რუსული სამშვიდობო ძალების კონტინგენტი სტეფანაკერტში შევიდა

რუსული სამშვიდობო ძალების კონტინგენტი სტეფანაკერტში შევიდა

რუსული სამშვიდობო ძალების კონტინგენტი ქალაქ სტეფანაკერტში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყარაბაღში შეხების ხაზის გასწვრივ სრულად დაცულია.

„დღეს, 12 ნოემბერს, რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტინგენტის მოწინავე დანაყოფები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების კონტროლს შეუდგნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყარაბაღში შეხების ხაზის გასწვრივ სრულად დაცულია“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.