრიდან ეს შემთხვევითი წამოცდენა არ იქნებოდა?

- გრიგოლ ვაშაძე უფრო რეალისტია, მან იცის, რომ აქ ძალზე  დიდი რისკია, შეიძლება ოპოზიციამ ჯეკპოტი უცბად მოხსნას და ყველაფერი მიიღოს, ან ყველაფერი დაკარგოს, რადგან ოთხი წლის შემდეგ ეს ოპოზიცია როგორ იქნება, თანაც უფულოდ, ძნელი სათქმელია. ახლო წარსულის ისტორიული გამოცდილება ჩვენი ოპოზიციის სტაბილურ სიმტკიცეზე არ მიგვანიშნებს, ხან საგურამოში იფიცებოდნენ, ხან მამა დავითზე ადიოდნენ, იქ დებდნენ ფიცს და, საბოლოო ჯამში, რა გამოდიოდა, ყველა ვხედავდით.

დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ძირითადად ორი ფული ტრიალებს - ივანიშვილის და სააკაშვილის. ახლა მთავარია, რომელი გადაწონის ოპოზიციის გადასაბირებლად?

- დღეს უკვე ფული არ არის მთავარი, დღეს მთავარია, ვის უფრო მტკიცე ნერვები აქვს, ვინაიდან მმართველი პარტიისთვის ერთპარტიული პარლამენტი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია. მაინც იმის იმედი მაქვს, ჩვენი დასავლელი მეგობრები კიდევ ერთხელ შეკრებენ ორივე ჯგუფს მოლაპარაკების მაგიდასთან. პირველ შემთხვევაში, კომპრომისის ველი ფართო იყო, ვგულისხმობ მაჟორიტარების შემცირებას, მაგრამ დღეს კომპრომისის მასშტაბები ძალზე ეფემერულია. მმართველი პარტიისთვის გაყალბების აღიარების ტოლფასად შეიძლება იქცეს ცესკო-ს შემადგენლობის მთლიანი გაყრა, თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით. თუ იძახიან, რომ დემოკრატიულად ჩაატარეს არჩევნები, მაშინ თამარ ჟვანიას ორდენი და პრემია უნდა მისცენ, მაგრამ, თუ გააგდეს, ეს გაყალბებაზე მიანიშნებს და დასავლელი პარტნიორებისთვისაც ეს უკვე სხვა მოცემულობას შექმნის. ხელახალი არჩევნების ჩატარებას რაც შეეხება, ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ მიერ უკვე ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად უნდა იყოს ცნობილი. არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას და მეორე არჩევნებს რა მოჰყვება, ჩვენ ეს შევარდნაძის არჩევნების დროს ვნახეთ 2002-ში, ელემენტარულად, ხელისუფლების დაცემა მოხდა. ამიტომ ახლა კომპრომისი და სახის შენარჩუნება ძალიან ძნელია. ვერ წარმომიდგენია, რა სახის კომპრომისი შეიძლება მოხდეს. შეიძლება, მხოლოდ პოზიციების დათმობაზე იყოს საუბარი. შეიძლება, დასავლელ მოკავშირეებს აქვთ რაიმე გეგმა თავიანთ პორტფელში, რადგან თბილისში აკრედიტებული ევროპელები უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან დიპლომატიის სფეროში, მათ უკვე რაღაც მონახაზები ექნებათ. გასაგებია, ოპოზიციისგან მოითხოვენ, შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ რის სანაცვლოდ? უბრალოდ, კაპიტულაციის სანაცვლოდ? ეს უკვე დიპლომატია აღარ არის. თუმცა ევროპელი დიპლომატები მაინც ევროპელი დიპლომატები არიან და მათ შეიძლება „მოდუს ვივენდი“ გამოძებნონ. ოპოზიციამ ამდენი ხალხი გამოიყვანა რუსთაველზე, ასეთ ამინდში, კორონავირუსის პირობებში და ახლა აღარ შეუძლიათ უკანდახევა და იმის თქმა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ არ გამოგვივიდაო. სახის დაკარგვა არავის სურს, მაშინ ოპოზიციას ვინღა დაუჯერებს?

