მედია: დონალდ ტრამპი ციფრული ტელეარხის შექმნას განიხილავს

მედია: დონალდ ტრამპი ციფრული ტელეარხის შექმნას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ციფრული ტელეარხის შექმნას განიხილავს, რომელიც კონკურენციას გაუწევს Fox News-ს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Axios-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები ტელეკომპანია Fox News-ს აკრიტიკებდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Fox News-მა არიზონის შტატში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.

წყაროების ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ციფრული არხის ამოქმედებას განიხილავს, რომელიც ინტერნეტით იმაუწყებლებს.

მანამდე კი ამერიკულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

საინფორმაციო პორტალი Axios-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს განუცხადა, რომ ამგვარ შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც Aხიოს-ი აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგის მიუხედავად, დონალდ ტრამპს „რესპუბლიკური პარტიის“ შიგნით დიდი გავლენა ექნება.

წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.

9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.