ბოლო დროს ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან რევოლუციურ სცენარზე ამახვილებს ყურადღებას, ამას დაემატა ჩანაწერები, სააკაშვილის ბიძის მონაწილეობით და სააკაშვილის მოწოდება, რომ სამართალდამცავებს სახლებში „ეწვიონ“, ამხილონ და შეაგონონ ისინი.

- ეს უკვე ფოლკლორია. სამართალდამცავებს სახლში მიუვარდნენ, ასე ხომ არ არის? სახლში მივარდნისთვის სპეციალურ კოდექსში სისხლის სამართლის მუხლია, რისთვისაც წავლენ ციხეში.

მაშინ რატომ აკეთებს ასეთ მოწოდებებს სააკაშვილი?

- არ ვიცი, ეს მან უნდა გიპასუხოთ.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „დაინფიცირებულ სულს დაინფიცირებული სხეული სჯობს“, ანუ კორონაპანდემიის მიუხედავად, საპროტესტო აქციაზე გამოსვლას ურჩევს ხალხს. სადამდე ეყოფათ რესურსები?

- ნინო ბურჯანაძეს ადრე იმდენჯერ გაუყალბეს არჩევნები, რომ, ჩემი აზრით, ახლა, თუ გნებავთ, უნდა წაემატებინათ მისთვის ხმები, რადგან ნინო ბურჯანაძე პარლამენტს გარეთ ნონსენსია, ქვეყნის ერთ-ერთი მძიმე წონოსანი პოლიტიკოსი პარლამენტს გარეთ რჩება. ძნელი დასაჯერებელია, რომ ის ნაკლებ ხმებს ღებულობს მაშინ, როცა ბურჯანაძის გარდა ლამის ყველა პარტია გავიდა პარლამენტში, ვინც კი ღებულობდა არჩევნებში მონაწილეობას, ორი კვირის შექმნილი პარტიები გავიდნენ და ნინო ბურჯანაძე, ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, ვერ გავიდა. რაც შეეხება რევოლუციურ სცენარს, საამისო მუხტი არ არის. მაქსიმუმ მშვიდობიანი პროტესტი, გამოსვლა და შეკრება რუსთაველზე.

სააკაშვილი ისევ აქტიურად სთავაზობს თავს ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ ისტორიული გამოცდილება, ალბათ, არ გვეუბნება, რომ ორჯერ შეიძლება რევოლუციის ლიდერი გახდე და ეიფორიულ ტალღაზე მოხვიდე ხელისუფლებაში.

- დიახ, ასე არ ხდება, დღეს არ არის ის პირობები, მე სულ მჯეროდა, რომ „ოცნება“ არ დათმობდა ხელისუფლებას და ბრძოლა იქნებოდა უკანასკნელ ჯარისკაცამდე, უკანასკნელ ხმამდე. რა გაყალბდა, როგორ გაყალბდა, მე ვერ ვიტყვი დაბეჯითებით, რადგან თბილისში არ ვარ, 40 კილომეტრით ვარ თბილისიდან დაშორებული, ტელევიზორს ვუყურებ, რა იურიდიული უფლება და მტკიცებულებები მაქვს, გაყალბებაზე ვისაუბრო, მაგრამ, მეორე მხრივ, თვით „პატრიოტებიც“ კი რომ მოიმდურეს, ეს უკვე კითხვებს ბადებს. ყოველ შემთხვევაში, ერთპარტიული პარლამენტი 21-ე საუკუნეში ქვეყნისთვის, რომელსაც პრეტენზიები აქვს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს, არ არის სასურველი. ხრუშჩოვის არ იყოს, „დღევანდელი თაობა კომუნიზმში იცხოვრებსო“, ერთპარტიული პარლამენტით ვერც ნატოში შევალთ, ვერც ევროკავშირში.

 

 

ლევკოთეა და მოხუცმა კატამ რომ დაანებოს ექპერტობას თავი, ამდენი უაზრობა რომ არ ილაპარაკოს, ეგ ვარიანტი არ განიხილება?
4 წლის უკან